skip to content
ახალი ამბები

ეროვნულმა ფორუმმა კოალიცია ქართული ოცნება და საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

ეროვნულმა ფორუმმა, რომელიც მმართველი კოალიცია ქართული ოცნების დამფუძნებელი წევრი იყო, განაცხადა, რომ ის ტოვებს კოალიციას, მის საპარლამენტო უმრავლესობას, ასევე საპარლამენტო თანამდებობებს და 2016 წლის არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას, თუმცა მანამდე „მაქსიმალურად შეუწყობს ხელს არსებული ხელისუფლების სტაბილურობის შენარჩუნებას“.

ერვნული ფორუმის მომავალი საპარლამენტო სიის სათავეში პარტიის ლიდერი კახა შარტავა იქნება.

ეროვნულმა ფორუმმა, რომელსაც თავის წევრები არ ჰყავს მთავრობაში, 3 აპრილს გამართული პარტიული ყრილობის დროს მიიღო ეს გადაწყვეტილებები და 4 აპრილს გამოაცხადა.

ამას წინ უძღოდა კოალიციაში შემავალი რესპუბლიკური პარტიის განცხადება კოალიციიდან გაუსვლელად არჩევნებისთვის დამოუკიდებლად მზადების შესახებ; და შემდეგ უკვე, კოალიციის წამყვანი პარტიის ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს ლიდერის, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადება იმის თაობაზე, რომ კოალიციის სუბიექტები არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას. კოალიციაში შემავალ აწ უკვე ოთხ პარტიას შორის არიან ასევე მრეწველები და კონსერვატორები.

ეროვნული ფორუმის ლიდერმა კახა შარტავამ მადლობა გადაუხადა კოალიციის პარტნიორებს თანამშრომლობისათვის, რის შედეგადაც კოალიციის თავდაპირველი მიზანი  – „ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებიდან ჩამოცილება“  – ეტაპობრივად იქნა მიღწეული 2012 წლის საპარლამენტო, 2013 წლის საპრეზიდენტო და 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგად. 

„ეროვნულმა ფორუმმა პირნათლად შეასრულა კოალიციის წინაშე ნაკისრი ყველა ვალდებულება“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში, „ეროვნული ფორუმი 2016 წლის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს დამოუკიდებლად. ეროვნული ფორუმი გადის კოალიცია ქართული ოცნების შემადგენლობიდან  და ტოვებს საპარლამენტო უმრავლესობას“.

ამასთან ერთად, პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა და ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა, რომ ის პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობას ტოვებს, რომელიც შარშან თებერვლიდან დაიკავა და კომიტეტების მოადგილეების პოსტებიდან ასევე მიდიან მისი თანაფრაქციელები, დეპუტატები: შალვა კიკნაველიძე (დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი), ანი მიროტაძე (საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი) და თემურ მაისურაძე (დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი).

ეროვნულმა ფორუმმა განაცხადა, რომ მისი პოლიტიკური საბჭო, საპარლამენტო ფრაქცია და პარტიის წარმომადგენლობა ადგილობრივ თვითმმართველობებში "მაქსიმალურად შეუწყობენ ხელს არსებული ხელისუფლების სტაბილურობის შენარჩუნებას შესაბამისი ორგანოების მორიგ არჩევნებამდე".

ეროვნული ფორუმის საპარლამენტო ფრაქციაში შემავალი 6 წევრის გასვლის შედეგად, უმრავლესობაში 82 წევრი დარჩება, რაც საკმარისი რაოდენობაა ამ ერთობის შესანარჩუნებლად. თუ უმრავლესობაში 76-ზე ნაკლები დეპუტატი დარჩა, ის დაშლილად ჩაითვლება, რაც ავტომატურად ასევე გამოიწვევს უმცირესობის დაშლასაც.

4 აპრილს გამართულ ბრიფინგზე საუბრისას კახა შარტავამ განაცხადა, რომ ეროვნული ფორუმის მომავალი პარტიული სიის სათავეში ყოფნა და არჩევნებისთვის მზადების გაძღოლა, მისი „უარყოფითი“ დამოკიდებულების მიუხედავად, მას „დაევალა“. 

მან ასევე განაცხადა, რომ კოალიციიდან და უმრავლესობიდან ახლა გასვლა პარტიამ იმიტომ გადაწყვიტა, რომ ოქტომბრის არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში „პოლიტიკური დამოუკიდებლობის შეძენა“ მოესწროს.

„ჩვენი დამოუკიდებლობის ხარისხი იქნება იმდენად მაღალი, რომ ამავე დროს თან ხელი არ შეუშალოს მთავრობის ფუნქციონირებას, უმრავლესობის ფუნქციონირებას ყველა  იმ მნიშვნელოვან საკითხში, რომელიც სახელმწიფოს უსაფრთხოებასთან იქნება დაკავშირებული; იმ რეფორმების გატარებასთან, რომელიც ერთიანი კოალიციური პროგრამის შემადგენელი ნაწილია… ჩვენი მხარდაჭერა ყოველთვის იქნება უმრავლესობაზე“, – განაცხადა შარტავამ. 

„რაც შეეხება ადგილებზე, საკრებულოებში იქ, სადაც შეიქმნება საფრთხე ადგილობრივი ხელისუფლების შეცვლისა, ბუნებრივია ჩვენი წარმომადგენლები მოიქცევიან ისე, რომ არ დაუშვან ეს საფრთხე და არ მოხდეს არც დესტაბილიზაცია, არც პოლიტიკური კრიზისი“, – დასძინა მან.

მსგავსი/Related

Back to top button