ახალი ამბები

პრემიერ–მინისტრის გამოსვლა PACE-ში

  • „ჩვენ გვჭირდება კონკურენტული არჩევნები ნეგატიური სიურპრიზების გარეშე“;
  • „ჩვენ პირველი მთავრობა ვართ საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ, რომლისაც არ ეშინიათ“;
  • „სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და მედიას რეალური ძალაუფლება აქვთ“;
  • „ჩვენ გადავაჭარბეთ ევროპის მოლოდინებს დემოკრატიული კონსოლიდაციის კუთხით“;
  • ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაცია ადასტურებს, რომ „პრო–ევროპულობას სარგებელი მოაქვს“;
  • მთავრობა სეპარატისტულ რეგიონებთან „შერიგების საგზაო რუკაზე“ მუშაობს;
  • „ვინმემ შეიძლება თქვას, რომ ჩვენ პოლიტპატიმრები გვყავს, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ ჩვენ კანონის უზენაესობა გვაქვს“.



საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე დეპუტატებს სიტყვით მიმართავს, 2016 წლის 21 აპრილს. ფოტო: პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 21 აპრილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) სხდომაზე სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ საქართველო იმის დასტურია, რომ რეფორმები მუშაობს.  

თავის გამოსვლაში და ასევე ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების დეპუტატების კითხვებზე პასუხისას, კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა მთავრობის „მყარ გადაწყვეტილებას, რომ საქართველოს ისტორიაში ერთ–ერთი საუკეთესო, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩაატაროს“ 2016 წლის ოქტომბერში.

„ჩვენ გვჭირდება კონკურენტული არჩევნები ნეგატიური სიურპრიზების გარეშე, რომლის დროსაც არ იყინება საბანკო ანგარიშები და არავინ აკონტროლებს, თუ რა სახის ინფორმაცია მიეწოდება მოქალაქეებს… 2016 წელს უნდა ჩატარდეს ყველაზე გამჭვირვალე, სამართლიანი და თანასწორი არჩევნები“, – განაცხადა მან, „ჩვენ გადავდივართ დემოკრატიული ტრანზიციიდან დემოკრატიის კონსოლიდაციაზე, სადაც გამარჯვებულს ყველაფერი არ ერგება და დამარცხებული ყველაფერს არ დაკარგავს. და ჩვენ ამით ვამაყობთ“.

PACE–ს წევრების კითხვების საპასუხოდ, რომელთა უმეტესობაც მომავალ არჩევნებს ეხებოდა, პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ თანამდებობის დაკავებიდან ცოტა ხანში ის ოპოზიციურ პარტიებთან დიალოგში ჩაერთო; მას მხედველობაში ჰქონდა შეხვედრები არასაპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებთან. მან ასევე განაცხადა, რომ მისი მიზანია „შეამციროს ტემპერატურა და კონფრონტაცია“ და  არჩევნების წინ „თანამშრომლობის სულისკვეთება გაზარდოს“.

მან განაცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ მთავრობამ ოპოზიციურ პარტიებს „ბარიერის შემცირება“ შესთავაზა, რომელიც პარტიებმა უნდა გადალახონ პარლამენტში წევრების შესაყვანად. საარჩევნო ბარიერის 5%–დან 4%–მდე შემცირება კოალიცია ქართული ოცნების მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებაა, რომელიც ამ ცვლილების ამოქმედებას არა მომავალი არჩევნებისთვის, არამედ 2016 წლის შემდგომი საპარლამენტო არჩევნებისთვის ითვალისწინებს.

პრემიერ–მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მთავრობა პოლიტიკურ პარტიებს იმ ბარიერის შემცირებასაც სთავაზობს, რომელიც საბიუჯეტო დაფინანსების მიღებისთვის არის დაწესებული. არსებული რეგულაციებით, ამჟამად სახელმწიფო დაფინანსება მხოლოდ „კვალიფიციური პოლიტიკური პარტიებისთვისაა“ გათვალისწინებული – ანუ იმ პარტიებისთვის, რომელთაც ხმების სულ ცოტა 3% მიიღეს ბოლო საპარლამენტო ან ადგილობრივ არჩევნებზე.

