ახალი ამბები

ქართულ ოცნებაში დაპირისპირების ფონზე, საგარეჯოს შუალედური არჩევნების გამოძიება დაიწყო



2014 წლის ადგილობრივი არჩევნების კამპანიის დროინდელი ფოტო, სადაც ქართული ოცნების დროშაზე არის წარწერა "ერთად ვიზრუნოთ საქართველოზე!"  

პროკურატურამ გამოძიება დაიწყო ბრალდებაზე, რომელიც კოალიცია ქართული ოცნებაში ერთ–ერთი პარტნიორი პარტიის ლიდერმა გააჟღერა და რომლის თანახმადაც თავდაცვის მინისტრმა ძალაუფლება ბოროტად გამოიყენა ოთხი თვის წინ საგარეჯოს შუალედური არჩევნების შედეგების გაყალბების მიზნით.  

გამოძიება კოალიციის ორ წევრ პარტიას – რესპუბლიკელებსა და მრეწველებს შორის დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს, რომლის ლიდერებიც უკვე კვირებია ერთმანეთთან დავაში არიან ჩართულნი, რომლის ფარგლებშიც მრეწველთა პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გოგი თოფაძემ თავდაცვის რესპუბლიკელი მინისტრი თინა ხიდაშელი საგარეჯოს შუალედური არჩევნების შედეგების გაყალბებაში დაადანაშაულა.

საგარეჯოს ერთმანდატიან ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა, სადაც ქართული ოცნების დეპუტატმა თამარ ხიდაშელმა რესპუბლიკური პარტიიდან მცირე უპირატესობით დაამარცხა ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ერთ–ერთი ლიდერი.

ინაშვილმა  შედეგები გაასაჩივრა; მისი ერთ–ერთი საჩივარი ეხებოდა იმას, რომ არჩევნებამდე მუხროვანის ბაზაზე 500–ზე მეტი ჯარისკაცი განათავსეს და ქართული ოცნების კანდიდატის სასარგებლოდ ხმების გაყალბების მიზნით მათთვის სპეციალური საარჩევნო უბანი შექმნეს. მუხროვანში განთავსებულ საჯარისო შენაერთს 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებზე ხმა იმავე ოლქში არ მიუცია, რადგანაც მაშინ კონტინგენტი ავღანეთში იმყოფებოდა ნატოს მისიის ფარგლებში.

ინაშვილმა სასამართლოში რამდენიმე სარჩელი შეიტანა, თუმცა ყველა საქმე წააგო; ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ასევე არ დააკმაყოფილა მისი საჩივრები, რომელშიც ის არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვდა. ნოემბერში ინაშვილმა მთავრობის კანცელარიის წინ ორკვირიანი შიმშილობის აქცია გამოაცხადა.

უმსხვილესმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ, სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ განაცხადა, რომ 31 ოქტომბრის შუალედური არჩევნების დროს დაფიქსირებულ დარღვევებს საბოლოო შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია.

საგარეჯოს შუალედური არჩევნების საკითხი რამდენიმე თვის შემდეგ ისევ გააქტიურდა, როდესაც მრეწველთა პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა, გოგი თოფაძემ თავდაცვის მინისტრს ბრალდებები წაუყენა და გაღვივდა დაპირისპირება, რამაც შესაძლოა 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის კოალიცია ქართული ოცნების კონფიგურაციის შეცვლა გამოიწვიოს.

ანტიდასავლური რიტორიკის და სტალინის მასობრივი რეპრესიების გამამართლებელი განცხადებების გამო თოფაძეს წარსულში რამდენჯერმე შეექმნა შეუსაბამობა მმართველი კოალიციის დეკლარირებულ პოლიტიკასთან.

2015 წლის ნოემბერში მან განაცხადა, რომ პარლამენტის დატოვებას გეგმავდა, რათა ზოგიერთ საკითხზე მისი შეხედულებები კოალიციისთვის დაბრკოლება არ გამხდარიყო; თუმცა, მან ასევე განაცხადა მაშინ, რომ დეპუტატის მანდატის დატოვებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მხოლოდ მას შემდეგ მიიღებდა, რაც პარლამენტი დაამტკიცებდა მის კანონპროექტს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისგან საქართველოს თავისუფალ ზონად გამოცხადების შესახებ. კანონპროექტი პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით 2 მარტს მიიღო, თუმცა გაურკვეველი რჩება დატოვებს თუ არა ის პარლამენტს. დეპუტატმა თოფაძემ ცოტა ხნის წინ მიანიშნა, რომ ნოემბერში გაკეთებული განცხადება არ ნიშნავს იმას, რომ ის აუცილებლად დატოვებს პარლამენტს მისი კანონპროექტის მიღების შემდეგ, რადგანაც მას კიდევ აქვს რამდენიმე სხვა ინიციატივა, რომლის დაყენებაც პარლამენტში სურს.

