ახალი ამბები

გაეროს გენასამბლეამ საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირებზე რეზოლუცია მიიღო

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 7 ივნისს საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია მიიღო, რომელიც კიდევ ერთხელ აღიარებს ყველა დევნილის და ლტოლვილის უფლებას დაბრუნდნენ სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.

რეზოლუციას მხარი 76–მა ქვეყანამ დაუჭირა 15–ის წინააღმდეგ; 64–მა კი თავი შეიკავა.

ეს უკვე მეცხრე შესასრულებლად არასავალდებულო რეზოლუციაა, რომელსაც გაეროს გენერალური ასამბლეა ყოველწლიურად იღებს – პირველი რეზოლუცია, რომელიც 2008 წელს იქნა მიღებული, მხოლოდ სეპარატისტული აფხაზეთის შესახებ იყო, ხოლო ყველა შემდგომი დოკუმენტი ეხება როგორც აფხაზეთს, ისე სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთს.

საქართველო აცხადებს, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეაში ამ რეზოლუციის ყოველწლიური ინიცირება მიზნად ისახავს ამ საკითხისადმი საერთაშორისო ყურადღების გამახვილებას.

გასულ წელს ანალოგიურ რეზოლუციას მხარი 75 ქვეყანამ დაუჭირა 16–ის წინააღმდეგ; 78–მა კი თავი შეიკავა.

„უკვე რვა წელია გენერალური ასამბლეა იღებს ამ დოკუმენტს სულ უფრო მეტი დადებითი ხმით და მხარდაჭერის საიმედო დინამიკით. მსოფლიოს ყველა რეგიონის ქვეყნები აძლევენ ხმას რეზოლუციას მისი ჰუმანური მისწრაფების და ჰუმანიტარული ღირებულებების გამო“, – განაცხადა საქართველოს ელჩმა გაეროში, კახა იმნაძემ ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას. 

„რეზოლუციის სასარგებლოდ ხმის მიცემა არ ნიშნავს რომელიმე მხარის მიმხრობას, არამედ ეს ნიშნავს სწორი არჩევანის გაკეთებას იმით, რომ ვეტყვით „დიახ“ ადამიანის ძირითად უფლებებს და ფუნდამენტურ ჰუმანიტარულ ღირებულებებს, რომლებიც ჰუმანურობის და საერთაშორისო სამართლის პრინციპებზეა დაფუძნებული“, – განაცხადა მან.

რუსეთთან ერთად, სხვა ქვეყნები, რომლებიც ჩვეულებრივ რეზოლუციის წინააღმდეგ აძლევენ ხმას, არიან: სომხეთი, ბელარუსი, კუბა, ჩრდილოეთ კორეა, ლაოსი, ნაურუ, ნიკარაგუა, სუდანი, სირია, ვენესუელა და ვიეტნამი.

სხვა ქვეყნებს შორის, რომელთაც წელს წინააღმდეგ მისცეს ხმა, არიან ბურუნდი და ზიმბაბვე; სამხრეთ სუდანმა, რომელმაც 2011 წელს სუდანისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა და რომელიც წინა წლებში ძირითადად თავს იკავებდა ხმის მიცემისგან, წელს რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა ხმა. მიანმარი, რომელიც წინა წლებში წინააღმდეგ აძლევდა ხმას, წელს სხდომას არ დასწრებია.

იამაიკა, რომელიც წინა წლებში თავს იკავებდა, წელს პირველად მხარი დაუჭირა რეზოლუციას.

თურქეთი, რომელიც 2015 წლამდე ყოველთვის თავს იკავებდა, წელს, შარშანდელის მსგავსად, მხარი დაუჭირა რეზოლუციას.

რუსეთმა, რომელიც ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა საქართველოს მიერ ინიცირებულ ამ რეზოლუციებს, კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ყოველწლიურად ამ „პოლიტიკურად მოტივირებული“ საკითხის გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დაყენება „კონტრპროდუქტიულია“ და არ ეხმარება პრობლემების მოგვარებას, რადგანაც მისი მიზანი არ არის დევნილთა მდგომარეობის გაუმჯობესება, არამედ ყურადღების გადატანა რეალური სამუშაოდან და ასამბლეის გამოყენება ანტი–რუსული რიტორიკის გასაჟღერებლად.

ჟენევის მოლაპარაკებებზე სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები უარს აცხადებენ დევნილთა დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვაზე და ამის მიზეზად თბილისის მიერ საკითხის „პოლიტიზირებას“ ასახელებენ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ამ თემის  ყოველწლიურად დაყენებით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button