skip to content
ახალი ამბები

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმა ორმხრივ ახლო ურთიერთობებს და რუსეთის ‘მიუღებელი ქცევა’ გააკრიტიკა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფილიპ ჰამონდმა განაცხადა 30 მარტს თბილისში ვიზიტის დროს, რომ საქართველო „რეგიონალური დემოკრატიის მოდელია“ და ეს რეპუტაცია უნდა გამყარდეს, განსაკუთრებით, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ; მან რეფორმებში პროგრესის გაგრძელებისკენაც მოუწოდა, რათა  „თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემო იქნას უზრუნველყოფილი“.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. მან რუსეთის „მიუღებელი ქცევა“ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მოსკოვის მიერ საერთაშორისო პრინციპების უგულებელყოფა „ჩვენთვის ყველასთვის საფრთხეს წარმოადგენს“.

საქართველოს პრემიერ–მინისტრთან და ენერგეტიკის მინისტრთან ერთად, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კომპანია BP–ის მიერ ოპერირებული სამხრეთ კავკასიის მილსადენის გაფართოების სამუშაოები დაათვალიერა, რომლებიც შაჰ–დენიზის პროექტის მეორე ფაზის ფარგლებში მიმდინარეობს და რომლის მეშვეობითაც აზერბაიჯანული გაზი ევროპას მიეწოდება.

ჰამონდმა განაცხადა, რომ სამხრეთ კავკასიის მილსადენის გაფართოება, რომლის მეშვეობითაც ამჟამად აზერბაიჯანული გაზი საქართველოს და თურქეთს მიეწოდება, „საქართველოს და რეგიონის მიმართ დიდი ბრიტანეთის ერთგულების და საქართველოს და აზერბაიჯანის, როგორც სავაჭრო პარტნიორების მიმართ, ნდობის შესანიშნავი მაგალითია“.

საქართველოს პრემიერ–მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას ჰამონდმა განაცხადა, რომ გაერთიანებულ სამეფოს და საქართველოს „ახლო ორმხრივი ურთიერთობების ხანგრძლივი ისტორია აქვთ“.

„საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმის ენერგიული პროგრამის განხორციელებაში“, – განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, „ის სამართლიანად არის აღიარებული მსოფლიოს ერთ–ერთ მარტივ ქვეყანად ბიზნესის კეთების კუთხით და შთამბეჭდავ მაჩვენებელს მიაღწია კორუფციის დაძლევის საქმეში. ამან გაზარდა საქართველოს პოტენციალი, რომ აზიასა და ევროპას შორის ახალი სავაჭრო და სატრანზიტო დერეფნის ცენტრი გახდეს“.

„ოქტომბრის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მოვუწოდებთ საქართველოს განაგრძოს პროგრესი, კერძოდ, ადამიანის უფლებების, სასამართლო სისტემის რეფორმირების და თავისუფალი მედიის კუთხით, რაც უზრუნველყოფს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარემოს. საქართველომ შესაშური რეპუტაცია შეიძინა რეგიონში გამჭირვალობის და ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით და ამ საარჩევნო პერიოდში თავისი ქცევით მან უნდა გაამყაროს ეს რეპუტაცია და გააძლიეროს ის სამომავლოდ“, – განაცხადა ჰამონდმა.

მან ასევე განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი კვლავაც დაუჭერს მხარს, რომ საქართველომ განავითაროს „ახლო ურთიერთობები და თანამშრომლობა ნატოსთან რეფორმების განხორციელების პროცესში, რაც მას წევრობის მიზანთან კიდევ უფრო დააახლოვებს“.

მან ასევე აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფო მიესალმება საქართველოს პროგრესს ვიზალიბერალიზაციის მიზნის მიღწევის საქმეში, რაც საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონაში მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის საშუალებას მისცემს; გაერთიანებული სამეფო შენგენის ზონაში არ შედის.

როდესაც მას სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებულ კონფლიქტებზე ჰკითხეს, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმა, როგორც მან განაცხადა, საქართველოს მთავრობის ორ პარალელურ ქმედებას – ერთი მხრივ, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში მონაწილეობას და მეორე მხრივ, სეპარატისტული რეგიონების მაცხოვრებლებთან კონტაქტების დამყარების მცდელობას.