მაგრამ ოპოზიციური პარტიების მთავარი მოთხოვნა მომავალი არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემის მაჟორიტარული კომპონენტის გაუქმებაა, რასაც ეწინააღმდეგება პარტია ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო, რომლის თავმჯდომარეც მაისიდან პრემიერ–მინისტრი კვირიკაშვილი გახდება.

კოალიცია ქართული ოცნების მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილება მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას 2016 წლის შემდგომი არჩევნებისთვის ითვალისწინებს  – მორიგი არჩევნები 2020 წლისთვის უწევს.

თუმცა, კვირიკაშვილმა PACE–ს წევრებს განუცხადა: „მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს არსებობს შეთანხმება, რომ 2020 წელს მაჟორიტარული სისტემა შეიცვლება. მაგრამ არჩევნებამდე 6 თვით ადრე ძალიან რთული იქნება საარჩევნო სისტემის შეცვლა“.

მმართველ კოალიციას და ოპოზიციურ პარტიებს შორის არ არსებობს ამგვარი შეთანხმება; ოპოზიცია კვლავ დაჟინებით მოითხოვს საარჩევნო სისტემის მაჟორიტარული კომპონენტის დაუყონებლივ გაუქმებას, რაც საკონსტიტუციო ცვლილების ხანგრძლივ პროცესს მოითხოვს. ოპოზიციური პარტიების ალტერნატიული პროექტია ასევე საკონსტიტუციო ცვლილების გვერდის ავლით მაჟორიტარული კომპონენტის შენარჩუნება, თუმცა სისტემის იმგვარად რეფორმირება, რაც გამორიცხავს შეუსაბამობას პროპორციული სისტემით პარტიის მიერ მიღებულ ხმებსა და იმავე პარტიის მიერ პარლამენტში მოგებულ ადგილებს შორის – ამგვარი შეუთავსებლობა შესაძლებელია საქართველოში მოქმედ შერეულ საარჩევნო სისტემაში, სადაც 73 დეპუტატი ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში აირჩევა, ხოლო დანარჩენი 77 ადგილი პარტიული სიით ნაწილდება იმ პარტიებს შორის, რომლებიც 5%–იან ბარიერს გადალახავენ.

არჩევნების შესახებ შეკითხვაში, ბერძენმა დეპუტატმა იოანეტა კავადიამ უთხრა პრემიერ–მინისტრს, რომ „არანაირი პოზიტიური ცვლილება ყოფილა შემოღებული“ საარჩევნო კანონმდებლობაში და განაცხადა, რომ ვენეციის კომისიამ მარტში „საკმაოდ ნეგატიური შეფასება“ გააკეთა საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიმართ – იგულისხმება მაჟორიტარული ოლქების ახალი წესით ფორმირება.  ვენეციის კომისიამ განაცხადა, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსში მაჟორიტარული ოლქების თაობაზე შეტანილი ცვლილებები „მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია“ იმისათვის, რომ არჩევნები ხმის მიცემის თანასწორობის პრინციპის პატივისცემით ჩატარდეს. თუმცა მან  ასევე „ბევრი დაინტერესებული მხარის“ წუხილები აღნიშნა, ვინაიდან კანონპროექტის მომზადების პროცესს აკლდა „გამჭირვალობა, მიუკერძოებლობა და ფართო ჩართულობა“. ევროკავშირი ასევე მიესალმა ამ ცვლილებებს, რომელიც, მისი თქმით, „ხმის მიცემის თანასწორობის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად“.

‘ჩვენ გადავაჭარბეთ ევროპის მოლოდინებს’

თავის გამოსვლაში პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს აქვს „წარმატებული რეფორმების განხორციელების გამოცდილება“.

„ჩვენ „დავნერგეთ" ევროპა საქართველოში და ჩვენ გადავაჭარბეთ ევროპის მოლოდინებს დემოკრატიული კონსოლიდაციისა და დემოკრატიზაციის კუთხით“, – განაცხადა მან.

