ახალი ამბები

სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებული ცვლილებების მიღება გაჩერდა

24 ივნისს საგაზაფხულო სესია ისე იხურება, რომ საქართველოს პარლამენტმა საერთო სასამართლოების რეფორმის შესახებ კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც ორი მოსმენით უკვე მიღებულია და სხვა საკითხებთან ერთად, საქმეთა ელექტრონული განაწილების წესის შემოღებას ითვალისწინებს, არ მიიღო.

იუსტიციის სამინისტროს ავტორობით მომზადებული, 11 კანონპროექტისგან შემდგარი ამ პაკეტის ინიცირება 2015 წლის ივლისში მოხდა. თუმცა პირველი მოსმენით პარლამენტმა ის მხოლოდ 2016 წლის 19 თებერვალს მიიღო, ხოლო მეორე მოსმენით 27 აპრილს უყარა კენჭი გარკვეული სახეცვლილებით. პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვის საკომიტეტო ვიზირება მაისის დასაწყისში მოხდა. 25 – 27 მაისის პლენარული სხდომების კვირიდან მოყოლებული კი ის დღის წესრიგშია შეტანილი, თუმცა უკვე სამი პლენარული კვირის განმავლობაში განუხილველი რჩება.

24 ივნისს როდესაც პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა კიდევ ერთხელ იკითხა სასამართლო რეფორმის „მესამე ტალღის“ სახელით ცნობილი ამ პაკეტის განხილვის გეგმებზე, ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს ფრაქციის ლიდერმა გია ვოლსკიმ უპასუხა, რომ ამ თემაზე „დაპირისპირებული მდგომარეობაა“ როგორც „შიგნით“, ისე „გარედან, ამდენი შემოთავაზებები და წინადადებებია“.

„საქმე იმაშია, რომ რაღაცა განსხვავებული პოზიციები არსებობს“, – განაცხადა დეპუტატმა ვოლსკიმ, „ვერ მოვხსენით რა წინააღმდეგობები და მე ვამბობ, რომ იქნება როგორმე გადავდოთ კიდევ, ან სექტემბრამდე მივიტანოთ ეს საკითხი“.

„ჩვენ ვსაუბრობთ მესამე მოსმენამდე მიყვანილ კანონპროექტზე, ამიტომ ამ კანონში ვერაფერს ვეღარ შევცვლით  – ის ან უნდა მივიღოთ რედაქციული, ტექნიკური შესწორებით ან არ უნდა მივიღოთ. ეს იქნება აგვისტოში, სექტემბერში თუ ივნისში, მდგომარეობა ასეთია“, – იყო უსუფაშვილის რეპლიკა.

„თუ ნაბიჯები არ გადავდგით, ჩვენ ვერაფერს ვერ ვიზამთ, სექტემბერში ისევ მოვალთ აქ და ა.შ., მაგრამ ისიც მესმის, რომ ძალით ვერ გამოვიტანთ კანონპროექტს“, – განაცხადა უსუფაშვილმა, რომლის ინფორმაციითაც, პარლამენტმა შესაძლოა სექტემბრის დასაწყისშიც გამართოს ბოლო სხდომა, ვიდრე 8 ოქტომბრის არჩევნებამდე ერთი თვით ადრე მუშაობას შეწყვეტს.

„თუმცა ეს პოლიტიკურად დამაზარალებელი თემა არის სისტემისთვისაც და ჩვენთვისაც. მე მგონი, ეს ყველას გააზრებული გაქვს“, – დასძინა მან.

საქართველოს ხელისუფლებას სასამართლო სისტემის რეფორმების მესამე ტალღის განხორციელებისკენ ამერიკელმა პარტნიორებმა მოუწოდეს იმ შეხვედრის ფარგლებში, რომელიც 21 ივნისს თბილისში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში მოქმედი დემოკრატიის და კარგი მმართველობის სამუშაო ჯგუფმა გამართა.

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ, რომელსაც დავით უსუფაშვილმა მიმდინარე კვირაში მოუწოდა განემარტა ცვლილებების მიღების შეყოვნების ირგვლივ არსებული ვითარება, 24 ივნისს Civil.ge-ს განუცხადა, რომ ამის მიზეზი ის არის, რომ „პარლამენტში არ არის საკმარისი რაოდენობის ხმები“ ამ პაკეტის მისაღებად.

„კენჭისყრაზე რომ დამდგარიყო, ორგანული კანონი [საერთო სასამართლოების შესახებ, რომლის მიღებასაც 76  ხმა სჭირდება] ჩავარდებოდა. ეს არის მიზეზი“, – აღნიშნა მან.

