skip to content
ახალი ამბები

ქართული, აფხაზური და ოსური მხარეები მიესალმებიან პატიმრების გათავისუფლებას

თბილისი, სოხუმი და ცხინვალი მიესალმნენ პატიმართა გათავისუფლებას, როგორც „მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ აქტს“, რომელიც სამმხრივი შეთანხმების ფორმატში „პრაგმატული თანამშრომლობის“ შედეგია.

საქართველოს ხელისუფლებამ ოსურ მხარეს ოთხი პატიმარი გადასცა, სანაცვლოდ კი აფხაზურმა და ოსურმა მხარეებმა თბილისს 12 გრძელვადიანი პატიმარი გადმოცეს.

პატიმართა გაცვლის პროცესს, რომელიც ხუთშაბათს აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე, ენგურის ხიდთან განხორციელდა, ესწრებოდნენ საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილი, ასევე სეპარატისტული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, ვიაჩესლავ ჩირიკბა და კაზბულატ ცხოვრებოვი, შესაბამისად.

თბილისის მიერ გათავისუფლებული ოთხი პირიდან სამი, რომელთაც უვადო პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი, 2005 წელს დააკავეს გორში 2005 წლის 1 თებერვალს პოლიციის შენობის წინ მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით; აფეთქების შედეგად სამი ქართველი პოლიციელი დაიღუპა და 24–ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

სანაცვლოდ, სამხრეთ ოსურმა მხარემ ოთხი ასევე გრძელვადიანი პატიმარი გაათავისუფლა და ისინი ქართულ მხარეს გადასცა სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ საზღვარზე. ასევე 10 მარტს ცხინვალმა კიდევ ერთი, მეხუთე პატიმარი გადმოსცა ქართულ მხარეს, რომელიც გასულ შემოდგომაზე ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის მოტივით დააკავეს. ეს პატიმარი სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გათავისუფლებულთა შესახებ თავდაპირველად გავრცელებულ ინფორმაციაში არ ფიგურირებდა.

თავდაპირველ ინფორმაციაში ასევე საუბარი იყო აფხაზურის მხარის მიერ ცხრა პირის გათავისუფლებაზე, თუმცა ბოლო მონაცემებით შეთანხმების ფარგლებში აფხაზურმა მხარემ ქართულ მხარეს რვა პირი, მათ შორის ერთი ქალი, გადასცა, რომლებიც სხვადასხვა ბრალდებებით ხანგრძლივ სასჯელებს იხდიდნენ აფხაზეთში, მათ შორის „ჯაშუშობის“ ბრალდებით. პატიმართა გაცვლის ეს პროცედურა, რომელთა შორის ოთხი ოსიც იყო, აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე განხორციელდა. 

ერთმა პატიმარმა, რომელიც აფხაზურმა მხარემ ენგურის ხიდზე ქართული მხარისთვის გადასაცემად მიიყვანა დანარჩენ რვა პატიმართან ერთად, უთხრა ზაქარეიშვილს, რომ მას აფხაზეთში სურდა დარჩენა, რადგან სხვა შემთხვევაში, ის ვერასდროს შეძლებდა უკან დაბრუნებას. ტელეკომპანია „იმედის“ სიუჟეტში ჩანს, რომ ზაქარეიშვილი ამ პირს ცალკე გასაუბრებას სთავაზობს. შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა განაცხადა მოგვიანებით, რომ მამაკაცმა, რომელიც კოდორის ხეობის მკვიდრია, დარჩენა გადაწყვიტა.

ქართული და სამხრეთ ოსური მხარეები, რომლებიც პატიმართა გაცვლის პროცესს ესწრებოდნენ, სამმხრივი შეთანხმების მიღწევაში აფხაზური მხარის როლს აღნიშნავდნენ.

„მე ძალიან მადლიერი ვარ სამხრეთ ოსური მხარის, და განსაკუთრებით აფხაზური მხარის თანამშრომლობისთვის“, – განაცხადა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგების საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილმა რუსულად აფხაზ ჟურნალისტებთან საუბრისას, ორი სეპარატისტული რეგიონის საგარეო საქმეთა მინისტრების თანდასწრებით.

