skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტი მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის საქმეზე „დამაზიანებელია“ საქართველოსთვის და უნდა დადგეს იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, ვის ქმედებებსაც სასამართლოს მიერ აღმოჩენილი დარღვევები მოყვა“, განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 16 ივნისს.  

„გვინდა აღვნიშნოთ, რომ სახელმწიფოსთვის ასეთ დამაზიანებელ გადაწყვეტილებას ჰყავს უშუალო პასუხისმგებელი პირები სამართალდამცავ და სასამართლო სისტემაში.  პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უნდა დადგეს ამ პირების სამსახურებრივი, პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი“, – განუცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ  ჟურნალისტებს 16 ივნისს დეტალების დაკონკრეტების გარეშე.

სტრასბურგის სასამართლომ განაცხადა 14 ივნისის გადაწყვეტილებაში, რომ 2013 წლის მაისში მერაბიშვილის თავდაპირველი წინასწარი პატიმრობა კანონიერი იყო, მაგრამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ოთხი თვის შემდეგ, 2013 წლის სექტემბერში მიღებულ გადაწყვეტილებას წინასწარ პატიმრობაში მისი დატოვების შესახებ გონივრული საფუძვლები აკლდა. 

სტრასბურგის სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ დაირღვა ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე–18 მუხლი და განაცხადა, რომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა გამოყენებული იქნა არა მხოლოდ იმისთვის, რომ ის სხვადასხვა დანაშაულთან დაკავშირებით „გონივრული ეჭვის“ საფუძველზე პასუხისგებაში მიეცათ, „არამედ პროკურატურამ ის გამოიყენა, როგორც დამატებითი შესაძლებლობა ბერკეტის მოსაპოვებლად“ იმ გამოძიებებთან მიმართებაში, რომლებიც სხვა საქმეებზე მიმდინარეობდა, მათ შორის ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ.

კონვენციის მე–18 მუხლი ეხება სიტუაციას, როდესაც იმ შემთხვევაშიც კი, თუ სახელმწიფო სამართლებრივად დაადასტურებს ვინმეს უფლებების შეზღუდვის აუცილებლობას, ეს მაინც დარღვევად ჩაითვლება, თუ აღმოჩნდება, რომ უფლებათა ეს შეზღუდვა, მათ შორის დაკავებაც, რაიმე სხვა მალული მიზნით იქნა გამოყენებული, მათ შორის პოლიტიკური ან სხვა იმისგან განსხვავებული მიზნით, რაც ოფიციალურად არის გაცხადებული. ევროპის სასამართლოს პრაქტიკაში მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა იყო, როდესაც ამ მუხლის დარღვევა დაფიქსირდა.

კონვენციის მე–18 მუხლის კონტექსტი 2013 წლის დეკემბრის ინციდენტიდან გამომდინარეობს, როდესაც მერაბიშვილი, მისი განცხადებით, გვიან ღამით გამოიყვანეს საკნიდან მაშინდელ მთავარ პროკურორთან ოთარ ფარცხალაძესთან  შესახვედრად, რომელიც, მერაბიშვილის თქმით,  დაშინების გზით ცდილობდა, რომ გარკვეული ინფორმაცია მოეპოვებინა კავშირის არმქონე გამოძიებებთან დაკავშირებით, მათ შორის ყოფილი პრემიერ–მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან და ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სავარაუდო საიდუმლო ოფშორულ საბანკო ანგარიშებთან დაკავშირებით.

სასამართლომ მერაბიშვილის ეს მონათხრობი სანდოდ და უტყუარად მიიჩნია.  სასამართლომ ასევე განაცხადა, რომ ციხის ადმინისტრაცია აშკარად თავს იკავებდა ციხის სათვალთვალო კამერებით გადაღებული ვიდეო მასალის მიწოდებისგან, რომელიც ამ ინციდენტს მეტ ნათელს მოფენდა. ზოგადად კი, სასამართლოს თქმით, ხელისუფლება და „განსაკუთრებით“ მაშინდელი პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მაშინდელი სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი, რომელიც ახლა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრია, „აშკარად ეწინააღმდეგებოდნენ მოწოდებებს ობიექტური და ზედმიწევნითი გამოძიების ჩატარების თაობაზე“.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა 14 ივნისს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ახლა 2013 წლის დეკემბრის ინციდენტის გამოძიება მოუწევს.

ნაციონალური მოძრაობის ლიდერები მიესალმნენ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რაც მათი თქმით, ადასტურებს იმას, რომ მერაბიშვილი „პოლიტპატიმარია“ და ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდეს.

კითხვაზე შეიწყალებს თუ არა მერაბიშვილს პრეზიდენტი მარგველაშვილი, რომელიც 16 ივნისს ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთ ლიდერს გიგა ბოკერიას თავის სასახლეში შეხვდა, ეკა მიშველაძემ უპასუხა: „ამ ეტაპზე ეს საკითხი არ განიხილება“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button