ახალი ამბები

პარლამენტმა სასამართლოებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა 19 თებერვალს 77 ხმით 5-ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით მიიღო სასამართლოებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, მოსამართლეებზე საქმეთა ელექტრონული წესით განაწილებას ითვალისწინებს.

ცვლილებათა პაკეტი, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ავტორობით მომზადდა და მისი სასესიო განხილვა ინიცირებიდან დაახლოებით რვა თვის შემდეგ დაიწყო, ასევე ითვალისწინებს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების შემოღებას, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდას, საერთო სასამართლოს  თავმჯდომარეების არჩევითობას. თუმცა განხილვის პროცესში ამ პაკეტმა, თავდაპირველად წარდგენილ ვერსიასთან შედარებით, გარკვეული ცვლილებები განიცადა.
 
ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, მოსამართლეებზე საქმეები შემთხვევითი განაწილების პრინციპით, ელექტრონული წესით ავტომატურად განაწილდება. თუმცა, კანონპროექტი,  ელექტრონული სისტემის დროებით შეფერხებისას, ასევე ითვალისწინებს სასამართლოს თავმჯდომარის მიერ საქმეთა შემოსვლის რიგისა და მოსამართლეთა ანბანური რიგითობის მიხედვით განაწილების შესაძლებლობასაც.

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ 17 თებერვალს ცვლილებების განხილვის დროს განაცხადა, რომ საქმეთა ავტომატური განაწილების წესი მინიმუმამდე დაიყვანს იმ პრაქტიკას, როცა გახმაურებული საქმეები სასურველი მოსამართლეების ხელში ხვდებოდა.

ცვლილებების თანახმად, ყველა მოსამართლე თანამდებობაზე მხოლოდ კონკურსის წესით გამწესდება, მათ შორის იუსტიციის სკოლის კურსდამთავრებულებიც, რომელთა უკონკურსოდ დანიშვნის საგამონაკლისო წესს ამჟამინდელი კანონმდებლობა უშვებს. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა შერჩევისას დაეყრდნობა ორ ძირითად კრიტერიუმს – კეთილსინდისიერებას და კომპეტენტურობას, რომელიც თავის მხრივ, კანონპროექტის მიხედვით, მოიცავს ისეთ ქვეკრიტერიუმებს, როგორიცაა პიროვნული და პროფესიული რეპუტაცია და ქცევა, დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და სამართლიანობა, სამართლის ნორმების ცოდნა, დასაბუთების უნარი და სხვა პროფესიული თვისებები. მოსამართლეობის კანდიდატის პროფესიულ რეპუტაციას და საქმიანობას წინასწარ შეისწავლის იუსტიციის საბჭოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული და მხოლოდ ამის შემდეგ დაინიშნება საბჭოს გასაუბრება მასთან, რომლის ფარგლებშიც კანდიდატის კრიტერიუმებთან შესაბამისობა ქულათა სისტემით შეფასდება, როგორც ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ განაცხადა.

ამასთან, კანდიდატს, თუ მას იუსტიციის უმაღლესი საბჭო უარს ეტყვის მოსამართლედ დანიშვნაზე, ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში შეეძლება –  გასაჩივრების ამგვარ მექანიზმს მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს და მისი შემოღებისკენ ასევე მოუწოდა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა.

მოსამართლეები, უვადოდ გამწესებამდე, 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით ინიშნებიან, რა დროსაც მათ საქმიანობას მონიტორინგს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უწევს. თუმცა, 3-წლიანი პრობაციის წესი არ გავრცელდება მათ მიმართ, ვინც მოსამართლედ 10 წელი იმსახურა და ისინი კონკურსის წესით პირდაპირ უვადოდ გამწესდებიან თანამდებობებზე – ამგვარი გამონაკლისის შემოღება, რისკენაც ასევე მოუწოდეს განხილვების დროს ქართული ოცნების დეპუტატებმა, მოსამართლეთა კორპუსის მიმართ ერთგვარი კომპრომისია და შესაბამისი დებულებები, ბარამიძის განცხადებით, კანონპროექტში მეორე მოსმენისთვის აისახება.

განხილვის დროს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ მოუწოდა ისეთი მექანიზმის შემოღებისკენ, რომლითაც უვადოდ დანიშვნამდე მოსამართლეთა წარსული სამოსამართლო საქმიანობა უნდა შეფასდეს.

