skip to content
ახალი ამბები

საპარლამენტო არჩევნებისთვის ძირითადი ვადები და პროცედურები

8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, რომლის კამპანიაც 8 ივნისს ოფიციალურად დაიწყო, საქართველოს ელექტორატი 77 დეპუტატს პროპორციული სისტემით, ხოლო 73 მაჟორიტარს ახლებურად ფორმირებული ერთმანდატიანი ოლქებიდან აირჩევს. 

ქვემოთ მოცემულია მთლიანი საარჩევნო პერიოდისთვის, დაწყებული თარიღის დანიშვნიდან საბოლოო შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებამდე, საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული რამდენიმე ძირითადი თარიღი, საბოლოო ვადა და პროცედურა, რომელიც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დამტკიცებულ გრაფიკში გაწერა.


13 ივნისი – ცესკო თავის ვებგვერდზე აქვეყნებს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას და ასევე თითოეული საარჩევნო ოლქის მიხედვით მათ განაწილებას. ამომრჩეველთა საბოლოოდ დადგენილი სიის რაოდენობას ცესკო 3 ოქტომბერსაც აქვეყნებს.
 
16 ივნისი – 13-წევრიანი საოლქო საარჩევნო კომისიების ფორმირება მთავრდება.

1 ივლისი – საოლქო საარჩევნო კომისიები ქმნიან საარჩევნო უბნებს და ორ დღეში აქვეყნებენ მათ საზღვრებში შემავალ მისამართებს.

10 აგვისტო – იმ პარტიების რეგისტრაციის საკითხის გადაწყვეტის ბოლო ვადა, რომელთაც არ ჰყავთ წარმომადგენელი პარლამენტში და რეგისტრაციის მისაღებად მხარდამჭერთა სიების წარდგენა უწევთ. 

19 აგვისტო – იმ პარტიების რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის ბოლო ვადა, რომელთაც ჰყავთ წარმომადგენელი პარლამენტში.

19 აგვისტო – საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების ბოლო ვადა.  საუბნო კომისიებში 6 წევრს საოლქო კომისია ნიშნავს, ხოლო 7 წევრს უფლებამოსილი კვალიფიციური პარტიები წარადგენენ, თუმცა მათი უკან გამოწვევის უფლება 23 სექტემბრის შემდეგ აღარ აქვთ.  

1 სექტემბერი – ცესკო რეგისტრაციაში გაატარებს ან უარს ეტყვის საარჩევნო ბლოკს, რომლის შექმნისთვის პარტიებმა განაცხადი არაუგვიანეს 26 აგვისტოსა უნდა შეიტანონ.

8 სექტემბერი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე ცესკო საარჩევნო უბნებს ქმნის საზღვარგარეთ.

8 სექტემბერი – პარტიული სიების და ასევე პარტიების/ბლოკების მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის ბოლო ვადა.

8 სექტემბერი – საოლქო კომისიის თავმჯდომარე რეგისტრაციაში ატარებს დამოუკიდებელ მაჟორიტარ კანდიდატებს, რომელთა წარდგენის მიზნით საინიციატივო ჯგუფებს განაცხადის შეტანა 12 აგვისტოს ჩათვლით შეუძლიათ.

10 სექტემბერი – ბოლო ვადა, როცა პარლამენტის წევრობის კანდიდატთან შეუთავსებელ თანამდებობებზე მყოფი პირები უნდა გათავისუფლდნენ სამსახურებიდან.

17 სექტემბერი – სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში ან საკონსულო დაწესებულებაში იმ  ამომრჩევლების  რეგისტრაციის ბოლო ვადა, რომლებიც არ დგანან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე.

18 სექტემბერი – ბოლო ვადა, როცა ცესკო რეგისტრაციაში ატარებს პარტიულ სიებს, ხოლო საოლქო კომისია პოლიტიკური გაერთიანებების წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატებს ან უარს ამბობს მათ რეგისტრაციაზე.

28 სექტემბერი – ამ დღეს იწურება ვადა, როცა ადგილობრივი ორგანიზაციები არჩევნებზე დაკვირვების მიზნით ცესკოს მიმართავენ. ცესკომ 3 ოქტომბრისთვის უნდა გადაწყვიტოს დაარეგისტრირებს თუ არა ორგანიზაციას.

28 სექტემბერი – ბოლო ვადა, როცა საარჩევნო სუბიექტებს ან ცალკეული კანდიდატებს არჩევნებიდან ნებაყოფლობით მოხსნა შეუძლიათ.

1 ოქტომბერი –  ამ დღეს იწურება ვადა იმისათვის, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა არჩევნებზე დაკვირვების მიზნით ცესკოს მიმართონ. ცესკომ არაუგვიანეს 3 ოქტომბრისა უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

6 ოქტომბერი – მედიის წარმომადგენლების აკრედიტაციის ბოლო ვადა.

8 ოქტომბერი – კენჭისყრა დილის 8 საათზე იწყება და საღამოს 8 საათზე მთავრდება. აკრძალულია კენჭისყრის შენობაში წინასაარჩევნო აგიტაცია, არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების საღამოს 20 საათამდე გამოქვეყნება. ცესკო დაუყოვნებლივ იწყებს საუბნო კომისიებიდან მიღებული კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმების თავის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებას. 

22 ოქტომბერი – ბოლო ვადა, როცა მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური იმ ერთმანდატიან ოლქებში იმართება, სადაც ვერც ერთი კანდიდატი ვერ მოიპოვებს ხმების 50%–ზე მეტს პირველ ტურში. მეორე ტური გამარჯვებულს ორ საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატს შორის გამოავლენს.
 
27 ოქტომბერი – ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების შეჯამების საბოლოო ვადა.


ეს ბოლო ორი თარიღი შესაძლოა შეიცვალოს მესამე მოსმენით პარლამენტში კენჭსაყრელი იმ ცვლილებების შედეგად, რომელიც საარჩევნო კოდექსში იგეგმება და რომლის ამოქმედების შემთხვევაშიც, მეორე ტურების გამართვის ვადა საერთო არჩევნების დღიდან ამჟამად განსაზღვრული 14 დღის ნაცვლად, მაქსიმუმ 25 დღემდე იზრდება (22 ოქტომბრიდან შესაძლოა გადაიწიოს 2 ნოემბრამდე). ამავე ცვლილებების თანახმად, მეორე ტურების შემთხვევაში, არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი მეორე ტურის კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-19 დღისა გამოიცემა, ხოლო ახლად არჩეულმა პარლამენტმა პირველი შეკრება მეორე ტურის დღიდან არაუგვიანეს 20 დღისა უნდა გამართოს.

მსგავსი/Related

Back to top button