ახალი ამბები

საქართველო აშშ–ის ადამიანის უფლებათა ანგარიშში

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემებად შარშან საქართველოში „მართლმსაჯულების ადმინისტრირებაში მნიშვნელოვანი ხარვეზები, მათ შორის შერჩეულ საქმეებზე სასამართლო სისტემაზე ზეწოლა“, ასევე სასამართლოში „საეჭვო“ დანიშვნები და ხელისუფლების „არათანმიმდებრული“ რეაგირება დასახელდა ძალადობასა თუ არასათანადო მოპყრობაზე.

სხვა ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემებს შორის ადამიანის უფლებათა შესახებ ყოველწლიური ანგარიში, რომელიც 13 აპრილს გამოქვეყნდა, აღნიშნავს რუსული ძალების მიერ სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ საქართველოს მოქალაქეების „თვითნებურ დაკავებებს“; წინასწარი პატიმრობის არასათანადო გამოყენებას; ხელისუფლების არასაკმარის ძალისხმევას სოციალური დისკრიმინაციის დასაძლევად ქალების, ეთნიკური, რელიგიური და სექსუალური უმცირესობების და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართ.

„სხვა პრობლემებს შორისაა სტანდარტულზე დაბალი პირობები ციხეებში; არაეფექტური მექანიზმები სამართალდამცავების მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობასთან გასამკლავებლად; ბრალდებები ელექტრონული თვალთვალის შესახებ; პოლიტიკური ზეწოლა დამოუკიდებელ სატელევიზიო მაუწყებლებზე; შეკრებისა და გაერთიანების  თავისუფლების შეზღუდვა; დევნილთა სტანდარტულზე დაბალი საცხოვრებელი პირობები; ძალადობა პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ და ანგარიშვალდებულების ნაკლებობა; ასევე სახელისუფლებო კორუფცია“, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, მართალია „პროგრესი იქნა მიღწეული სასამართლოს სისტემის რეფორმის კუთხით, მაგრამ ხელისუფლება სრულყოფილად არ სცემს პატივს სასამართლოს დამოუკიდებლობას“.  ამ თვალსაზრისით, ანგარიში ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის საკუთრებაზე დავის საქმესაც მიმოიხილავს, რომელიც პრესის თავისუფლების შესახებ ნაწილში ცალკეა განხილული.

„მართალია ხელისუფლებამ განაცხადა, რომ „რუსთავი 2“–ის საქმე კერძო მხარეებს შორის სამართლებრივი დავა იყო, თუმცა ქვედა ინსტანციის სასამართლოს ქმედებები აღქმული იქნა, როგორც „რუსთავი 2“–ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობა, რომელიც ხშირად გამოხატავდა ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის შეხედულებებს“, – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ „ბევრისთვის“ ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ 2015 წლის ნოემბრის დასაწყისში მიღებულმა გადაწყვეტილებამ “რუსთავი 2“–ში დროებითი მმართველების დანიშვნის თაობაზე, რის შედეგადაც ტელეკომპანიის დირექტორი და ფინანსური მენეჯერი უნდა შეცვლილიყვნენ, „ეჭვქვეშ დააყენა ხელისუფლების ერთგულება მედიის თავისუფლების, პოლიტიკური პლურალიზმის და სასამართლო დამოუკიდებლობის მიმართ“. შემდეგ ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ გააუქმა.   

„მედია დამკვირვებლებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და ოპოზიციურმა პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ ყოფილი პრემიერ–მინისტრი [ბიძინა ივანიშვილი] განაგრძობდა ძლიერი გავლენის მოხდენას მთავრობაზე და სასამართლო სისტემაზე, მათ შორის ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებებზე ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის მფლობელების წინააღმდეგ“, – ნათქვამია ანგარიშში, რომელშიც ასევე ნახსენებია ტელეკომპანია „იმედის“ მიერ 2015 წლის აგვისტოს ბოლოს ორი პოლიტიკური თოქშოუს დახურვის და მათი წამყვანის ინგა გრიგოლიას გათავისუფლების შემთხვევა; გრიგოლიამ, რომელიც ამჟამად ტელეკომპანია „TV პირველზე“ საინფორმაციო გადაცემის წამყვანია, მისი „იმედიდან“ გაშვების მიზეზად პოლიტიკური მოტივები დაასახელა.    

