ახალი ამბები

ბრიუსელში მყოფი უსუფაშვილი ვიზალიბერალიზაციის პროცესზე საუბრობს

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, რომელიც ბრიუსელში ევროპარლამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს, განაცხადა, რომ ევროკავშირთან საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესი „კარგად“ მიმდინარეობს, თუმცა ასევე მიუთითა მხედველობაში მისაღებ „სამ მცირე პრობლემაზეც“, რომელთაც  გამკლავება ჭირდება.

ამ „მცირე პრობლემებს“ შორის მან ევროპაში შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარება, მათ შორის მიგრანტთა კრიზისის კუთხით არსებული მდგომარეობა; ასევე ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის ერთი ნაწილის მიერ „ქვეყნის ინტერესების“ ხარჯზე ევროპაში "შიდა პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტის" მცდელობა;  და პარტია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს ცალკეული წევრების „ლენინურ-სტალინური“ განცხადებები დაასახელა.

ბრიუსელში უსუფაშვილის ვიზიტი დაემთხვა ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის ორდღიან სხდომას, რომელმაც 26 აპრილს დასკვნითი განცხადება და რეკომენდაციები მიიღო და სხვა საკითხებთან ერთად მოუწოდა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, რომ  „საქართველოს დამსახურებიდან გამომდინარე, მოხდეს ამ საკანომდებლო პროცესის სწრაფად და შეფერხების გარეშე ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანა ზაფხულის საპარლამენტო არდადეგებამდე“.

ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულების და საშინაო საქმეთა კომიტეტმა (LIBE) ევროკომისიის მიერ 9 მარტს წარდგენილი საკანონმდებლო წინადადების განხილვა საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში ვიზების გაუქმების თაობაზე 25 აპრილს გამართულ სხდომაზე დაიწყო, თუმცა ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია. კომიტეტის შემდეგ, საკითხი უკვე ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე უნდა გავიდეს კენჭისყრაზე და ეს საკანონმდებლო წინადადება ასევე უნდა დაამტკიცოს ევროკავშირის საბჭომ, რათა მოკლევადიანი უვიზო რეჟიმი ამოქმედდეს საქართველოს მოქალაქეებისთვის.

„საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი, რაც ჩვენზე იყო დამოკიდებული, ახლა სიტყვა ევროპარლამენტზე და  ევროკავშირის საბჭოზეა“, – განუცხადა უსუფაშვილმა ბრიუსელში ქართველ ჟურნალისტებს, „რაც შეეხება თავად პროცესს, იგი მიმდინარეობს კარგად, თუმცა არის სამი მცირე პრობლემა, რომელსაც გათვალისწინება ჭირდება“.

„პირველი ეს არის ის გეოპოლიტიკური ვითარება, რაც შექმნილია რეგიონში და ზოგადად, ევროპაში; ის კრიზისი, რაც გამოწვეულია არა საქართველოს გამო და არა საქართველოს მიერ, რა თქმა უნდა, ახდენს გავლენას  მიმდინარე პროცესებზე, მაგრამ ეს გავლენა შეიძლება გამოიხატოს მხოლოდ [ვიზალიბერალიზაციაზე გადაწყვეტილების მიღების] დროზე და არა შინაარსზე ანუ როდის რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. შესაძლოა ამან ოდნავი გავლენა იქონიოს, მაგრამ არა ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, „ჩვენ მუშაობას გავაგრძელებთ“ იმისათვის, რომ გეოპოლიტიკური გარემოს გამო ევროპარლამენტის და ევროკავშირის საბჭოს პრიორიტეტებში საქართველოს თემის წინ სხვა საკითხების შესაძლო დაყენებამ, „არ გამოიწვიოს რამე სერიოზული შეფერხება“. 

„მეორე პრობლემა რაც გვაქვს, მცირე, მაგრამ მაინც არსებობს, ეს არის  ყოფილი ხელისუფლების, სააკაშვილის გუნდის ერთი ნაწილის მცდელობა, რომ ევროპარლამენტში, კერძოდ, სახალხო პარტიის წარმომადგენელთა ერთ ნაწილთან ჰქონდეთ იმ ტიპის შეთანხმება, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი მიებას საქართველოში ნაციონალური მოძრაობის პარტიულ ინტერესებს და პოლიტიკურ ინტერესებს“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

„მიუხედევად იმისა, რომ ჩვენ საქართველოში გვესმის ნაცმოძრაობის ლიდერებისგან, რომ ისინი უპირობოდ სთხოვენ ევროპას მხარი დაუჭირონ საქართველოს ვიზალიბერალიზაციას, აქ ჩვენ ვხედავთ, რომ საქმე სხვაგვარადაა და ხშირად კონკრეტული პარტიული თუ პერსონალური ინტერესი უფრო წინა პლანზეა, ვიდრე ქვეყნის ინტერესი, მაგრამ ამ პრობლემასაც მოევლება“, – განაცხადა მან.

