skip to content
ახალი ამბები

საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს ლიდერები ეუთოს გარდაქმნისკენ მოუწოდებენ

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესიის გახსნით სხდომაზე საქართველოს ხელმძღვანელობამ ეუთოს „გარდაქმნის“ საჭიროებას გაუსვა ხაზი ევროპის უსაფრთხოების მზარდი გამოწვევების ფონზე.  

თბილისი 1–5 ივლისს პირველად მასპინძლობს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25–ე ყოველწლიურ სესიას. სესია ასამბლეის უმსხვილესი ყოველწლიური შეკრებაა, რომელშიც 57 წევრი სახელმწიფოს 320–ზე მეტი დეპუტატი მონაწილეობს.

პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა 1 ივლისს ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას, რომ ეუთოს გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი არასრულყოფილია, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ საჭიროა, რომ ეუთო უფრო ეფექტური გახდეს უსაფრთხოების საფრთხეებთან გასამკლავებლად.

„სამწუხაროდ, ევროპული უსაფრთხოების თვალსაზრისით, დღეისათვის არსებული რეალობა საკმაოდ მძიმეა. რეგიონში განვითარებული მოვლენების შედეგად საფრთხე დაემუქრა ევროპის უსაფრთხოების ფუნდამენტურ პრინციპებს“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა.

„მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად საქმე გვაქვს ძალის გამოყენებით ევროპული სახელმწიფოს საზღვრების ცვლილების მცდელობასთან“, – განაცხადა მან.

„ამ დროს ეუთოს ძალისხმევა პრაქტიკულად პარალიზებულია გადაწყვეტილების მიღების მექანიზმის არასრულყოფილების გამო“, – განაგრძო მან, „იქმნება პარადოქსული ვითარება, როცა საყოველთაო მიუღებლობისა და პროტესტის მიუხედავად, პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა ვერ ხერხდება“.
 „ეს მთლიანად ეხება საქართველოში შექმნილ ვითარებასაც. დღეს ჩვენს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების მიუხედავად, საქართველოში ეუთოს მისია აღარ არსებობს. დამეთანხმებით, ამგვარი ვითარება სრულიად მიუღებელია“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

ეუთოს მისიას საქართველოში საქმიანობის დასრულება 2009 წლის ივნისში მოუხდა მას შემდეგ, რაც ვერ მოხერხდა მის მანდატზე შეთანხმება, რუსეთის მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების აღიარების შემდეგ. მაშინ რუსეთმა უარყო ეუთოს მაშინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, საბერძნეთის ინიციატივა, რომელიც ე.წ. „ნეიტრალური სტატუსის“ ფორმულას ეფუძნებოდა და რომელშიც არ იყო ნახსენები არც საქართველო და არც მისი სეპარატისტული რეგიონები, სტატუსზე დავის თავიდან აცილების მიზნით.

„ამასთან, ეუთოს სივრცე და კერძოდ, სამხრეთ კავკასიის რეგიონი აღმოჩნდა ჩვეულებრივი შეიარაღების შემზღუდავი საერთაშორისო მექანიზმების გარეშე. შედეგად მივიღეთ შეიარაღების უკონტროლო ზრდა სამხრეთ კავკასიაში“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა, რომელსაც მხედველობაში ჰქონდა რუსეთის გამოსვლა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულებიდან.  

„სიტუაციის სტაბილიზება და შემდგომი გართულების თავიდან აცილება მხოლოდ ყველა საერთაშორისო მექანიზმით, მათ შორის, უპირველესად, ეუთოს აქტიური ჩართულობით არის შესაძლებელი. ამისათვის ორგანიზაციას სასწრაფო და ეფექტური გარდაქმნა სჭირდება“, – განაცხადა პრემიერმა კვირიკაშვილმა.             