„დაინტერესებულ მხარეთა კონსულტაციები, მონიტორინგი, ანგარიშების მიწოდება და შეფასება არავის არ აძლევს მოდუნების საშუალებას. მეორე მხრივ, ევროპული სტანდარტების დაცვა არის ვალდებულება, რომელიც უკვე ჩვევაში გადაიზარდა“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

„წლიდან წლამდე გატარებული რეფორმების საბოლოო შედეგი კი ის არის, რომ მოქალაქეებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მედიას აქვთ რეალური ძალაუფლება“, – აღნიშნა მან.

„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, საზოგადოებას არ ეშინია ხელისუფლების. და დიდი ალბათობით, ესაა მიღწევა, რომლითაც ჩვენ ყველაზე მეტად ვამაყობთ, თუმცა ვწუხვართ, რომ კანონის უზენაესობა არ ვრცელდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, – განაცხადა კვირიკაშვილმა. 

მან ასევე ისაუბრა შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის მისაღებად საქართველოს მიერ ყველა საჭირო რეფორმის განხორციელების თაობაზე. პროცესის დასრულებას თბილისი მომდევნო თვეებში ვარაუდობს. ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულების და საშინაო საქმეთა კომიტეტს (LIBE) ევროკომისიის საკანონმდებლო წინადადება საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში ვიზების გაუქმების თაობაზე 21 აპრილს დაგეგმილ სხდომაზე უნდა განეხილა, თუმცა სხდომა ევროპარლამენტის წევრის, მომხსენებლის მარია გაბრიელის თხოვნით 25 აპრილისთვის გადაიდო.

კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის მნიშვნელოვან როლს სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობასთან კავშირის დასამყარებლად.

„რეფორმების წლებისა და გაღებული მსხვერპლის შემდეგ, თბილისი დაუდასტურებს თავის მოქალაქეებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომ პროევროპელობას სარგებელი მოაქვს, და ჩვენ შევძლებთ მათ ვუთხრათ –  ‘შემოგვიერთდით, ვისწავლოთ, ვიშრომოთ და ვიხაროთ ერთად’", – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

„ჩვენ ვართ მაგალითი იმისა, რომ დემოკრატიის ხელშეწყობა, ინსტიტუტების მშენებლობა, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, დახმარების მიმღები ქვეყნის განვითარების უზრუნველყოფისკენ გამიზნული სახელშეკრულებო პირობები და რეფორმები მართლაც შესაძლებელია და შედეგები მოაქვს“, – განაცხადა მან.

‘შერიგების საგზაო რუკა’

პრემიერ–მინისტრმა კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის „ოკუპირებული რეგიონები“ მთავრობის „ერთ–ერთი უდიდესი გამოწვევაა“ და დასძინა, რომ ოკუპირებულ რეგიონებში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს წართმეული აქვთ თავიანთი ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები.

„გარდა ამისა, ჩვენ აღშფოთებული ვართ ცხინვალის დე-ფაქტო ხელმძღვანელობის გეგმის გამო, რომელიც ეხება რუსეთის ფედერაციაში შესვლის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას. ეს მოვლენები არა მარტო საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ, დიდი ალბათობით, სავალალო შედეგებსაც მოუტანს ისედაც არასტაბილურ სამხრეთ კავკასიის რეგიონს“, – განაცხადა მან.

სეპარატისტულ რეგიონებთან მთავრობის მიერ შერიგებისკენ მიმართული ძალისხმევის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ, პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ ნდობის აღდგენა „უმთავრესი პრიორიტეტია“.

„სამწუხაროდ, ნდობა დაიკარგა; პირველ რიგში, ჩვენ ამ დაკარგული ნდობის აღდგენა გვჭირდება“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ მთავრობის მიერ დაფინანსებული ჯანდაცვის და განათლების პროგრამები სეპარატისტული რეგიონების მაცხოვრებლებზეც ვრცელდება.

მან ასევე განაცხადა დეტალების დაკონკრეტების გარეშე, რომ მთავრობა „შერიგების საგზაო რუკაზე“ მუშაობს.  

