skip to content
ახალი ამბები

საქართველო საბჭოთა ოკუპაციის დღეს აღნიშნავს

95 წლის წინ ბოლშევიკური წითელი არმიის მიერ თბილისი აღების დღესთან დაკავშირებით 25 თებერვალს  საქართველოს სამთავრობო შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.  

საქართველოს ოკუპაციის დღე საქართველოში ოფიციალურად აღინიშნება მას შემდეგ, რაც პარლამენტმა 2010 წელს დადგენილება მიიღო, რომელიც ავალებს მთავრობას ყოველ 25 თებერვალს, ასეულ ათასობით ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, რომლებიც ”კომუნისტურმა საოკუპაციო რეჟიმმა პოლიტიკური ნიშნით სიცოცხლეს გამოასალმა”, დაუშვას სახელმწიფო დროშები და გამოცხადდეს წუთიერი დუმილი.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, მთავრობის წევრებმა, დეპუტატებმა, პოლიტიკოსებმა და შეიარაღებული ძალების მაღალი რანგის წარმოადგენლებმა 1921 წლის თებერვალში წითელ არმიასთან ბრძოლის დროს დაღუპულ ქართველ იუნკერთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.

„95 წლის წინ ჩვენმა წინაპრებმა დაიწყეს ბრძოლა ქვეყნის გასათავისუფლებლად საბჭოთა იმპერიისგან. 70 წლის მერე ჩვენმა თაობამ შეძლო ამ ბრძოლის მოგება და დამოუკიდებელი საქართველოს შექმნა. დღეს ბრძოლა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ გრძელდება და ჩვენ ამ ბრძოლას ყველა ერთად მოვიგებთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ტაბახმელაში გამართულ ცერემონიაზე.

ხუთშაბათს მთავრობის სხდომაზე საუბრისას პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა: „მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლა წაგებით დასრულდა, საბოლოო ჯამში საქართველოს სუვერენიტეტის შენარჩუნებისთვის ომი მოგებულია. ის რომ დღეს ამ შენობის თავზე საქართველოს დროშა ფრიალებს, ის რომ დღეს ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ჩვენი სუვერენული გადაწყვეტილებები, თუნდაც საქართველოს დასავლური კურსის თაობაზე, არის დამსახურება ამ ადამიანების და კიდევ არაერთი გმირის, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე გაწირეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის“. 

პარლამენტმა 2010 წელს კიდევ ერთი დადგენილება მიიღო ერთხმად, რომლის თანახმადაც 23 აგვისტო ტოტალიტარული რეჟიმების მსხვერპლთა ხსოვნის დღედ გამოცხადდა. 

მსგავსი/Related

Back to top button