თებერვალში თოფაძემ კიდევ ერთი დაპირისპირება გამოიწვია, როდესაც პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების დროს მან ტერმინი „დაუნი" დამამცირებელ კონტექსტში გამოიყენა, რასაც ფართომასშტაბიანი კრიტიკა მოყვა.

თოფაძის ამ განცხადების კომენტირებისას თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა, რომელსაც, სავარაუდოდ, პარლამენტიდან მრეწველთა ლიდერის დაანონსებული წასვლა ჰქონდა მხედველობაში,  განაცხადა 4 თებერვალს: „სიმართლე გითხრათ, მე მეგონა, რომ ის უკვე აღარ იყო პარლამენტის წევრი“.

დაახლოებით, ერთი კვირის შემდეგ 10 თებერვალს გამოქვეყნებულ საგაზეთო ინტერვიუში თოფაძემ თავდაცვის მინისტრი ხიდაშელი თანაპარტიელ თამარ ხიდაშელის სასარგებლოდ საგარეჯოს შუალედური არჩევნების გასაყალბებლად თანამდებობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა.

ქართული ოცნების ზოგიერთი პოლიტიკოსი, მათ შორის რესპუბლიკური პარტიიდან, თავიდან შეეცადა ჯეროვანი ყურადღება არ დაეთმო თოფაძის განცხადებისთვის, რომელიც მრეწველთა პარტიის ლიდერის არასწორ ინტერპრეტირებას მიაწერეს. თავად თოფაძეც თავიდან უარს აცხადებდა კომენტარის გაკეთებაზე.

თუმცა, 16 თებერვალს მან ირმა ინაშვილის ტელეკომპანია „ობიექტივს“ ინტერვიუ მისცა და ხიდაშელის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებზე ისაუბრა. მისი თქმით, თავდაცვის მინისტრმა ორგანიზება გაუკეთა მუხროვანის ბაზაზე დამატებითი დანაყოფების განთავსებას საგარეჯოს შუალედური არჩევნების წინ და ივარაუდა, რომ ამით მან რესპუბლიკური პარტიის კანდიდატის სასარგებლოდ არჩევნების შედეგები გააყალბა. თოფაძემ ხაზი გაუსვა, რომ ამ დარღვევაზე პასუხისმგებელი უშუალოდ ხიდაშელია და არა რესპუბლიკური პარტია ან კოალიცია ქართული ოცნება.  

მან განაცხადა 16 თებერვალს, რომ თუ საქართველო დემოკრატიული სახელმწიფოა, თავდაცვის მინისტრის ეს სავარაუდო ქმედება შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ.      

იმავე ინტერვიუში, თოფაძემ ასევე განაცხადა, რომ საქართველოს „ნეიტრალური“ სტატუსი უნდა ჰქონდეს და არ უნდა შეუერთდეს არც ნატოს და არც რომელიმე სხვა სამხედრო ბლოკს – ამგვარი პოზიცია ეწინააღმდეგება ხელისუფლების მიერ ნატოში ინტეგრაციის თაობაზე გაცხადებულ კურსს.

მისი თქმით, ნატო არ გაუღებს კარს საქართველოს და ხიდაშელს შეცდომაში შეყავს ხალხი, როცა ნატოსკენ მიმავალ გზაზე საქართველოს პროგრესზე საუბრობს.

თოფაძემ მართალია აღნიშნა, რომ ევროპული ინტეგრაციის მომხრეა, მაგრამ ისიც განაცხადა, რომ საქართველო უნდა შეეწინააღმდეგოს, მისი თქმით, ევროკავშირის მცდელობებს, რომ ლგბტ პირებთან დაკავშირებული კანონები მოახვიოს თავს ქვეყანას.

ანალოგიური განცხადებები ნატოს და ევროკავშირის, ასევე რესპუბლიკური პარტიის შესახებ ხშირად კეთდება საქართველოს პატრიოტთა ალიანსის მხრიდან, რამაც გამოიწვია სპეკულაციები იმის თაობაზე, რომ თუ მრეწველთა პარტია მმართველ კოალიციას დატოვებს, ის შესაძლოა 2016 წლის არჩევნებისთვის საქართველოს პატრიოტთა ალიანსთან დაჯგუფდეს – თუმცა ეს ვარაუდი თოფაძემ უარყო.

