skip to content
ახალი ამბები

ქართული ოცნება თურქეთის შესახებ თოფაძის განცხადების გამო ბოდიშს იხდის

ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს ბოდიშის მოხდა მოუწია მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების დეპუტატმა, მრეწველთა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გოგი თოფაძემ განაცხადა, რომ თურქეთს საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული.

საგარეო საქმეთა მინისტრს მიხელ ჯანელიძეს ასევე მოუწია თოფაძის განცხადებების უარყოფა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საპარლამენტო უმრავლესობას და მთავრობას თოფაძის განცხადებებისგან გამიჯვნა უხდებათ.  

ანტიდასავლური რიტორიკის და სტალინის მასობრივი რეპრესიების გამამართლებელი განცხადებების გამო თოფაძეს წარსულში რამდენჯერმე შეექმნა შეუსაბამობა მმართველი კოალიციის დეკლარირებულ პოლიტიკასთან.

2015 წლის ნოემბრის დასაწყისში თოფაძემ განაცხადა, რომ პარლამენტის დატოვებას გეგმავდა, რათა ზოგიერთ საკითხზე მისი შეხედულებები კოალიციისთვის დაბრკოლება არ გამხდარიყო; თუმცა, მან ასევე განაცხადა მაშინ, რომ დეპუტატის მანდატის დატოვებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მხოლოდ მას შემდეგ მიიღებდა, რაც პარლამენტი დაამტკიცებდა მის კანონპროექტს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისგან საქართველოს თავისუფალ ზონად გამოცხადების შესახებ. კანონპროექტი პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით 2 მარტს მიიღო, თუმცა გაურკვეველი რჩება დატოვებს თუ არა თოფაძე პარლამენტს.

თებერვალში თოფაძემ კიდევ ერთი დაპირისპირება გამოიწვია, როდესაც პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების დროს მან ტერმინი „დაუნი" დამამცირებელ კონტექსტში გამოიყენა, რასაც ფართომასშტაბიანი კრიტიკა მოყვა. შემდეგ მან თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი დაადანაშაულა საგარეჯოს შუალედური არჩევნების შედეგების გაყალბებაში. ამ ბრალდებას კოალიციაში შიდა დაპირისპირება მოყვა, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება.

თოფაძემ კიდევ ერთხელ მიიპყრო ყურადღება 9 მარტს თურქეთის შესახებ გაკეთებული განცხადებით, რომელიც მან იმ საკომიტეტო მოსმენაზე გააკეთა, რომელზეც რუსულ კომპანია „გაზპრომთან“ საქართველოს მოლაპარაკებები განიხილებოდა.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატების კრიტიკის საპასუხოდ, რაც „გაზპრომთან“ საქართველოს მოლაპარაკებებს უკავშირდებოდა, გოგი თოფაძემ განაცხადა: „ამაზე ააგეს, რომ ესე იგი თურმე როგორ შეიძლება, რომ რუსეთმა ჩვენი ტერიტორიები დაიკავა და „გაზპრომთან“ საუბარი არ შეიძლება… თუ ასე ვუდგებით, მაშინ თურქეთიდან, რომ ამდენი ნაგავი შემოაქვთ, იქ არ არის ჩვენი ტერიტორიები დაკავებული?“

ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ განაცხადა: „მე მინდა, როგორც უმრავლესობის ლიდერმა, ბოდიში მოვიხადო დღეს უმრავლესობაში შემავალი ერთ-ერთი ფრაქციის ხელმძღვანელის მიერ გაკეთებული განცხადების გამო, რაც ჩვენი აზრით არის არაკორექტული განცხადება ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნის – თურქეთის მიმართ და მინდა აღვუთქვა, ჩვენს თურქ მეგობრებს და კოლეგებს, რომ ამ აზრს არცერთ შემთხვევაში არ იზიარებს საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა  და საქართველოს ხელისუფლება“.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა: „როგორც ჩვენი უწყების, ასევე მთავრობის სახელით მსურს გავემიჯნო განცხადებას, რომელიც გააკეთა ბატონმა გოგი თოფაძემ“.

„თურქეთი არის საქართველოს მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. თურქეთი არის საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორი როგორც ეკონომიკური და სავაჭრო კუთხით, ასევე საინვესტიციო კუთხით. ჩვენ თურქეთთან ყოველდღიურად ვაღრმავებთ ორმხრივ თანამშრომლობას, რომელიც არის ძალიან მტკიცე და დაფუძნებულია ორი ქვეყნის მრავალწლიან მეგობრობაზე, ურთიერთპატივისცემაზე და სტრატეგიულ თანამშრომლობაზე“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button