„ეს ძალიან მგრძნობიარე საკითხია… და ჩვენ თავად ქართულ საზოგადოებაში გვჭირდება კონსენსუსის კონსოლიდაცია. ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით და ამ საგზაო რუკას ალბათ ძალიან ახლო მომავალში დავიწყებთ“, –განაცხადა მან.

მოსკოვთან ურთიერთობების შესახებ პრემიერ–მინისტრმა განაცხადა: „ჩვენ ვცდილობთ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ჩიხიდან გამოყვანას, რისთვისაც ვახორციელებთ პრაგმატულ პოლიტიკას, რომელიც მოიცავს ვაჭრობის, ტრანსპორტის, ჰუმანიტარულ და სხვა სფეროებში ურთიერთობების აღდგენისკენ გადადგმულ ნაბიჯებს. მიუხედავად ამისა, მოსკოვთან ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ მიმართული ჩვენი ძალისხმევა საკმარისი არ იქნება, თუ არ იქნება ჩვენი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა“.

‘მასობრივი პრო–ევროპული საინფორმაციო კამპანია’

ესტონელმა დეპუტატმა ანდრეს ჰერკელმა ევროპის სახალხო პარტიიდან ჰკითხა პრემიერ–მინისტრ კვირიკაშვილს „რუსეთის ძლიერ გავლენაზე საქართველოს მედია გარემოზე“ და რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის ანგარიშზე დაყრდნობით ასევე უთხრა პრემიერ–მინისტრს, რომ საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს „ქსენოფობიურ მედიას“ მათთან სარეკლამო კონტრაქტების გაფორმების გზით. მან ასევე ჰკითხა პრემიერ–მინისტრს ექნება თუ არა მთავრობას „უკეთესი თანამშრომლობა პრო–ევროპულ ოპოზიციასთან, მათ შორის ნაციონალურ მოძრაობასთან“. 

კვირიკაშვილმა უპასუხა, რომ მთავრობა „მასობრივ საინფორმაციო კამპანიას“ იწყებს „ევროპული ღირებულებების“ სასარგებლოდ.

„ეს არის გზა ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდის საპასუხოდ“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

„ვერ ვიტყოდი, რომ ქსენოფობიური მედიის დაფინანსება ხდება. შესაძლოა ასეთია აღქმა ზოგიერთი ჩვენი ოპოზიციური წევრისა; შემიძლია განვაცხადო, რომ ოპოზიციური ტელეარხები უფრო ინტენსიურად ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ჩვენ ვერ დავბლოკავთ ვერც ერთ მედია საშუალებას“, – დასძინა მან.

როდესაც მას ლიტველმა დეპუტატმა ევროპის სახალხო პარტიიდან, ემანუელის ზინგერისმა სტალინის რამდენიმე ძეგლის შესახებ ჰკითხა, რომლებიც კვლავ რჩება საქართველოში, პრემიერ–მინისტრმა უპასუხა: „არა მგონია სტალინი როდესმე მნიშვნელოვანი გახდეს საქართველოს პოლიტიკის ან სოციალური ცხოვრების დღის წესრიგში… არა მგონია, ეს საკითხი სერიოზულად უნდა აღვიქვათ, ვინაიდან არავის საქართველოში არ გააჩნია რაიმე სიმპათია სტალინის პერიოდის მიმართ“.

‘სამართლიანობის აღდგენა’

როდესაც მას პორტუგალიელმა დეპუტატმა ევროპის სახალხო პარტიიდან დუარტე მარკესმა „პოლიტპატიმრების“ შესახებ ჰკითხა, მხედველობაში ჰყავდა რა ყოფილი მაღალჩინოსნები, რომლებიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფებიან სხვადასხვა ბრალდებებით, რომელთაც ისინი უარყოფენ, როგორც პოლიტიკურად მოტივირებულს, კვირიკაშვილმა უპასუხა: „მე ამას ვუწოდებდი გახმაურებულ საქმეებს“.