ეს პოზიცია ნატოსა და რესპუბლიკური პარტიის შესახებ ასევე შეესაბამება იმ პოზიციას, რომელიც დემოკრატიული მოძრაობის ლიდერს, ნინო ბურჯანაძეს გააჩნია და რომელიც ბოლო შვიდ თვეში უკვე სამჯერ სტუმრობდა მოსკოვს რუსეთის ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებებისთვის.

რესპუბლიკური პარტიის ლიდერები, მათ შორის თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, მათ წინააღმდეგ თავდასხმებს ანტიდასავლური, პრორუსული ძალების კამპანიად აფასებენ, რაც, მათი თქმით, არა რესპუბლიკელების, არამედ მთლიანად კოალიციის და მთავრობის წინააღმდეგ არის მიმართული.

17 თებერვალს გამართულ პარლამენტის სხდომაზე დეპუტატმა დავით ბერძენიშვილმა რესპუბლიკური პარტიიდან განაცხადა: „ორკესტრირებული კამპანია საქართველოს თავდაცვის მინისტრის, სამიზნედ შერჩეული ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ევრო–ატლანტიკურ ასპარეზზე ჩვენი ხელისუფლების თანამდებობის პირის წინააღმდეგ, გოგი თოფაძის პარლამენტში თუ განსაკუთრებით პარლამენტს გარეთ მისი მხარდამჭერების თუ შემკვეთების შესრულებით არის ანტიკოალიციური, ანტისახელისუფლებო, ანტიქართული კამპანია“.

თოფაძემ უპასუხა, რომ დავით ბერძენიშვილი და მისი ძმა ლევანი, ასევე ქართული ოცნების დეპუტატი რესპუბლიკური პარტიიდან, საქართველოს არაბ დამპყრობელზე, მურვან ყრუზე მეტად სძულთ ქართველ ხალხს.

რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ თოფაძემ პარლამენტის დატოვების შესახებ თავისი განცხადება სისრულეში უნდა მოიყვანოს. 

19 თებერვალს დავაში პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჩაერთო და განაცხადა, რომ თოფაძის მიერ თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ  გამოთქმული ბრალდებები „აბსოლუტურად მიუღებელია“.
 
„ის ჩირქს სცხებს არა ერთ პარტიას, არამედ მთლიანად მთავრობას და მინდა მოვუწოდო ჩვენს თანაგუნდელებს, ასეთი საკითხები, თუ მათ აქვთ შეკითხვები, ალბათ, სხვა წესით და სხვა ფორმატში უნდა განიხილებოდეს“, – განაცხადა კვირიკაშვილმა, „ჩვენი ერთიანობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. საუბარია არა მხოლოდ ჩვენს კოალიციაზე, არამედ მზად ვართ, კარი გავუღოთ ყველა ადამიანს, ვინც ჩვენთან ერთად აიღებს ტვირთს, რომელიც არ არის მსუბუქი და იმ პრინციპებით და იმ ხედვით ემსახურება ქვეყანას, რომლითაც ჩვენ მივდივართ წინ“.

ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს დეპუტატებმა თავი შორს დაიჭირეს თოფაძის ანტიდასავლური რიტორიკისგან, თუმცა მაინც სიფრთხილეს იჩენდნენ შეფასებებში და ცდილობდნენ, რომ არც ერთ მხარეს არ მიმხრობოდნენ რესპუბლიკელებსა და მრეწველებს შორის დავაში, აცხადებდნენ რა, რომ ორივე მხარეს მეტი თავშეკავება უნდა გამოეჩინა და დავა სააშკარაოზე არ უნდა გამოეტანა.

თავად ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო, რომელიც პრემიერ–მინისტრ კვირიკაშვილის თავმჯდომარედ არჩევას გაზაფხულზე დაგეგმილ ყრილობაზე აპირებს, ეკლექტური ერთობაა, რომლის ზოგიერთი დეპუტატიც, სავარაუდოდ, თოფაძეს უფრო ემხრობა.

გასულ კვირას ორივე დაპირისპირებული პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ისინი წყვეტენ საჯარო დებატებს ამ საკითხზე და კოალიცია ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს შეხვედრას დაელოდებიან. შეხვედრა ამ დრომდე არ გამართულა და ჯერჯერობით უცნობია როდის შედგება.

25 თებერვალს საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ განაცხადა, რომ თოფაძის მიერ გამოთქმული ბრალდება რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს და რომ პროკურატურამ უნდა გამოიძიოს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებული განცხადებები.

ცოტა ხანში პროკურატურამ განაცხადა, რომ ამ საქმეზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332–ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ეხება.

