ახალი ამბები

კარასინი ‘ანტირუსული რიტორიკის’ წინააღმდეგ აფრთხილებს



ვიდეოს ფოტო, სადაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ქართველ ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს 16 მარტს პრაღაში ქართველ დიპლომატთან ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის წინ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ მოსკოვი თავს იკავებს, რომ საქართველოს ზოგიერთი ოფიციალური პირის, მათ შორის პრეზიდენტის და თავდაცვის მინისტრის „ანტირუსულ რიტორიკას“ უპასუხოს, თუმცა „ჩვენი მოთმინება უსაზღვრო არ არის“.

კარასინმა ეს განცხადება პრაღაში ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას 16 მარტს გააკეთა  რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის დაწყებამდე. ორი დიპლომატი 2012 წლიდან მოყოლებული რეგულარულ შეხვედრებს მართავს დიპლომატიური ურთიერთობების არ მქონე ორ ქვეყანას შორის „არაფორმალური დიალოგის“ ფარგლებში.

კარასინმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის ზოგიერთი წევრის და პრეზიდენტის „პროვოკაციული ანტირუსული რიტორიკა“, რომელიც, მისი თქმით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად განსაკუთრებით იზრდება, საფრთხეს უქმნის იმ ძალისხმევას, რომელსაც ის და ქართველი დიპლომატი ორმხრივი დიალოგის ფარგლებში მიმართავენ.

რუსი დიპლომატის კომენტარზე დასმული კითხვის საპასუხოდ, საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა ჟურნალისტებს ბათუმში: „საქართველოში არსებული განწყობების შესახებ საუბრისას, რუსმა პოლიტიკოსებმა, პირველში რიგში, საკუთარ მიდგომებს უნდა მიაქციონ ყურადღება. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის საფუძველზე აწყობილი ურთიერთობა იქნება ის, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება ურთიერთობის სრული ნორმალიზაცია. თუმცა, ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ არა ჩვენი საგარეო ვექტორის და არა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე – აქ ნებისმიერი კომპრომისი გამორიცხულია – მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ესკალაცია შევამციროთ და გადავიდეთ იმ რეჟიმზე, რომლის ფარგლებშიც უკვე შესაძლებელი იქნება პრობლემების მოგვარებაზე საუბარი“.   

კარასინმა უთხრა ჟურნალისტებს პრაღაში, რომ ორმხრივი არაფორმალური მოლაპარაკებების „მთავარი მიზანი“ არის ის, რომ „თანდათან შეიცვალოს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ფილოსოფია მეტი კონსტრუქციულობისა და ნორმალური სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობებისკენ“.

„ზოგიერთ სფეროში ჩვენ მივაღწიეთ წარმატებას… და ვფიქრობ, რომ ფილოსოფია თანდათან იცვლება; ჩვენ ჩამოვშორდით მწვავე კონფრონტაციის პერიოდს ყველა სფეროში, რომელიც სააკაშვილის პერიოდისთვის იყო დამახასიათებელი და ვცდილობთ პრაქტიკული საკითხების მოგვარებას“, – განაცხადა კარასინმა.

„ახლა მთავარი საფრთხეა საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მოახლოება და პროვოკაციული ანტირუსული რიტორიკის შემდგომი ზრდა, რომელიც ისმის როგორც თბილისში, ისე საერთაშორისო არენაზე. ასევე ისმის საზოგადო მოღვაწეების მხრიდან. და რაც ყველაზე საწყენია ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის, ის ისმის ოფიციალური პირების, პოლიტიკოსების, მინისტრების და პრეზიდენტის მხრიდანაც კი. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ვაქცევთ ყურადღებას. ვცდილობთ, ყველა ჩხვლეტას არ ვუპასუხოთ, მაგრამ ჩვენთვის დასკვნებს ვაკეთებთ“, – განაცხადა მან.

„და ახლა სწორედ იმ წყალგამყოფის წინაშე ვდგავართ, რომელიც უნდა გავიაროთ. ან დავბრუნდებით კონფრონტაციის პერიოდში, იმ სცენარების ძიებაში, რომლებიც ისევ წაგვაჩხუბებს, ან თანდათან დავალაგებთ ნორმალურ, პატივისცემით აღსავსე ურთიერთობებს და გადავწყვეტთ იმ ამოცანებს, რომლებიც ჩვენს წინაშე დგას“, – განაცხადა კარასინმა. 