„ვიტყოდი, რომ აფხაზურმა მხარემ ბევრი იმუშავა, განსაკუთრებით ბატონმა [რაულ] ხაჯიმბამ [აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა] და მინდა ხაზი გავუსვა მის პრინციპულ მიდგომას; ეს ძალიან მნიშვნელოვანია სამშვიდობო პროცესის კონტექსტში. ჩვენ გვინდა, რომ ახალი ეტაპი დავიწყოთ ქართულ–აფხაზურ და ქართულ–ოსურ ურთიერთობებში და ჰუმანიტარული საკითხები ყოველთვის მთავარია. ძალიან კმაყოფილი ვარ ამ პროცესით. ეს დიდი ხანია გრძელდებოდა, თვეების განმავლობაში, მაგრამ ყველა პარტნიორი, ყველა მხარე პატიოსნად მუშაობდა და თუ შესაძლებელია ასეთ რთულ საკითხზე პატიოსნად მუშაობა, იგივე იქნება შესაძლებელი სხვა საკითხებზეც“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ქართველი ჟურნალისტებისთვის გაკეთებულ ცალკე განცხადებაში, ზაქარეიშვილმა განაცხადა: „გულწრფელად მინდა მართლა მადლობა ვუთხრა განსაკუთრებით აფხაზურ მხარეს, იმიტომ რომ ძალიან ღირსეულად მოიქცნენ… ცხრა გრძელვადიანი უკანონო პატიმარი გაათავისუფლეს  ისე, რომ არავინ არ მოუთხოვიათ და პრაქტიკულად, ჩვენ გადავეცით ოთხი პატიმარი ცხინვალის მხარეს“.  

სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა აფხაზეთის ლიდერს „ძალიან კონსტრუქციული მიდგომის“ და იმის გამოც, რომ მან დადებითად უპასუხა სამხრეთ ოსეთის ლიდერის ლეონიდ თიბილოვის თხოვნას პატიმრების შეწყალების და გათავისუფლების თაობაზე, რამაც შესაძლებელი გახადა შეთანხმება ქართულ მხარესთან. წერილობით განცხადებაში სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ პატიმრების გათავისუფლება შესაძლებელი გახდა „აფხაზურ მხარესთან ახლო თანამშრომლობისა და ყველა მონაწილე მხარის მიერ გამოვლენილი კეთილი ნების“ შედეგად.

სეპარატისტული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა მიესალმა პატიმრების გაცვლას „როგორც ყველა მხარის პრაგმატული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითს“.

„ეს ჟენევაში მიმდინარე ძალიან ფაქიზი მოლაპარაკებების შედეგიცაა, საიდანაც ეს პროცესი დაიწყო“, – დასძინა ჩირიკბამ.

მას მხედველობაში ჰქონდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაიწყო და რომელშიც საქართველოს, რუსეთის, აშშ–ს, ასევე აფხაზური და სამხრეთ ოსური მხარეები მონაწილეობენ. მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს წარმომადგენლები.

ცხინვალის წარმომადგენლები ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში, ასევე ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან კონტაქტების დროს რეგულარულად აყენებდნენ იმ რამდენიმე პატიმრის გათავისუფლების საკითხს, რომლებიც ქართულ ციხეებში იხდიდნენ ხანგრძლივ სასჯელებს.

თუმცა საბოლოო შეთანხმება პატიმართა გაცვლის თაობაზე სამ მხარეს შორის პირდაპირი კონტაქტების შედეგად იქნა მიღწეული, როგორც ამის თაობაზე საქართველოს ოფიციალური პირები და საკითხში გათვითცნობიერებული სხვა წყაროები აცხადებენ.

იმავე დღეს მოგვიანებით გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები მიესალმნენ „თბილისიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან დაკავებულთა ერთდროულ გათავისუფლებას“ და მას „მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული აქტი“ უწოდეს.            

„პატიმართა გათავისუფლების თაობაზე ურთიერთგაგების მიღწევა კარგ პერსპექტივებს  ხსნის შემდგომი ჩართულობისთვის“, – განაცხადეს ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს წარმომადგენლებმა ერთობლივ განცხადებაში.

„თანათავმჯდომარეები მიესალმებიან ამ ჟესტს და მოუწოდებენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილეებს განაგრძონ ანალოგიური პრაგმატული და შედეგზე ორიენტირებული მიდგომის გამოყენება დღის წესრიგშია არსებულ ყველა საკითხზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

ჟენევის დისკუსიებზე რეგულარულად დაყენებულ საკითხებს შორის არის ასევე ძალის გამოუყენებლობა და საერთაშორისო უსაფრთხოების სტრუქტურა, ასევე დევნილთა დაბრუნება, რომლებზეც მონაწილეები უკვე დიდი ხანია ვერანაირ პროგრესს ვერ აღწევენ. ჟენევის დისკუსიების მომდევნო, 35–ე რაუნდი 22–23 მარტს არის დაგეგმილი.

ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლი ასევე მიესალმა პატიმართა გაცვლას და აღნიშნა განცხადებაში, რომ ეს „ჰუმანიტარული ჟესტი“ აჩვენებს „მხარეების სურვილს მეტი იმუშაონ 1990-იანი და 2000-იანი წლების კონფლიქტების შემდეგ არსებული რთული საკითხების გადასაჭრელად“.   

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ასეთი ტიპის მოქმედებებს და მოვუწოდებთ ყველა მხარეს განაგრძონ ამ კონსტრუქციულ გარემოში თანამშრომლობა და სხვა ამგვარი საკითხებისკენ მიმართონ ყურადღება“, – განაცხადა მან.

მსგავსი/Related

Back to top button