skip to content
ახალი ამბები

კალაძის თქმით, საქართველო „გაზპრომთან“’ გაზის ტრანზიტის არსებულ პირობებს შეინარჩუნებს

საქართველო და რუსული კომპანია „გაზპრომი“ შეთანხმდნენ, რომ გაზის ტრანზიტის არსებულ პირობებს შეინარჩუნებენ და საქართველო რუსეთიდან კვლავაც სომხეთში ტრანსპორტირებული გაზის 10%–ს მიიღებს, განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ 5 მარტს.

„შეთანხმება მიღწეულია; დარჩა მხოლოდ ხელმოწერა“, – განუცხადა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ჟურნალისტებს.

„შეთანხმების შინაარსი არის ის, რომ წელს ვრჩებით ისევ იმ კონტრაქტის ფარგლებში, რაც იყო წლების წინ, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ ჩვენ ბუნებრივი აირის სახით მივიღებთ გატარებული აირის 10%–ს“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ კონტრაქტი 2016 წლის ბოლომდე იქნება ძალაში.

კალაძის განცხადებამდე ერთი დღით ადრე საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანულ კომპანია SOCAR–თან ახალ შეთანხებას მიაღწია, რომლის თანახმადაც საქართველო დამატებით 500 მილიონ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს აზერბაიჯანისგან.

ამჟამად, საქართველო, სომხეთში ტრანზიტის საფასურის სახით, გატარებული გაზის 10%–ს იღებს; „გაზპრომს“ სურდა, რომ ტრანზიტის გადასახადი საქართველოსთვის ფინანსური ფორმით გადაეხადა.

მონეტიზაციის შემთხვევაში, საქართველო, სავარაუდოდ, ვერ მიიღებდა საკმარის თანხას იმისათვის, რომ იგივე რაოდენობის გაზი შეეძინა, რასაც ის ახლა ტრანზიტის საფასურად იღებს. ამ შემთხვევაში, ქვეყანას მოუწევდა მეტი გაზის ყიდვა „გაზპრომისგან“.

თუმცა, აზერბაიჯანიდან დამატებითი გაზის მოწოდების შესახებ განცხადების გაკეთების შემდეგ, ენერგეტიკის მინისტრმა 4 მარტს განაცხადა: „დამატებითი მოცულობები ამ ეტაპზე საჭიროებას არ წარმოადგენს – საქართველო მომავალი წლების განმავლობაში იქნება უზრუნველყოფილი ბუნებრივი აირით“.

5 მარტს გაკეთებულ ცალკე განცხადებაში, კალაძემ უთხრა ჟურნალისტებს, რომ მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანთან შეთანხმება შედგა დამატებითი გაზის მოწოდების შესახებ, საქართველო ახლა უფრო ძლიერ პოზიციაზეა „გაზპრომთან“ მოლაპარაკებებში.

„თუ მომავალ წელს ამაზე იქნება საუბარი, ჩვენ უკვე უფრო მყარი პოზიციებით ვიქნებით“, – განაცხადა მან.

კალაძემ განცხადება „გაზპრომთან“ არსებული პირობების შენარჩუნების თაობაზე ნაციონალური მოძრაობის საპროტესტო აქციის წინა დღეს გააკეთა. ოპოზიციური პარტიის ცოცხალი ჯაჭვის აქცია „გაზპრომის“ წინააღმდეგ 6 მარტს გაიმართა.

ნაციონალური მოძრაობის ლიდერები, რომლებიც შეთანხმებაში თავიანთ წვლილს უსვამენ ხაზს, აცხადებენ, რომ მათმა მწვავე პოზიციამ საქართველოს გაზმომარაგებაში „გაზპრომის“  წილის შესაძლო გაზრდის წინააღმდეგ, აიძულა მთავრობა, რომ „გაზპრომთან“ არსებული სატრანზიტო პირობები შეენარჩუნებინა და დამატებითი გაზის მოწოდებაზე აზერბაიჯანთან გაემართა მოლაპარაკებები.

„ჩვენ ძალიან ახლოს ვართ საბოლოო გამარჯვებასთან. ის ფაქტი, რომ ჩვენ ხელისუფლება ვაიძულეთ, უარი ეთქვა „გაზპრომზე“ ნიშნავს იმას, რომ ამ აქციამ თავის მიზანს თითქმის მიაღწია, თითქმის იმიტომ, რომ საბოლოო მიზანს მივაღწევთ მაშინ, როცა დავრწმუნდებით ჩვენ, ქართული საზოგადოება, ჩვენი უცხოელი პარტნიორები, რომ საბოლოოდ უარი ვათქმევინეთ ხელისუფლებას საქართველოს დაბრუნებაზე რუსული გავლენის, „გაზპრომის“ და რუსული წყვდიადის ეპოქაში“, – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის უმცირესობის ლიდერმა, დეპუტატმა დავით ბაქრაძემ 6 მარტს თბილისში ცოცხალი ჯაჭვის აქციის დაწყებამდე.

მსგავსი/Related

Back to top button