skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტის ადმინისტრაცია საკონსტიტუციო სასამართლოს კანონპროექტზე ვენეციის კომისიის მოსაზრებებს კვირის ბოლოსთვის ელის

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიისგან საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ სადავო კანონპროექტზე წინასწარ დასკვნას კვირის ბოლოსთვის ელის მანამ, სანამ პრეზიდენტი რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებს მისი ხელმოწერის ან ვეტოს დადების თაობაზე.

პარლამენტმა 13-14 მაისს, ვენეციის კომისიაში ექსპერტიზაზე გაგზავნის გარეშე, მეორე და მესამე მოსმენებით მიიღო კანონპროექტი, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად საკონსტიტუციო სასამართლოში გადაწყვეტილების მიღების კვორუმის გაზრდას ითვალისწინებს და რომელსაც ოპონენტები აკრიტიკებენ, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს დასუსტების მცდელობას. ქართული ოცნება პასუხობს, რომ მისი ინიციატივით მიღებული ეს ცვლილებები გარე ზეგავლენისგან დაიცავს და საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობას განამტკიცებს.

ამჟამად კანონპროექტი პრეზიდენტის ადმინისტრაციაშია გადაგზავნილი ხელმოსაწერად, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, პრეზიდენტმა ვენეციის კომისიას მიმართა ცვლილებებზე მოსაზრებების 10 დღეში მომზადების თხოვნით.

პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძემ, რომელმაც უშიშროების საბჭოს წარმომადგენელთან ერთად 24 მაისს ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობასთან გამართა შეხვედრა, სტრასბურგში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა: „გვითხრეს გადაწყვეტილად ის, რომ პარასკევს იქნება ვენეციის კომისიის დასკვნა ამ საკითხზე. მართალია ეს დასკვნა არ იქნება გატანილი ვენეციის კომისიაზე [პლენარულ სესიაზე] ჯერ, მაგრამ ფაქტიურად ეს არის დასკვნა, რომელიც მომავალში აღარ შეიცვლება“.

„ჩვენ პირდაპირ ვუთხარით, რომ ეს კანონპროექტი შეიცავს სერიოზულ რისკებს საკონსტიტუციო სასამართლოს გამართულად მუშაობისთვის“, – განაცხადა კოჟორიძემ შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, ვენეციის კომისიის მოსალოდნელი დასკვნა პრეზიდენტს კანონპროექტთან მიმართებაში საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება – მას 3 ივნისამდე აქვს ვადა ხელი მოაწეროს ან ვეტო დაადოს კანონპროექტს. 

ვენეციის კომისიამ 20 მაისს განაცხადა, რომ მან კანონპროექტის ექსპერტიზაზე საქართველოდან ორი თხოვნა მიიღო – ერთი პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, ხოლო მეორე მთავრობისა და პარლამენტის სახელით ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლისაგან.

ვენეციის კომისიამ 24 მაისს ასევე განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონპროექტზე მოსაზრების მომზადების ფარგლებში პრეზიდენტის წარმომადგენლებთან შეხვედრასთან ერთად, მომდევნო დღეს ასევე იგეგმება იუსტიციის სამინისტროსა და პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის წარმომადგენლებისგან სკაიპის მეშვეობით ინფორმაციის მიღებაც.

როგორც ჩანს, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, მმართველი პარტია ქართული ოცნებიდან, რომელიც კანონპროექტის თანაავტორია, ცვლილებების მიღებამდე დაპირდა ვენეციის კომისიაში მის გადაგზავნას, როგორც ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებლებმა თვის დასაწყისში საქართველოში ვიზიტის შემდეგ განაცხადეს, თუმცა მმართველმა პარტიამ ცვლილებები პროექტის გადაგზავნის გარეშე მიიღო.

PACE-ს ორმა თანამომხსენებელმა ბორის სილევიჩმა და კერსტინ ლანდგრენმა 19 მაისს გავრცელებულ განცხადებაში „სინანული გამოთქვეს“ ამ პირობის შეუსრულებლობის და კანონში ცვლილებების ნაჩქარევად მიღების გამო და საქართველოს ხელისუფლებას ვენეციის კომისიის მოსაზრების შემდგომი დაყოვნების გარეშე მოთხოვნისკენ მოუწოდეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button