skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ სადავო ცვლილებებს ვეტო დაადო

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ სადავო საკანონმდებლო პაკეტს ვეტო დაადო და მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს პარლამენტს განსახილველად. 

ვენეციის კომისიის კრიტიკული შენიშვნების შემდეგ პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო.

პრეზიდენტის თქმით, მისი შენიშვნები ეხება კანონპროექტის ყველაზე სადავო პუნქტს – საკონსტიტუციო სასამართლოში გადაწყვეტილების მიღების კვორუმის გაზრდას და ასევე, მოსამართლეთა 10-წლიანი ვადის სრულფასოვნად ფუნქციონირებას. მისი ინფორმაციით, ამ შენიშვნებზე მუშაობა ბოლო პერიოდში  ქართული ოცნების უმრავლესობის საკანონმდებლო გუნდთან და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან წარიმართა, რომელსაც „ძალიან კონსტრუქციული პოზიცია“ ჰქონდა.

„ეს შენიშვნები უკვე მომზადებულია და დღეს უკვე გადაეგზავნება საქართველოს პარლამენტს“, – განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა 31 მაისს.

პარლამენტი მიმდინარე კვირას რიგგარეშე სხდომას გეგმავს, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, სავარაუდოდ, პრეზიდენტის ვეტოს საკითხსაც განიხილავენ.

„ჩვენი თანამშრომლობის შედეგად ბატონ პრემიერ-მინისტრთან მე მაქვს იმედი, რომ ჩვენი პოზიციები იქნება გაზიარებული და პარლამენტი ვეტოს გაიზიარებს და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო გააგრძელებს ეფექტურ ფუნქციონირებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სახელმწიფოსთვის“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

„მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ უმრავლესობა დაეთანხმოს ვეტოში გამოთქმულ შენიშვნებს და არ იყოს საუბარი დაძლევაზე“, – განუცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს საფრანგეთში ვიზიტის დროს.

მან ამ საკითხის ირგვლივ დიალოგი „ძალიან წარმატებულ პრეცედენტად“ შეაფასა, რომლის ფარგლებშიც, „ჩვენ შევთანხმდით ისეთ მოდელზე, რომელიც სრულ თანხვედრაში იქნება ვენეციის კომისიის მოთხოვნებთან და ამავე დროს, გათვალისწინებული იქნება ჩვენი შენიშვნებიც“.

საპარლამენტო უმრავლესობამ ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ინიცირებული და პრემიერ-მინისტრის მიერ მხარდაჭერილი ცვლილებები 13-14 მაისს ბოლო ორი მოსმენით ოპოზიციონერი დეპუტატების, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგობის ფონზე ისე მიიღო, რომ კანონპროექტები ექსპერტიზისთვის ვენეციის კომისიისთვის არ გაუგზავნია.

ვენეციის კომისიას მხოლოდ ცვლილებების მიღების შემდეგ მიმართეს, მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან თხოვნით, რომ წინასწარი დასკვნები რაც შეიძლება სწრაფად მოემზადებინათ.

ეს მოსაზრებები ვენეციის კომისიამ 27 მაისს გამოაქვეყნა, რომელშიც მართალია ზოგიერთ ცვლილებას მიესალმა, თუმცა მთელი რიგი ნორმების გადახედვისკენ მოუწოდა, მათ შორის კანონპროექტიდან იმ ნორმის ამოღებისკენ, რომელიც კვორუმის გაზრდას ეხება, რათა მოსამართლეთა უმცირესობას გადაწყვეტილებების დაბლოკვის ბერკეტი არ მიეცეს; მან ასევე „დაჟინებით“ ურჩია იმ ნორმის ამოღებაც, რომელიც მოსამართლეს თავისი 10-წლიანი ვადის ბოლო სამ თვეში მანდატს უზღუდავს და მხოლოდ მოკლევადიანი ახალი საქმეების განხილვის შესაძლებლობას უტოვებს.

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა, რომელმაც ვეტოს უფლება მხოლოდ ამ წინასწარი დასკვნების გაცნობის შემდეგ გამოიყენა, მადლობა გადაუხადა ვენეციის კომისიას „უსწრაფესად“ მოქმედებისთვის.

„ნათლად გამოვლინდა, რომ ის რაც ჩვენ გვაწუხებდა, აწუხებს ვენეციის კომისიასაც და ვენეციის კომისიისთვის  ის ფორმულირებები, რომლებიც იყო კანონში დაფიქსირებული, მიუღებელი აღმოჩნდა“, – განაცხადა მარგველაშვილმა სამშაბათს გამართულ ბრიფინგზე.

 

 

მსგავსი/Related

Back to top button