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების სხდომის შემდეგ, პოლონელმა დეპუტატმა იაცეკ სარიუჟ-ვოლსკიმ, რომელიც ნაციონალური მოძრაობის პარტნიორი ევროპის სახალხო პარტიის ფრაქციის ვიცე-სპიკერია ევროპარლამენტში, ქართველ ჟურნალისტებს 26 აპრილს განუცხადა: „ქართველი ხალხი იმსახურებს უვიზო მიმოსვლას, მაგრამ ქართული სახელმწიფო კვლავ არღვევს ევროპულ სტანდარტებს, მას კვლავ ყავს პოლიტპატიმრები, როგორიცაა ყოფილი პრემიერ–მინისტრი [ვანო მერაბიშვილი], სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი [ბაჩო ახალაია ]და თბილისის ყოფილი მერი [გიგი უგულავა]; ის დევნის დამოუკიდებელ ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ს“.

პოლონელი დეპუტატის თქმით, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭება 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე არ უნდა მოხდეს და მხოლოდ თავისი სტანდარტების გაუმჯობესების შემდეგ „დაიმსახურებს საქართველო უვიზო მიმოსვლას“.

უსუფაშვილმა განაცხადა, რომ მას „ძალიან საინტერესო შეხვედრები“ ჰქონდა ევროპარლამენტში სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან, მათ შორის სახალხო პარტიის ერთ-ერთ ლიდერთან, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელთან, „გავლენიან“ ელმარ ბროკთან, რომელმაც „სრულიად ცალსახად განაცხადა, რომ იგი არანაირ სხვა საკითხს არ უკავშირებს ვიზალიბერალიზაციის პროცესს და პირადად მთხოვა, რომ თუ რაიმე პრობლემები ამაზე გაჩნდება სხვა მხრიდან, მას ამის შესახებ შევატყობინოთ“.  

„მას აქვს გარკვეული მოსაზრებები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, მაგრამ ის არაფერს არ უკავშირებს ვიზალიბერალიზაციის თემას, განსხვავებით ნაციონალური მოძრაობის ერთი ნაწილისგან და მათი მხარდამჭერი სახალხო პარტიის, ვიმეორებ, ერთი ნაწილისგან. ასე რომ, მეტი გვჭირდება ამ მიმართულებით მუშაობა“, – დასძინა უსუფაშვილმა.

„მესამე მცირე პრობლემა, რომელიც ჩვენ გვაქვს, არის ის, რომ ქართული ოცნების ზოგიერთი არცთუ ნორჩი ლენინელი და სტალინელი მართლა გვიქმნის პრობლემას იმიტომ, რომ ბევრი მათი განცხადება გვხვდება აქ, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც ჯერ კიდევ მმართველ კოალიციაში შემავალი რესპუბლიკური პარტიის ლიდერია, რომელიც დამოუკიდებლად აპირებს 8 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. 

„ჩვენი ამოცანაა, რომ ამ სამივე მცირე საკითხს გავუმკლავდეთ სათანადოდ. კერძოდ, პრემიერ-მინისტრმა ძალიან სერიოზული შეხვედრები გამართა და მეტია გასაკეთებელი იმისთვის, რომ აქ ყველამ კიდევ ერთხელ ძალიან მკაფიოდ დაინახოს, რომ არცთუ ნორჩი ლენინელ-სტალინელების განცხადებები, ეს არის მათი ინდივიდუალური მოსაზრებები და ის არ გამოხატავს პარტია ქართული ოცნების თუ სახელისუფლებო პარტიის მოსაზრებებს“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „პარტია ქართულ ოცნებას დასახული აქვს მიზნად სერიოზული რეფორმირება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს რეფორმირება იქნება ყველაზე უკეთესი პასუხი აქ ყველასთვის იმის თაობაზე, თუ რეალურად რა პოლიტიკას ატარებს ქვეყანაში მმართველი პოლიტიკური პარტია“.  

27 აპრილს დავით უსუფაშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტს მარტინ შულცს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინის და ბელგიის წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტს ზიგრფიდ ბრაკეს შეხვდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button