„მინდა პატივისცემა გამოვხატო პრემიერ–მინისტრის მიმართ, რომელიც, ვფიქრობ, შეეცადა, რომ გარკვეულწილად ახალი მიდგომა გამოენახა კონტაქტების დასამყარებლად, ნაცვლად იმისა, რომ ეს კონფლიქტები ტრადიციული გზით მოეგვარებინა – სეპარატისტული რეგიონების ხალხებთან კონტაქტების დამყარება, დიალოგის გამართვის მცდელობა, ორი პარალელური ქმედება – ჟენევის პროცესი და ასევე სეპარატისტულ რეგიონებში თქვენს თანამემამულეებთან კონტაქტების დამყარება; ეს კარგი და პოზიტიური წინ გადადგმული ნაბიჯია და ველით, რომ პროგრესს ვიხილავთ ამ ინიციატივის შედეგად“, – განაცხადა ჰამონდმა.

მისი თქმით, რუსეთის „მიუღებელი ქცევა“ უკრაინაში არის უპატივცემულობა საერთაშორისო პრინციპების მიმართ და საქართველოს მსგავსი ქვეყნების უფლების მიმართ, რომ თავად გააკეთონ დამოუკიდებელი სუვერენული არჩევანი საკუთარი მომავლის შესახებ.

კითხვაზე უქმნის თუ არა რუსეთი საფრთხეს საქართველოს და ბალტიისპირეთის სახელმწიფოების მსგავს ქვეყნებს, ჰამონდმა უპასუხა: „რუსეთი საერთაშორისო ქცევის ნორმებს უგულებელყოფს და საერთაშორისო პრინციპებს არღვევს და ეს ყველასთვის წარმოადგენს გამოწვევას და საფრთხეს“.

„ჩვენ ყველას გვინდა, რომ რუსეთმა კონსტრუქციული როლი ითამაშოს საერთაშორისო თანამეგობრობაში. რუსეთს მნიშვნელოვანი გავლენა და მნიშვნელოვანი ძალაუფლება აქვს. ის ბევრ ჩვენს წუხილს იზიარებს. მაგალითად, ის იზიარებს წუხილს ისლამური ტერორიზმის თაობაზე. ეჭვი არ მეპარება, რომ რუსეთს გულწრფელად სურს, რომ დამარცხდეს დაეში [ისლამური სახელმწიფოს არაბული აბრევიატურა] ერაყსა და სირიაში, მაგრამ ამ საკითხებზე ერთად უნდა ვიმუშაოთ და მხოლოდ იმ ქვეყნებთან შეგვიძლია პარტნიორული მუშაობა, რომლებიც საერთაშორისო წესებს იზიარებენ… ჩვენ არ შეგვიძლია ერთ დღეს რომელიმე ქვეყანასთან ვითანამშრომლოთ და მეორე დღეს აღმოვაჩინოთ, რომ ის რასაც უნდა იმას აკეთებს საერთაშორისო ნორმების და წესების აშკარა დარღვევით. საქმის ერთად კეთება რომ შევძლოთ, უნდა იყოს გამოსავალი, რომელიც უზრუნველყოფს საერთაშორისო სისტემის წესების პატივისცემას“, – განაცხადა ჰამონდმა. 

იმავე კითხვის საპასუხოდ პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ სანამ რუსეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, „რა თქმა უნდა, ეს საქართველოსთვის უსაფრთხოების კუთხით სერიოზული გამოწვევა იქნება“.

პრემიერ–მინისტრმა კვირიკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ საქართველო არ არის დაინტერესებული რეგიონში დაძაბულობის არსებობით; მისი თქმით, საქართველოს მიზანია, რომ კვლავაც „მტკიცედ“ დარჩეს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე და ჰქონდეს უსაფრთხოება, რაც უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საშუალებას მისცემს.

თბილისში ახალგაზრდა პოლიტიკოსების ფორუმზე გამოსვლისას, რომელშიც სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს და უკრაინის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ „წარსული და ახლანდელი კონფლიქტები კვლავაც აფერხებს რეგიონალურ ინტეგრაციას და განვითარებას“ სამხრეთ კავკასიაში.

 „თბილისში მყოფმა ვიცი, რომ სოფლები კვლავ მოწყვეტილი რჩება საკუთარი მიწებს და საძოვრებს და აქედან მხოლოდ 40 კილომეტრის დაშორებით,  ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის ორივე მხარეს [სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში] ერთმანეთისგან გაყოფილია  ახალი ღობეებით, რომელთა აღმართვაც გრძელდება. ირონიულია, როდესაც მე ამის თქმა მიწევს მაშინ, როცა სამწუხაროდ, ევროპის გასწვრივაც ხდება ახალი ღობეების აღმართვა – ახალი ღობეების და ბარიერების აღმართვას უკან მიყავს და უკან ხევს ნებისმიერ რეგიონს მაშინ, როდესაც ჩვენ პირიქით უნდა ვცდილობდეთ, რომ ქვეყნებს შორის ბარიერები მოვხსნათ“, – განაცხადა ჰამონდმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button