Civil.ge-ს კითხვაზე, თუ რომელია ის შეუთანხმებელი საკითხები, რის გამოც საკმარისი ხმების შეგროვება ვერ ხერხდება, ალექსანდრე ბარამიძემ უპასუხა: „რამდენიმე დეპუტატი მხარს არ უჭერს სასამართლოს თავმჯდომარეების დანიშვნის წესს. ისინი ამბობენ, რომ მხარს არ დაუჭერენ მთელ პაკეტს, თუ მათი მოთხოვნა ამ საკითხში არ იქნა დაკმაყოფილებული“.

მათი მოთხოვნა, მისი ინფორმაციით, არის, რომ სასამართლოს თავმჯდომარეები წილისყრით იქნენ არჩეულები. ზოგიერთმა დეპუტატმა უთანხმოების მიზეზებზე საუბარი არ ისურვა.

პაკეტის თავდაპირველ ვერსიაში სასამართლოს თავმჯდომარეების თანამდებობა არჩევითი ხდებოდა და ისინი მოსამართლეებს 3 წლის ვადით ფარული კენჭისყრით თავად უნდა აერჩიათ. თუმცა პირველ მოსმენაზე ალექსანდრე ბარამიძემ გაიზიარა ქართული ოცნების დეპუტატის გედევან ფოფხაძის შემოთავაზება, რომ თავმჯდომარეები იუსტიციის საბჭოს დაენიშნა იმ სამი კანდიდატურიდან, რომელთაც მას შესაბამისი სასამართლოს მოსამართლეები თავად შესთავაზებდნენ. თუმცა მესამე მოსმენის ვარიანტში არც ეს დებულებაა ასახული და შენარჩუნებულია  მოქმედი წესი, რომლის მიხედვითაც, სასამართლოს თავმჯდომარეებს 5 წლის ვადით კვლავ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ნიშნავს და მას ასევე ენიჭება უფლება, რომ ამ თანამდებობაზე თავისი უფლებამოსილების ვადით დაამტკიცოს 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით გამწესებული ის მოსამართლე, რომელსაც  მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება აქვს.

მოსამართლეები, უვადოდ დანიშვნამდე, 3-წლიან საპრობაციო ეტაპს გადიან, თუმცა ახალი კანონპროექტით, ეს გამოსაცდელი ვადა აღარ გავრცელდება 2013 წლის ნოემბრამდე დანიშნულ მოსამართლეებზე, რომელთაც 10 წლიანი უფლებამოსილების ვადა ამოწურეს.

ერთ-ერთი მოსამართლე, რომელიც ამჟამად 3-წლიანი გამოსაცდელი ვადის რეჟიმში იმყოფება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი და გირგვლიანის საქმის განმხილველი მოსამართლე ლევან მურუსიძეა, რომელსაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლის 10 წლიანი უფლებამოსილება თებერვალში მას შემდეგ შეუწყდა, რაც დეკემბრის სადავო გადაწყვეტილებით ხელახლა იქნა  მოსამართლედ არჩეული სააპელაციო სასამართლოში.

კანონპროექტის მიღების გადავადებას შეიძლება ასევე მოყვეს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატური განაწილებისთვის შესაბამისი ელექტრონული სისტემის შექმნის გადავადებაც, რისთვისაც ეს ცვლილებები კონკრეტულ თარიღს – 2016 წლის 1 ოქტომბერს განსაზღვრავს. კანონპროექტი საქალაქო, სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში მოსამართლეთა შორის საქმეთა ელექტრონული სისტემის მეშვეობით შემთხვევითი შერჩევის პრინციპით განაწილების დანერგვას 2017 წლის 1 იანვრიდან ითვალისწინებს.

ეს საკანონმდებლო პაკეტი ასევე ითვალისწინებს დეტალური კრიტერიუმების შემოღებას მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნისთვის, რომლის ამჟამად მოქმედი წესებიც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკის სამიზნეა; ასევე უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა რაოდენობის არანაკლებ 16 წევრით განსაზღვრას, იმ დათქმით, რომ სასამართლოს პლენუმს საჭიროების შემთხვევაში ამ რაოდენობის გაზრდა შეეძლება, რათა შემდგომ პრეზიდენტის წარდგინებით ისინი პარლამენტმა დანიშნოს თანამდებობებზე. უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდის დებულების ამოქმედება შესაბამისი ცვლილებების გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს არის განსაზღვრული. ამჟამად, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა რაოდენობას პლენუმი განსაზღვრავს და არა კანონი. 

 

მსგავსი/Related

Back to top button