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ არსებული უსაფრთხოების გამოწვევები ხაზს უსვამს ეუთოს შემდგომი ტრანსფორმაციის აუცილებლობას, რათა „იგი უფრო ეფექტურად გაუმკლავდეს უსაფრთხოების და თანამშრომლობის მზარდ დეფიციტს“.

„ამ მოსაზრებისკენ კი საქართველოს მაგალითი გვიბიძგებს – ეუთომ არა თუ ვერ შეძლო 2008 წლის აგვისტოში რუსეთის აგრესიის შეჩერება, არამედ თავად აღმოჩნდა განდევნილი საქართველოს ტერიტორიიდან. სამხრეთ ოსეთიდან მშვიდობიანი მოსახლეობის წმენდას, თბილისიდან ეუთოს ოფისის წმენდა მოყვა – ეს დასაფიქრებელი შემთხვევაა იმისათვის, რომ ვიფიქროთ ორგანიზაციის მისიის აუცილებელ ტრანსფორმაციაზე. მოხარული ვიქნებით, თუ საქართველოს ეს შემთხვევა იქნება მაგალითი იმისა, რომ საჭიროა წინსვლა და სხვა სტანდარტების დამკვიდრება“, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
თავის გამოსვლაში პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა „იზოლაციონიზმის“ ტენდენციის წინააღმდეგ.

„ძალიან ცდება ყველა ვინც გლობალიზებული პრობლემების მოგვარებას იზოლაციური მიდგომებით ცდილობს. ამით მივიღებთ იმას, რომ გლობალურ საფრთხეებთან მარტო აღმოვჩნდებით და უფრო სწრაფად დავმარცხდებით“, – განაცხადა უსუფაშვილმა. 

„ამას ვეუბნები ჩვენს ბრიტანელ კოლეგებს ერთი მიზეზის გამო და ამას ვეუბნები რუს კოლეგებს სრულიად სხვა მიზეზის გამო. ჩვენ ერთად ინტეგრირებული თანამშრომლობით უნდა გავუმკლავდეთ ყველა საფრთხეს“, – განაცხადა მან.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ასამბლეის სხდომაზე  თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიები კვლავ ოკუპირებული და განცალკევებულია დანარჩენი საქართველოსგან გამყოფი ხაზებით, რაც მოქალაქეებს თავისუფლად გადაადგილების საშუალებას არ აძლევს.

რუსეთის შესახებ საუბრისას, პრემიერ–მინისტრმა კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა 2012 წლის ბოლოდან ცდილობს რუსეთთან ურთიერთობების „დე-ესკალაციას და ნორმალიზებას“, რასაც სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა მოყვა.

„ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ ეს კურსი და დიალოგი რუსეთთან“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა, „სამწუხაროდ, რუსეთის მიმართ ამგვარი პრაგმატული კურსის მიუხედავად, სერიოზულ საფრთხეებს ვაწყდებით აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ – ხდება ხელოვნური ბარიერების აღმართვა და მიმდინარეობს ოკუპირებული რეგიონების მილიტარიზაცია, რაც აშორებს ადამიანებს და უარყოფითად აისახება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პერსპექტივაზე“.  

„საქართველომ აიღო ძალის არგამოყენების ცალმხრივი ვალდებულება და დღემდე ველით საპასუხო ნაბიჯს რუსეთის მხრიდან; რუსეთმა უნდა შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“, – განუცხადა პრემიერ–მინისტრმა ასამბლეას, რომლის სხდომაზეც რუსეთის დელეგაციაც იმყოფებოდა.

იმ საკითხებს შორის, რომელთა განხილვაც თბილისში მიმდინარე საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე იგეგმება, არის უკრაინის შესახებ რეზოლუციის პროექტი, ფუნდამენტური თავისუფლებები ყირიმში, კონფლიქტები საქართველოში, ტრანსნაციონალური ტერორიზმი, კლიმატის ცვლილება, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და ლტოლვილთა უფლებები.

მსგავსი/Related

Back to top button