ახალი ამბები

პარტია ქართული ოცნება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად გიგი წერეთლის მხარდაჭერის საწინააღმდეგოდ არჩევნებსაც ასახელებს

ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობის ოპოზიციონერი დეპუტატის გიგი წერეთლის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად არჩევა უარყოფითად იმოქმედებს მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე ასამბლეის სადამკვირვებლო როლზე.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25–ე ყოველწლიური სესია, რომელიც თბილისში 1 ივლისს გაიხსნა, 5 ივლისს ასამბლეის პრეზიდენტის არჩევით დასრულდება.

დეპუტატი გიგი წერეთელი, რომელიც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რვა ვიცე–პრეზიდენტიდან ერთ–ერთია, ასამბლეის პრეზიდენტობის კანდიდატია ავსტრიელ სოციალურ–დემოკრატიული პარტიიდან, დეპუტატ კრისტინ მუტონენთან ერთად. საქართველოს დელეგაციის წევრები ქართული ოცნებიდან მუტონენის კანდიდატურას უჭერენ მხარს და ამის მიზეზად სოციალ-დემოკრატიულ პოლიტიკურ ოჯახთან ქართული ოცნების კავშირს ასახელებენ.

3 ივლისს გავრცელებულ წერილობით განცხადებაში ქართულმა ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ ასევე განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის ამ თანამდებობაზე არჩევას შეიძლება „ინტერესთა კონფლიქტი“ მოყვეს.

„2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ერთ-ერთ მთავარ სადამკვირვებლო მისიას წარმოადგენს, ხოლო გიგი წერეთელი ამ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე მხარეა. შესაძლოა გაჩნდეს განცდა, რომ საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში მას ექნება შესაძლებლობა, რაიმე ფორმით გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგების შეფასებაზე. მიგვაჩნია, რომ სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი“, – განაცხადა მმართველმა პარტიამ.

დაადანაშაულა რა ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ხელისუფლებაში „რევოლუციური სცენარით“ მოსვლის განზრახვაში იმ საუბრებიდან გამომდინარე, რომლის მონაწილეც შარშან ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო, ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიზანია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დელეგიტიმაცია უკანონო და ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით“.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის არჩევამ საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე შეიძლება ჩრდილი მიაყენოს ეუთოს სადამკვირვებლო მისიის შედეგების ობიექტურად და დაბალანსებულად აღქმას. ჩვენ ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ ნაციონალურ მოძრაობას ავტორიტარული მმართველობის რამდენიმეწლიანი ისტორია ამძიმებს, მათ შორის წამების, საკუთრების ხელყოფის, შანტაჟის, გამოხატვის თავისუფლების და თავისუფალი მედიის ჩახშობის, პოლიტიკური ძალადობის სხვადასხვა ფორმების გამოყენება, რაც შეუთავსებელია ეუთოს ღირებულებებსა და სტანდარტებთან“, – ნათქვამია განცხადებაში.

პარტიამ ასევე განაცხადა, რომ წერეთლის არჩევა საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად „უფრო მეტ კითხვას გააჩენს ქართულ საზოგადოებაში, ვიდრე სარგებელს მოუტანს მას“. ქართულმა ოცნებამ მოუწოდა საპარლამენტო ასამბლეის წევრებს, „გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინონ აღნიშნული გარემოებები“.

გიგი წერეთელმა პარტია ქართული ოცნების არგუმენტებს და ბრალდებებს მისი, ნაციონალური მოძრაობის და ევროპის სახალხო პარტიის წინააღმდეგ, რომელმაც ის ამ თანამდებობაზე ასარჩევად წარადგინა, „სამარცხვინო“ კამპანია უწოდა და დასძინა, რომ მისთვის უცნობია, თუ რატომ ეშინია ქართულ ოცნებას ასე მისი გაპრეზიდენტების.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) საჭიროებების შემფასებელმა მისიამ რეკომენდაცია მისცა ეუთოს წევრ სახელმწიფოებს, რომ 8 ოქტომბრის არჩევნებზე დასაკვირვებლად საქართველოში 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი გამოაგზავნონ.

OSCE/ODIHR–ის 290 დამკვირვებელთან ერთად, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 53 წევრი და თანამშრომელი ახორციელებდა მონიტორინგს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button