დამოუკიდებელი და გამჭირვალე მართლმსაჯულებისთვის კოალიციაზე დაყრდნობით, ანგარიში აცხადებს, რომ „სასამართლო დამოუკიდებლობის მნიშვნელოვანი გამოწვევებია“ მოსამართლეთა უუნარობა დაასაბუთონ საკუთარი გადაწყვეტილებები; მოსამართლეთა შერჩევის, დანიშვნის და გადაყვანის კრიტერიუმები, რომლებიც არ არის  საკმარისად გამჭირვალე, დამსახურებებზე დაფუძნებული და მკაფიო; საქმეებში ჩარევა; უვადოდ გამწესებამდე მოსამართლეთა პრობაციის წესი და არაგამჭირვალე დისციპლინარული პროცედურები.

თუმცა, ანგარიში ასევე აღნიშნავს სასამართლო დამკვირვებლებზე დაყრდნობით, რომ სასამართლოში მიმდინარე ჩვეულებრივ საქმეებზე აღმკვეთ ღონისძიებებზე დაუსაბუთებელი შუამდგომლობების დაკმაყოფილების წილმა კლება განაგრძო. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ მთავრობამ გადადგა ნაბიჯები „ანგარიშვალდებულების ხელშეწყობისა და მართლმსაჯულების ადმინისტრირებაში არსებული ხარვეზების მოსაგვარებლად“.

წინა ანგარიშის მსგავსად, ახალ დოკუმენტშიც ნათქვამია, რომ  2012 წლიდან მიღწეული პროგრესის მიუხედავად,  „ახალი მთავრობა თავს იკავებდა მისი ხელისუფლების პირობებში სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომელთა და პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიებისგან“.

ანგარიშის თანახმად, ხელისუფლებამ არასათანადო მოპყრობის შესახებ პატიმართა ბრალდებების გამოძიება დაიწყო, „თუმცა სახალხო დამცველის კრიტიკის საგანი გახდა დასრულებული გამოძიებების, არასათანადო მოპყრობაში ბრალდებული საჯარო მოხელეების წინააღმდეგ ბრალის წარდგენის ან დისციპლინარული ქმედების ნაკლებობა“.

ანგარიშში ასევე საუბარია 2015 წლის ოქტომბერში ხელისუფლების მხარდამჭერი ჯგუფების მიერ ნაციონალური მოძრაობის პარტიულ ოფისებზე მომხდარ თავდასხმებზე.

„ბოლო წლებში ოპოზიციური პარტიის აქტივისტების წინააღმდეგ ძალადობას  მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა არ მოყოლია“, – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, იმ დროს, როდესაც ხელისუფლებამ ეფექტურად აღასრულა კანონი „დაბალი დონის კორუფციის წინააღმდეგ, მაღალ დონეზე კორუფცია კვლავ პრობლემად რჩება“.

გადაადგილების თავისუფლების ნაწილში, ანგარიში აღნიშნავს, რომ „აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ რეგიონებში დე–ფაქტო ხელისუფლებები და რუსული სამხედრო ძალები ზღუდავდნენ ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილებას ადმინისტრაციულ საზღვრებზე სამედიცინო, საპენსიო მომსახურების, რელიგიური მსახურების და განათლების მისაღებად“.

„ეს შეზღუდვები კიდევ უფრო გაამწვავა რუსული „ბორდერიზაციის“ ზრდამ ორივე ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე, რამაც კიდევ უფრო შეაფერხა გადაადგილების თავისუფლება, ფიზიკური ბარიერები შეუქმნა და დააბრკოლა სასოფლო–სამეურნეო მიწებზე, წყალსა და სასაფლაოებზე წვდომა“, – ნათქვამია ანგარიშში.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ პარლამენტში წარდგენილი წლიური ანგარიშის თანახმად, სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში რუსმა სამხედროებმა 163 პირი დააკავეს ე.წ. „საზღვრის უკანონო გადაკვეთის“ ბრალდებით 2015 წელს. უმეტეს შემთხვევაში, დაკავებულებს, ჯარიმის გადახდის შემდეგ, 2–3 დღეში უშვებენ.

მსგავსი/Related

Back to top button