skip to content
ახალი ამბები

პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გავრცელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო



მთავრობის ადმინისტრაციასთან სპონტანურად დაგეგმილი აქციის მონაწილეები პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გავრცელებას აპროტესტებენ, 11 მარტი, 2016 წელი. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

მთავარმა პროკურატურამ 11 მარტს ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გავრცელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ  „უკანონოდ ატვირთული“ ვიდეო გავრცელებიდან რამდენიმე საათში youtube.com-თან თანამშრომლობის შედეგად დაიბლოკა. მან ასევე მოუწოდა მოქალაქეებს და მედიასაშუალებებს თავი შეეკავებინათ ვიდეოს ტირაჟირებისგან.

მართალია უშუალოდ ვიდეო, რომელშიც, სავარაუდოდ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ფიგურირებდა,  არ გამოუქვეყნებია, თუმცა სულ ცოტა ორმა საინფორმაციო საშუალებამ გაავრცელა ფაქტის შესახებ ინფორმაცია, რომელშიც მითითებული იყო ვიდეოში სავარაუდო ფიგურანტი და ასევე ის, თუ სად რა სახელით იყო მასალა ატვირთული. საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ აღნიშნული ინფორმაცია გავრცელებიდან მალევე წაშალა თავისი ვებ-გვერდიდან და მოგვიანებით, ბოდიში მოიხადა  „დაშვებული შეცდომის“ გამო.

საბოდიშო განცხადების გამოქვეყნებამდე ამ „შეცდომას“ ფართო კრიტიკა მოყვა, მათ შორის იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის და თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის მხრიდან, რომელთაც განაცხადეს, რომ მათი უწყებები წყვეტენ ურთიერთობას იმ მედია საშუალებებთან, რომლებმაც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს შესახებ მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია გაავრცელეს. 

„მედიამ, მათ შორის პოპულარულმა, მაუწყებლობის ელემენტარული წესები უნდა იცოდეს. 45-50 წუთი დასჭირდათ სპეცსამსახურებსა და აიტისპეციალისტებს, პარტნიორებს, რეაგირებისა და დაბლოკვისათვის, ტირაჟირება კი ზოგიერთს ამ პერიოდში ვერავინ დაასწრო“, – დაწერა თეა წულუკიანმა თავის Facebook-ის გვერდზე.

მოგვიანებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამაც განაცხადა, რომ წყვეტს კონტრაქტს საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“, რადგან სააგენტოს მიერ გაკეთებული განმარტება და რეაგირება არ იყო ადეკვატური.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, მისი ადმინისტრაციის ინფორმაციით, ძალოვანი უწყებების პირველი პირები მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური შეკრიბა და მათ „მომხდარის დაუყოვნებლივ გამოძიების დავალება მისცა“.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გავრცელებისთვის სასჯელის მაქსიმალურ ზომად  4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შეშფოთება, აღშფოთება და გამოძიების დაწყება აღარ არის ადეკვატური რეაგირება ისეთი გადაგვარებული ადამიანების წინააღმდეგ, ვინც შექმნა, ვინც დაამონტაჟა, ვისაც დასაწყობებული აქვს და ვინც საზოგადოებას მიზანმიმართულად წამლავს ამგვარი მასალების გამოქვეყნებით“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა თავის განცხადებაში.

იმ პირობებში, როცა „გამოძიების ტრადიციული მეთოდიკით ვერ ვუმკლავდებით ამ საშინელ პრობლემას“, უსუფაშვილმა ძალოვან უწყებებს მოუწოდა, რომ მიმართონ „საგანგებო ზომებს“  და „ამგვარი შემთხვევები განიხილოთ, როგორც მთელი საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული მორალური ტერორის აქტები“, რომლებსაც უნდა „ვებრძოლოთ ისე, როგორც ებრძვიან ტერორიზმს“.

ამ  მიზნით პარლამენტის თავმჯდომარემ მოუწოდა ძალოვან უწყებებს ტექნიკური დახმარებისთვის მიმართონ საერთაშორისო ანტიტერორისტულ ქსელებს და ასევე დააწესონ „მილიონი ლარი და კონსპირაციულობის დაცვის სრული გარანტია იმ პირებისთვის, ვინც გამოძიებას დამნაშავემდე მიიყვანს“.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ასევე მოუწოდა დანაშაულის უსწრაფესად გამოძიებისკენ და დამნაშავეთა დასჯისკენ.

„ამავდროულად, თითოეული მოქალაქის მორალური და სამოქალაქო პასუხისმგებლობაა ვაჩვენოთ სრული მიუღებლობა აღნიშნული დანაშაულის მიმართ, თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა არათუ ხელი არ შევუწყოთ მსგავსი ტიპის დანაშაულის ტირაჟირებას, არამედ ვაჩვენოთ ნათელი მესიჯი ყველას, რომ შეუძლებელია მსგავსი დანაშაულით მოხდეს რაიმე ფორმით ვინმეზე მანიპულირება“, – განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა, რომელიც მომხდართან დაკავშირებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს თამარ ქალდანს შეხვდა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თავის განცხადებაში საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდა გამოიძიონ არა მხოლოდ „ჩანაწერის ინტერნეტსივრცეში გავრცელების, არამედ ჩანაწერის წარმომავლობისა და ავთენტურობის“ საკითხიც.

ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ დაგმო პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გავრცელება, როგორც „საზოგადოების წინააღმდეგ მორალური ტერორი“.

„ამ ყველაფრის შეჩერების ერთადერთი გზა საზოგადოების მხრიდან ხმამაღალი არას თქმაა ამ სიბინძურისთვის. არას თქმა იმ ხელისუფლებისთვის, რომელიც ამ ტერორის ჩამდენთა მფარველობითაა დაკავებული“, – განაცხადა ბაქრაძემ.

რესპუბლიკურმა პარტიამ, რომელიც ქართული ოცნების მმართველი კოალიციის წევრია, თავის განცხადებაში ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი ჩანაწერების დამამზადებელთა და გამავრცელებელთა „დაუსჯელობაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება“.

„იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი პრაქტიკა კიდევ გაგრძელდება, არ იქნება კონკრეტული დამნაშავეები გამოვლენილი და დასჯილი, მაშინ ძალიან გაგვიჭირდება დავარწმუნოთ ვინმე როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, რომ ეს არ არის ხელისუფლების უსუსურობის ან თანამონაწილეობის გამოვლინება. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოლიტიკური და მორალური ვალია, ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დავუსვათ პირადი ცხოვრების ჩანაწერებით მანიპულირების ამაზრზენ პრაქტიკას“, – ნათქვამია რესპუბლიკური პარტიის განცხადებაში.

ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება დაგმეს ასევე უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა, რომლებმაც მსგავსი ფაქტების დაუსჯელობა გააკრიტიკეს და ეფექტური გამოძიებისკენ მოუწოდეს. მომხდარის გასაპროტესტებლად სამოქალაქო აქტივისტებმა მთავრობის კანცელარიის წინ პარასკევს საღამოს აქცია გამართეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button