Placeholder canvas
ახალი ამბები

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა ორგანო სიძულვილით ჩადენილი დანაშაულების გამო საქართველოს აკრიტიკებს

საქართველოში ანტიდისკრიმინაციულ პოლიტიკასა და კანონმდებლობაზე მიღწეული გარკვეული პროგრესის მიუხედავად, სიძულვილის ენა და ძალადობა რელიგიური და სექსუალური უმცირესობების წინააღმდეგ მაინც გაიზარდა ბოლო წლების განმავლობაში, განაცხადა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა ორგანომ,  ევროპულმა კომისიამ რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ (ECRI).

ECRI, რომელიც დამოუკიდებელი ექსპერტებისგან შედგება, 1 მარტს საქართველოს შესახებ თავისი პერიოდული მოხსენება გამოაქვეყნა.

წინა მოხსენება საქართველოს შესახებ ევროპულმა კომისიამ 2010 წლის აპრილში გამოაქვეყნა; ახალი მოხსენება კი 2015 წლის ივნისის შუა რიცხვებამდე არსებულ პერიოდს მოიცავს. 

„სიძულვილის ენა ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობათა მიმართ, ასევე ლგბტ პირების წინააღმდეგ, კვლავ ფართოდ გავრცელებული პრობლემაა საქართველოში. ამ ჯგუფებზე ფიზიკური თავდასხმები შემაშფოთებელი სიხშირით ხდება“, – ნათქვამია მოხსენებაში. 

საქართველოს მთავრობამ მოხსენებაზე კომენტარში განაცხადა, რომ „არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ დავასკვნათ, რომ ეს შემთხვევები შემაშფოთებელი სიხშირით ხდება“.

მოხსენების თანახმად, „ქართულ საზოგადოებაში არის ზოგადად ჰომო და ტრანსფობიური კლიმატი, ლგბტ ჯგუფებს ხშირად დასხმიან თავს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს გამართული საჯარო ღონისძიება“.

მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლების პასუხები ამ ინციდენტებზე „არ შეიძლება ჩაითვალოს ადეკვატურად“ და ხელისუფლების ორგანოები „ყოველთვის საკმარისად არ იძიებენ და სამართლებრივად არ დევნიან სიძულვილით ჩადენილ დანაშაულს“.

მოხსენების თანახმად, მართალია „ბოლო დროს თავდასხმებისა და მუქარის გარკვეულ შემთხვევებს  ლგბტ პირთა წინააღმდეგ პოლიცია იძიებდა“, მაგრამ „თავდაპირველად ისინი უარს აცხადებდნენ გამოძიების დაწყებაზე ან უხალისოდ ეკიდებოდნენ რიგ საქმეთა გამოძიებას“.

მოხსენება ასევე აღნიშნავს, რომ მართალია ECRI–ის რეკომენდაციით, საქართველომ 2012 წელს ცვლილებები შეიტანა სისხლის სამართლის კოდექსში, რომელიც დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევს რასობრივ, რელიგიურ, ეროვნულ, ეთნიკურ, ჰომოფობიურ თუ ტრანსფობიურ შეუწყნარებლობას, მაგრამ ეს მუხლი  „ძალიან იშვიათად გამოიყენება და ერთი შემთხვევაც კი არ ყოფილა, რომ იგი გამოეყენებიათ სექსუალურ ორიენტაციასა ან გენდერულ იდენტობასთან მიმართებით“.  

მოხსენების თანახმად, ხელისუფლებას „არ მიუღია ადეკვატური ზომები ქვეყანაში რელიგიურ შეუწყნარებლობასთან გასამკლავებლად“ და ასევე ვერ აამოქმედა კანონი, რომელიც რელიგიურ უმცირესობათა უფლებებს დაიცავდა მათზე განხორციელებული იმ თავდასხმების დროს, რომლებიც რელიგიური შეუწყნარებლობით იყო მოტივირებული.

„ამის ნაცვლად, ზოგიერთ შემთხვევაში, ისინი შეეცადნენ აემოქმედებინათ ადგილობრივი მედიაციის მექანიზმები, მოუწოდებდნენ დომინანტურ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას, მოლაპარაკებოდნენ ადგილობრივ მუსლიმ თემს ისლამოფობიური თავდასხმების შემდეგ“, – ნათქვამია მოხსენებაში. 

მოხსენებაში, რომელიც რეკომენდაციებსაც მოიცავს, ECRI  მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას პოლიციის სპეციალური განყოფილება შექმნას, რომელიც რასისტულ და ჰომო/ტრანსფობიურ ძალადობაზე იმუშავებს.

ECRI ასევე იძლევა რეკომენდაციას, რომ სასამართლოს და სამართალდამცველ ორგანოთა მოხელეთათვის გაიზარდოს სატრენინგო აქტივობები სიძულვილით ჩადენილ დანაშაულთა გამოძიებაზე.

ECRI-მ ასევე მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, რომ 2014 წელს მიღებულ ანტიდისკრიმინაციულ კანონში ცვლილებები შეიტანოს, რათა მასში აისახოს საჯარო სამსახურების ვალდებულება იმის უზრუნველსაყოფად, რომ ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა დაიცვან მხარეებმაც, რომლებიც მათგან კონტრაქტს, სესხებს, გრანტებს ან რაიმე სხვა სარგებელს იღებენ.

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის, მედიის განვითარების ფონდის ანგარიშზე დაყრდნობით, ECRI აცხადებს, რომ ქსენოფობიური და ჰომოფობიური მიდრეკილებების მქონე  ზოგიერთმა მედია საშუალებამ 2013–2014 წლებში სამინისტროებისა და სახელმწიფო სტრუქტურებისგან სარეკლამო კონტრაქტები მიიღო. 

ECRI იძლევა რეკომენდაციას, რომ ხელისუფლებამ „გადახედოს მის კონტრაქტებს მედია საშუალებებთან და გააუქმოს ან აღარ განაახლოს ისინი, თუ მედია შეიმჩნევა რასისტულ ან ჰომო/ტრანსფობიულ სიძულვილის ენის გამოვლენაში. ხელისუფლებამ ასევე უნდა უზრუნველყოს, რომ მომავალი კონტრაქტები შეიცავდნენ დათქმას კონტრაქტის გაუქმების შესახებ, თუკი მედიაში გამოვლინდება რასისტული ან ჰომო/ტრანსფობიური სიძულვილის ენა“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button