ახალი ამბები

სეპარატისტულ აფხაზეთში რეფერენდუმთან დაკავშირებულ პროტესტს შინაგან საქმეთა მინისტრის უფლებამოსილების შეჩერება მოყვა

სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერს რაულ ხაჯიმბას შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობრივი უფლებამოსილების შეჩერება მოუწია ოპოზიციის პროტესტის შედეგად, რომლის დროსაც დემონსტრანტებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის შტურმით აღება სცადეს სოხუმში.

სამინისტროსთან ეს შეტაკებები, რომლის დროსაც ოცამდე ადამიანს დასჭირდა საავადმყოფოში გადაყვანა, 5 ივლისს, ხუთი დღით ადრე მოხდა დაგეგმილ რეფერენდუმამდე, რომლის მიზანია გადაწყვიტოს სეპარატისტულ რეგიონში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება-არ ჩატარების საკითხი.

აფხაზეთის ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ 1 ივნისს ხელი მოაწერა განკარგულებას  რეფერენდუმის დანიშვნის თაობაზე, რასაც დაახლოებით სამი თვით ადრე წინ უძღოდა ოპოზიციის მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეფერენდუმის მოთხოვნით პეტიციის წარდგენა.

თუმცა 5 ივლისს ოპოზიციური პარტია „ამცახარას“ წევრებმა და მხარდამჭერებმა საპროტესტო აქცია მოაწყვეს ხელისუფლების მიმართ მოთხოვნით, რომ რეფერენდუმი შემოდგომისთვის გადადებულიყო იმ მოტივით, რომ საკმარისი დრო არ იყო 10 ივლისს დანიშნულ კენჭისყრისთვის მოსამზადებლად.

ოპოზიცია ასევე ითხოვდა დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრის ლეონიდ ძიაფშბას თანამდებობიდან გათავისუფლებას, რომელსაც იმის გამო აკრიტიკებდნენ, რომ ვერ გაუმკლავდა კრიმინალს და ასევე ბრალს სდებდნენ იმაში, რომ ზეწოლას ახდენდა საკუთარ თანამშრომლებზე, რათა მათ მონაწილეობა არ მიეღოთ რეფერენდუმში. ამომრჩეველთა ნახევარზე მეტის მონაწილეობაა საჭირო იმისთვის, რომ რეფერენდუმი შედგეს. 

ძიაფშბა გასული თვის ბოლოს სკანდალში გაეხვა მას შემდეგ, რაც ფარულად ჩაწერილი აუდიო მასალა გავრცელდა, რომელშიც სავარაუდოდ შინაგან საქმეთა მინისტრი ემუქრება თავისივე უწყების მაღალჩინოსნებს და თანამშრომლებს სამსახურებიდან დათხოვნით იმ შემთხვევაში, თუ ისინი ან მათი ოჯახის წევრები რეფერენდუმში მიიღებენ მონაწილეობას.

ოპოზიციის სხვა მოთხოვნები იყო ხმის მიცემის უფლების მინიჭება ვადაგასული პასპორტების მქონე ამომრჩევლებისთვის და სახელმწიფო ტელევიზიაში ოპოზიციისთვის რეგულარული საეთერო დროის გამოყოფა, როგორც ამის შესახებ რადიო „თავისუფლების“ რუსულენოვანი ბიურო „ეხო კავკაზა“ იტყობინება.

ოპოზიციური პარტია ასევე ითხოვდა საარჩევნო უბნის გახსნას მოსკოვში და ასევე ქალაქ ჩერქესკში, აფხაზეთის მეზობელ ყარაჩაი-ჩერქეზეთში.

იმავდროულად, სეპარატისტული მთავრობის მხარდამჭერებიც შეიკრიბნენ დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან. 

ოპოზიციის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების დროს ხელისუფლება ზოგი მათი მოთხოვნის დაკმაყოფილებას დათანხმდა, თუმცა ხაჯიმბამ კატეგორიული წინააღმდეგობა გაუწია რეფერენდუმის გადადების საკითხს. გასულ თვეს, რეფერენდუმის დანიშვნის დროს ხაჯიმბა ამბობდა, რომ რეფერენდუმის ჩატარება ოპოზიციის რეალური განზრახვა არ ყოფილა; მისი თქმით, ოპოზიცია იმედოვნებდა, რომ ის უარს ეტყოდა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რასაც შემდეგ ისინი ქუჩის აქციებისა და „დესტაბილიზაციისთვის“ გამოიყენებდნენ – ეს მოსაზრება რამდენჯერმე გაიმეორა ხაჯიმბამ 5 ივლისის მოვლენების შემდეგაც.

საპროტესტო აქციის რამდენიმე ასეული მონაწილე დაიძრა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობისკენ, სადაც მათ დაამტვრიეს რკინის ღობე და შეიჭრნენ ეზოში; სამართალდამცავებმა შეძლეს მათი შეჩერება, რათა უშუალოდ სამინისტროში არ შეჭრილიყვნენ.

სეპარატისტული რეგიონის ჯანდაცვის მინისტრის ანზორ გოოვის ინფორმაციით, 19 ადამიანი გადაიყვანეს სავადმყოფოში – სამი მათგანი ცეცხლნასროლი ჭრილობებით, საიდან ერთი სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომელი იყო, სააგენტო „აფსნიპრესის“ თანახმად. მინისტრის თქმით, 6 ივლისისთვის შვიდი ადამიანი კვლავ საავადმყოფოში იმყოფებოდა.

არეულობა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ღამემდე გაგრძელდა და აქციის მონაწილეები მხოლოდ მას შემდეგ დაიშალნენ, რაც შეიტყვეს ხაჯიმბას გადაწყვეტილების შესახებ, რომელმაც შინაგან საქმეთა მინისტრს დროებით, მანამ შეუჩერა უფლებამოსილება, სანამ პროკურატურა არ გამოიძიებს მის მიმართ არსებულ ბრალდებებს თანამშრომლებზე განხორციელებული ზეწოლის თაობაზე.

„დღეს ჩვენ ვდგავართ ზღვარზე, რომლის იქითაც ქაოსი და ნგრევაა“, – განაცხადა რაულ ხაჯიმბამ 5 ივლისს მოსახლეობისადმი თავის წერილობით მიმართვაში.

მისი თქმით, ყოფილი სახელისუფლებო ძალები, რომლებიც „უკანონობასა და კორუფციაში“ იყვნენ ჩაფლულნი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ახლა „შურისძიებით“ არიან შეპყრობილნი და „არეულობის გამოწვევას“ ცდილობენ.

„ზოგიერთი პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოძრაობის ქმედებები დესტაბილიზაციისკენაა მიმართული, რამაც შეიძლება ჩვენი სახელმწიფოებრიობის ნგრევა გამოიწვიოს“, – განაცხადა ხაჯიმბამ.

6 ივლისს ცალკე გამოსვლაში, რომლითაც მან თავის ადმინისტრაციასთან შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართა,  ხაჯიმბამ გაიმეორა, რომ არ აპირებს რეფერენდუმის თარიღის შეცვლას და კენჭისყრა კვლავაც 10 ივლისს გაიმართება.

თუმცა დე ფაქტო ხელისუფლებამ ოპოზიციის ზოგიერთი სხვა მოთხოვნა დააკმაყოფილა, მათ შორის ხმის მიცემის ნება დართო ვადაგასული პასპორტის მქონე მოქალაქეებს.

მსგავსი/Related

Back to top button