skip to content
ახალი ამბები

თბილისი ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციაზე ოფიციალური წინადადების წარდგენას მარტის დასაწყისში ელის

თბილისი იმედოვნებს, რომ ევროკომისია ვიზების ლიბერალიზაციაზე ოფიციალურ წინადადებას მარტის დასაწყისში წარადგენს, განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ. 

„მარტის დასაწყისში ჩვენ ველით, რომ შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა გაიგზავნება ევროპარლამენტში. ამის შემდგომ ევროპარლამენტი განიხილავს აღნიშნულ საკითხს და ევროკავშირის საბჭოზე მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებით, ძალაში შევა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისათვის“, – განუცხადა ბაქრაძემ ტელეკომპანია „იმედს“ ბრიუსელში, სადაც მისი ოფისის ინიციატივით გამოცემული ინგლისურენოვანი წიგნის „საქართველოს ევროპული გზები" პრეზენტაციას ესწრება ევროპარლამენტში.

ევროკომისიამ დეკემბერში განაცხადა, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ყველა ამოცანა შეასრულა და ის „2016 წლის დასაწყისში“ შესთავაზებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, რომ საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის უფლება მისცენ. ვიზების ლიბერალიზაციაზე ოფიციალური წინადადების წარდგენის შემდეგ, ის ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა და ევროპარლამენტმა უნდა დაამტკიცონ.

ბრიუსელში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის სტუმრობისას ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანმა 9 თებერვალს განაცხადა, რომ ევროკომისია „მომდევნო კვირებში“ აპირებდა საქართველოსთვის ვიზების გაუქმების თაობაზე საკანონმდებლო წინადადების წარდგენას.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 22-23 თებერვალს ჩეხეთში ოფიციალური ვიზიტის დროს, როცა იქ სასწავლებლად მყოფ ქართველ სტუდენტებს შეხვდა, განაცხადა, რომ „ძალიან მნიშვნელოვანია“, რომ საქართველომ „მაქსიმალურად მოკლე დროში“ მიაღწიოს ვიზების ლიბერალიზაციას შენგენის ზონაში, რაშიც „ევროკომისიის ხელმძღვანელობა სრული შემადგენლობით ძალიან მხარს გვიჭერს“.

„თუმცა არის გარკვეული შეშფოთებები მიგრანტების კრიზისთან დაკავშირებით ზოგიერთ დიდ ქვეყანაში, როგორიცაა გერმანია, საფრანგეთი, ჰოლანდია და ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად გავუფანტოთ ეს შეშფოთებები… რომ გავაგებინოთ, რომ ვიზალიბერალიზაცია საქართველოსთვის არანაირ კავშირში არ არის,  პრინციპში, მიგრანტების კირიზისთან“, – განაცხადა კვირიკაშვილმა პრაღაში, სადაც ჩეხეთის ხელმძღვანელობასთან მაღალი დონის შეხვედრები გამართა.

იმავდროულად, 23-26 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ბერლინს სტუმრობს, სადაც ის  თავის გერმანელ კოლეგას ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერალური კანცლერის მრჩეველს შეხვდება.

მინისტრი ჯანელიძე უკვე შეხვდა ბუნდესტაგის დელეგაციის წევრებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში და საგარეო უწყების ცნობით, სხვა საკითხებთან ერთად, ხაზი გაუსვა „გერმანიის მხარდაჭერის მნიშვნელობას ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულების საქმეში და აღნიშნა რომ ევროპასთან უვიზო მიმოსვლა არის უმთავრესი საკითხი ქვეყნის როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში“.

მსგავსი/Related

Back to top button