„საქართველოს ხელისუფლების ერთ–ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა წინა მთავრობის ყოფილი მაღალჩინოსნების კრიმინალური საქმიანობის მემკვიდრეობასთან გამკლავება“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ 2012 წლის ბოლოს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პროკურატურაში „20 000 საჩივარი“ შევიდა „წარსულში ჩადენილი არასათანადო მოპყრობათა“ შესახებ.

„მე არასდროს მოვრიდებივარ წინა ხელისუფლების პოზიტიური მემკვიდრეობის აღიარებას, მაგრამ ასევე უნდა ვაღიაროთ, რომ 2007 წლიდან საქართველოში ცხოვრება კოშმარი გახდა საქართველოს მოსახლეობის უმეტესობისთვის. შესაძლოა ვინმემ თქვას, რომ ჩვენ პოლიტპატიმრები გვყავს, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ ჩვენ კანონის უზენაესობა გვაქვს და საქართველოში არავინ დგას მართლმსაჯულებაზე მაღლა“, – განაცხადა მან. 

პრემიერ–მინისტრმა ეს საკითხი თავის გამოსვლაშიც წამოწია: „ჩვენს მთავრობას საფუძველი აქვს სჯეროდეს, რომ კანონის უზენაესობისადმი ნდობის გასაძლიერებლად საჭიროა არა მხოლოდ რეფორმები, არამედ სამართლიანობის აღდგენაც“.

„ჩვენ გვინდა, რომ საქართველო ისეთ ადგილად ვაქციოთ, რომ მოქალაქეებს აქ ცხოვრება გაუადვილდეთ, ჩვენ არ გვინდა შედეგებით ტრაბახი. დემოკრატიის ისტორიაში, სამართლიანობის აღდგენას ყოველთვის არაერთგვაროვნად აფასებდნენ. სამართლიანობის აღდგენასა და ლუსტრაციას შორის ვიწრო ზღვარია და კრიტიკა გარდაუვალია.  ჩვენ გვინდა ერთობა, თუმცა არა მართლმსაჯულების ხარჯზე, ჩვენ გვინდა მართლმსაჯულება, თუმცა არა ერთობის ხარჯზე. ესაა ჩვენი გორდიას კვანძი. თუმცა ამ კვანძს ჩუმად არ გადავჭრით… ჩვენ უნდა გავხსნათ ეს კვანძი“, – განაცხადა მან. 

როდესაც მას ქართველმა დეპუტატმა ოპოზიციური „თავისუფალი დემოკრატებიდან“, ირაკლი ჩიქოვანმა ჰკითხა „კმაყოფილია“ თუ არა ის სასამართლო სისტემის რეფორმით, განსაკუთრებით მოსამართლეების სადავო დანიშვნების გათვალისწინებით, პრემიერ–მინისტრმა უპასუხა: „ვერავინ იქნება თვითკმაყოფილი რეფორმის დონით, მაგრამ ყველაფერი შედარებითია“.

„თუ სასამართლო სისტემას იმ სისტემას შევადარებთ, რომელიც ოთხი წლის წინ არსებობდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროგრესი ძალიან ნათელია“, – განაცხადა კვირიკაშვილმა, „რა თქმა უნდა, არიან მოსამართლეები, რომლებიც წინა სისტემის დროსაც მუშაობდნენ, მაგრამ წარმოიდგინეთ ოპოზიციის ბრალდებები, სისტემა ყველა იმ მოსამართლისგან რომ გაგვეწმინდა, რომლებიც წინა სისტემის ნაწილი იყვნენ? ჩვენ ამას არ ვაკეთებთ. სისტემა არ არის სრულყოფილი, მაგრამ ჩვენ რეფორმებით წინ მივდივართ“.

როდესაც მას ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის საკუთრების დავის შესახებ ჰკითხეს, რომელ საქმესაც ამჟამად სააპელაციო სასამართლო განიხილავს, პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობა ვერ ჩაერევა საკუთრების საკითხში და დასძინა, რომ მას სურს „რუსთავი 2“-მა გააგრძელოს ხელისუფლების პოლიტიკის მძაფრი კრიტიკა,  განსაკუთრებით არჩევნების წინ, რათა „ოპოზიციას ამ საკითხზე სპეკულაციის  შანსი არ მივცეთ“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button