როდესაც მას საქართველოს მომავალ არჩევნებსა და „ანტირუსულ რიტორიკას“ შორის კავშირზე ჰკითხეს, კარასინმა უპასუხა: „ყველა პოლიტიკოსს სურს გაამკაცროს საკუთარი პოზიცია, აჩვენოს, რომ ისინი არიან ყველაზე პატრიოტები, ყველაზე მწვავენი, ყველაზე შეუპოვარი მებრძოლები ე.წ. რუსული ექსპანსიის, რუსული საფრთხის წინააღმდეგ“.

„თავდაცვის მინისტრმა ისიც კი თქვა, რომ ცივილიზებული სამყარო უნდა გაერთიანდეს რუსული საფრთხის წინააღმდეგ. წესიერ საზოგადოებაში ასეთ განცხადებებს არ პატიობენ“, – განაცხადა მან.

„ჩვენ ჯერჯერობით თავს ვიკავებთ, მაგრამ ვშიშობ, რომ ჩვენი მოთმინება უსაზღვრო არ არის“, – დასძინა კარასინმა.

„ველით ნორმალურ, პატივისცემით აღსავსე ურთიერთობებს, როგორიც ბოლო ორი წლის მანძილზე გვქონდა და რომლებმაც კარგი შედეგები მოგვიტანა როგორც ვიზალიბერალიზაციის კუთხით, ისე სავაჭრო ურთიერთობების განვითარების, ტრანსპორტის  კუთხით. ჩვენ წინ უნდა წავიდეთ. ყველა ამოცანას ერთდროულად ვერ გადავწყვეტთ, მაგრამ ეტაპობრივად შეგვიძლია განვავითაროთ ჩვენი ურთიერთობები კონსტრუქტივიზმის სულისკვეთებით“, – განაცხადა მან.

კარასინის განცხადების საპასუხოდ, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში თენგიზ ფხალაძემ განაცხადა, რომ თბილისი ძალღონეს არ იშურებს, რათა პრობლემები მოლაპარაკებების გზით მოაგვაროს.

„თუმცა, ეს მიდგომა და ჩვენი რაციონალიზმი არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს რაიმე სახით შეგუებას ოკუპაციასთან და არ ნიშნავს ეროვნულ ინტერესებზე უარის თქმას“, – განაცხადა მან, „წყალგამყოფს წარმოადგენს სწორედ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა – ტერიტორიული მთლიანობა არის ქვაკუთხედი და  ამოსავალი წერტილი ნებისმიერ სახელმწიფოსთან ურთიერთობისა.  სწორედ აი ამ პრინციპის დაცვისაკენ და აქედან გამომდინარე, კონსტრუქციულ რეჟიმში დარჩენისაკენ მოუწოდებს საქართველო რუსეთის ფედერაციას“.

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა გააკრიტიკა კარასინის განცხადება და ის „არადიპლომატიურად“ და „ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევად“ შეაფასა.

„მე მინდა ვუთხრა ოკუპანტ ქვეყანას, რომ საქართველოს მოსახლეობას, ამ ქვეყანას აქვს მხლოდ ერთადერთი არჩეული გზა – ეს არის ევროპული და ევროატლანტიკური და ვერასდროს, დარწმუნებული ვარ, ქვეყანაში ვერ მოვა ის ძალა, რომელიც ოკუპანტთან გარიგდება“, – განაცხადა მან. 

16 მარტს პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა გიორგი ბარამიძემ დაგმო კარასინის განცხადება, როგორც „შანტაჟი“. 

"ქართველი ხალხი ამ შანტაჟს არასდროს არ აყვება და ქართველი ხალხი არასდროს მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ ვინ აირჩიოს ქვეყნის ხელისუფლად საპარლამენტო არჩევნებზე ამგვარი შანტაჟის და ზეწოლის ქვეშ", – განაცხადა ბარამიძემ.    

კითხვაზე აპირებს თუ არა მოსკოვი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმებას, კარასინმა უპასუხა, რომ ეს ამ ეტაპზე შეუძლებელია, „მთელი რიგი საკითხების გამო, მათ შორის უსაფრთხოების მიზეზებით“. თუმცა მან ასევე დასძინა: „ჩვენ უნდა ვიმოძრაოთ ამისკენ“. კარასინმა რუსეთის მიერ დეკემბერში მიღებულ გადაწყვეტილებასაც გაუსვა ხაზი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო მოთხოვნების გამარტივებას ეხება.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button