skip to content
ახალი ამბები

ფინანსთა სამინისტროს თქმით, მოგების გადასახადთან დაკავშირებული რეფორმა მომავალი წლიდან ამოქმედდება

ფინანსთა სამინისტრომ 22 მარტს განაცხადა, რომ ბიზნეს ასოციაციების თხოვნის საფუძველზე მოგების გადასახადთან დაკავშირებული რეფორმა 2017 წლიდან ამოქმედდება, ნაცვლად თავდაპირველად გამოცხადებული 2016 წლის 1 ივლისისა და 2019 წლიდან ახალი მოდელი ასევე გავრცელდება საფინანსო სექტორზეც.

მთავრობის მიერ შემოთავაზებული ინიციატივის მიხედვით, რომელიც ესტონურ მოდელს ეფუძნება, მოგების რეინვესტირების ან მისი საერთოდ არ განაწილების შემთხვევაში, კომპანიები მოგების გადასახადს არ გადაიხდიან. მოგება დაიბეგრება მხოლოდ მისი განაწილების, დივიდენდად გაცემის შემთხვევაში.

მართალია საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ამ „რევოლუციური ცვლილების“ გეგმას მიესალმა, როგორც „მნიშვნელოვან წინგადადგმულ  ნაბიჯს“, თუმცა 21 მარტს პრემიერ-მინისტრისადმი ღია მიმართვაში ასევე მოუწოდა, რომ  „უმჯობესი იქნება, თუ საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები ამოქმედდება 2017 წლის 1 იანვრიდან“, რადგან ბიზნესს გარკვეული დრო ესაჭიროება ცვლილებებთან ადაპტაციისთვის.

„ამ ცვლილებების ნაჩქარევად, ამა წლის პირველი ივლისიდან ამოქმედება, გაზრდის ადმინისტრირების თანმხლებ რისკებს, მინიმუმამდე შეამცირებს პოტენციური ხარვეზების დროული აღმოფხვრის შესაძლებლობას და შესაძლოა გამოიწვიოს ამ უმნიშვნელოვანესი რეფორმის იდეის ერთგვარი დისკრედიტაცია, რაც დაუშვებლად მიგვაჩნია“, – აცხადებდა ბიზნეს ასოციაცია თავის მიმართვაში.

ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ბიზნეს გაერთიანებების წარმომადგენლებთან 22 მარტს გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ამოქმედების თარიღის ექვსი თვით გადავადებაზე შეთანხმება შედგა. ამ გადაწყვეტილების გამო, მისი თქმით, დღის წესრიგიდან მოიხსნა ასევე 2016 წლის ბიუჯეტის, დაახლოებით, 400 მლნ ლარით შეკვეცის საჭიროება, რაც იმ შემთხვევაში დადგებოდა, თუ მოგების გადასახადის ახალი მოდელი მიმდინარე ფისკალური წლის შუაში ამოქმედდებოდა.

მართალია მთავრობის თავდაპირველ ინიციატივაში ასევე არ იყო გათვალისწინებული ბანკებსა და სადაზღვევო კომპანიებზე მოგების გადასახადის რეფორმის გავრცელება, მაგრამ როგორც ფინანსთა სამინისტრომ 22 მარტს განაცხადა, რომ ეს რეფორმა 2019 წლის 1 იანვრიდან ასევე შეეხება საფინანსო სექტორსაც.

საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ამ ცვლილებების ნაწილია ასევე დამატებითი ღირებულების გადასახადისგან  ძირითადი საშუალებების იმპორტის დროს  კომპანიების გათავისუფლება. სამინისტროს ინფორმაციით, პირველ ეტაპზე სწორედ ეს ცვლილება შევა ძალაში კანონპროექტის დამტკიცებისთანავე.

„მინდა ვთხოვო საქართველოს პარლამენტს, რომ მაქსიმალურად დააჩქაროს განხილვები, რათა აპრილში, თუ ეს შესაძლებელი იქნება, კანონი უკვე მიღებული იყოს“, – განაცხადა ხადურმა ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან სამშაბათს გამართულ შეხვედრაზე.

ცვლილებების პროექტი, რომელიც მთავრობამ 12 თებერვალს განიხილა და ჯერ ოფიციალურად ინიცირებული არ არის, პარლამენტს გადაეგზავნება განსახილველად. 

მოგების გადასახადთან დაკავშირებული რეფორმა პირველად 2015 წლის მარტში გახმოვანდა, როცა ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილის ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელობდა. მართალია მთავრობამ ამ იდეის შესაძლო შედეგების შეფასება დაიწყო, მაგრამ მაშინ ამ ინიციატივამ მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. ფინანსთა მინისტრის მოადგილე საკმაოდ სკეპტიკური ჩანდა 2015 წლის ოქტომბერში ამ საკითხის კომენტირებისას. კვირიკაშვილმა ეს საკითხი ხელმეორედ იანვარში, პრემიერ–მინისტრის თანამდებობაზე დამტკიცებიდან ორ კვირაში წამოწია.

მსგავსი/Related

Back to top button