ზოგიერთი პოლიტიკური მიმომხილველი და მედია საშუალება ვარაუდობენ, რომ თოფაძის თავდასხმებს რესპუბლიკური პარტიის წინააღმდეგ ყოფილი პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უჭერს მხარს და მათი მიზანი რესპუბლიკელების გაზრდილი პოლიტიკური ამბიციების მოთოკვაა, განსაკუთრებით ქართული ოცნების პარტიული სიის შედგენის წინ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.

კითხვაზე მიაჩნია თუ არა მას, რომ რესპუბლიკური პარტიის წინააღმდეგ კამპანია შესაძლებელი იქნებოდა ივანიშვილის თანხმობის გარეშე, თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა უპასუხა ტელეკომპანია „TV პირველს“ 26 თებერვალს, რომ ის 100%-ით  დარწმუნებულია, რომ ამ კამპანიას ივანიშვილის მხარდაჭერა არ აქვს.

მან ასევე განაცხადა, რომ არ უკვირს მის მიმართ აგრესია იმ ხალხისგან, რომელიც სტალინს ეტრფის.

თავდაცვის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ პროკურატურის გადაწყვეტილება გამოძიების დაწყების თაობაზე „შეცდომა“ იყო, რადგანაც საგარეჯოს შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით უკვე რამდენიმე სასამართლო გადაწყვეტილება არსებობს.

„ჩემთვის ადამიანურად არის ძალიან მაგარი – პროკურატურამ ეს გააკეთა იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ გამოჩნდეს, რომ ეს არის ჩვეულებრივი ტყუილი, შანტაჟი და ცილისწამება“, – განაცხადა მან.
 
„როდესაც ამდენი გადაწყვეტილება არსებობს და ყველა კითხვაზე სამართლებრივი, და არა პოლიტიკური, პასუხი გაცემულია ორი პარალელური ინსტიტუციის მიერ – საარჩევნო ადმინისტრაციების და სასამართლოების მიერ – როდესაც იწყებ გამოძიებას, ამით შენ ეჭვქვეშ აყენებ ლეგიტიმაციას ამ სასამართლოს გადაწყვეტილებების და კომისიების გადაწყვეტილებების“, – განაცხადა ხიდაშელმა.

ანალოგიური პოზიცია მან „რუსთავი 2“–თან ინტერვიუშიც გაიმეორა 1 მარტს, სადაც ხიდაშელმა გაიმეორა, რომ თოფაძის თავდასხმები პრორუსული ძალების კამპანიის ნაწილია, რაც ქვეყნის პროდასავლური კურსის წინააღმდეგ არის მიმართული.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განუცხადა ჟურნალისტებს 29 თებერვალს დაპირისპირებაზე საუბრისას, რომ ეს საკითხები არის „არასასურველი, თუმცა აღმოჩნდა, რომ არის გარდაუვალი“.

„აქ არ არის საუბარი რესპუბლიკელებსა და მრეწველებს შორის პრობლემაზე“, – განაცხადა მან, „აქ არის საუბარი ჩვენი მხრიდან იმ საკითხზე, რომელიც ეხება კოალიციის, ქვეყნის, ხელისუფლების საკითხებს, ჩვენს მომავალს და ჩვენ უნდა ვიყოთ და ვიქნებით ერთგულნი კოალიციის სადამფუძნებლო დოკუმენტების და გაცხადებული პრინციპების მიმართ“.

„ბატონი გოგი თოფაძის საკითხი რამდენიმე თვის წინ იყო სრულიად გარკვეული – მან განაცხადა, რომ ის გარკვეული პერიოდის შემდეგ ტოვებდა საქართველოს პარლამენტს“, – განაცხადა უსუფაშვილმა და დასძინა, რომ იმედოვნებს, რომ ეს გადაწყვეტილება შესრულდება და „კოალიცია ნორმალურ რიტმში გააგრძელებს საქმიანობას“.

ქართული ოცნების წარმომადგენლები აღიარებენ, რომ შიდა დაპირისპირება მმართველ კოალიციას ვნებს, განსაკუთრებით 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ.

„მთავარი მოწინაღმდეგე ქართული ოცნების არის ქართული ოცნება თავად. ამ ეტაპზე ასეა. არის გარკვეული შეცდომები დაშვებული. არის გარკვეული ხედვების დაპირისპირება, რომელიც არ უნდა იყოს და არ უნდა ახასიათებდეს კოალიციას.  საერთოდ, კოალიციაში საქმიანობის სიძნელე არის. არის ეკონომიკური თემები და ვფიქრობ, რომ, ამან განაპირობა ის, რომ რეიტინგი შემცირდა“, – განაცხადა დეპუტატმა გია ვოლსკიმ, რომელიც ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარეა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button