ცვლილებები ასევე ითვალისწინებს საერთო სასამართლოების თავმჯდომარეთა არჩევითობას  – ამჟამად ამ თანამდებობებზე მოსამართლეები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ინიშნებიან. კანონპროექტის თავდაპირველ ვარიანტში, თუ სააპელაციო და საქალაქო სასამართლოების თავმჯდომარეებს შესაბამისი სასამართლოს მოსამართლეები თავად ირჩევდნენ, განხილვის პროცესში ალექსანდრე ბარამიძემ გაიზიარა ქართული ოცნების დეპუტატის გედევან ფოფხაძის შეთავაზება, რომლის მიხედვითაც მოსამართლეები შეარჩევენ 3 კანდიდატურას, რომელთაგან იუსტიციის საბჭო შესაბამისი სასამართლოს თავმჯდომარედ ერთ-ერთს დანიშნავს.

ინიციატორმა საპარლამენტო განხილვის დროს ასევე გაიზიარა ქართული ოცნების დეპუტატის გია ვოლსკის შეთავაზება, რომლის მიხედვითაც, ძალაში დარჩება სასამართლოების თავმჯდომარეთა მოადგილეების თანამდებობები, რომელთა გაუქმებაც იყო  თავდაპირველად კანონპროექტით გათვალისწინებული.

კანონპროექტის მიხედვით, ასევე იცვლება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ასარჩევად დაწესებული კვორუმი  – პარლამენტი საბჭოს წევრებს ხმათა 2/3-ის ნაცვლად, ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ, თავიდანვე 76 ხმით აირჩევს. ამჟამად, კანონით იუსტიციის საბჭოს 5 არამოსამართლე წევრიდან ოთხის არჩევა შესაძლებელია 76 ხმით, ერთი წევრი კი აუცილებლად 2/3-ით უნდა აირჩეს პროცესში საპარლამენტო ოპოზიციის მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. არაერთი კონკურსის მიუხედავად, პარლამენტის 2/3-ის მხარდაჭერა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო, რის გამოც 2013 წლის ზაფხულიდან 15-წევრიან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ერთი არასამოსამართლე წევრის ადგილი დღემდე ვაკანტური რჩება.

საკანონმდებლო ცვლილებების კიდევ ერთ სიახლეს წარმოადგენს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობის სულ მცირე 16 წევრით განსაზღვრა, ნაცვლად თავდაპირველად შემოთავაზებული 28 წევრისა, რაც არსებულთან შედარებით გაორმაგებული რაოდენობა იქნებოდა. მოქმედი წესით  მოსამართლეთა რაოდენობას არა კანონი, არამედ უზენაესი სასამართლოს პლენუმი ადგენს.

კენჭისყრის წინ ალექსანდრე ბარამიძემ გაიზიარა ქართული ოცნებიდან დეპუტატ გედევან ფოფხაძის შეთავაზება, რომ კანონმა უზენაესი სასამართლოს წევრთა მინიმალური რაოდენობა განსაზღვროს 16-ით და საჭიროების მიხედვით, ამ ოდენობის გაზრდა უკვე უზენაესი სასამართლოს პლენუმმა გადაწყვიტოს.

უზენაეს სასამართლოს წევრთა რაოდენობის გაზრდის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად 17 თებერვალს განხილვის დროს ბარამიძემ  დაასახელა ის, რომ ცვლილებთა პაკეტი საკასაციო სარჩელების არეალს ზრდის და მათ შორის, დასაშვები ხდება ისეთი სარჩელები, რომლებიც წინააღმდეგობაშია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრეცედენტებთან.

ოპოზიციურმა ნაციონალურმა მოძრაობამ გააკრიტიკა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა მატება, როგორც ბიუროკრატიის გაზრდისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი და ასევე ის დებულება, რომელიც იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის არჩევისას ოპოზიციის როლს აკნინებს. 

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა, რომ ხელისუფლების საუბარი სასამართლო რეფორმის „მესამე ტალღაზე“ არის „აბსურდი“, ვინაიდან ამ რეფორმის „არავის არ სჯერა“ იმ ფონზე, როცა თავისი „მორჩილება“ დაუმტკიცეს და დღეს უკვე ამ „ხელისუფლების სახე“ გახდნენ ის „სამარცხვინო მოსამართლეები“, რომლებიც წლების განმავლობაში „საეჭვო გადაწყვეტილებებს იღებდნენ“.

„რეფორმა ხორციელდება იმ რეალობის გათვალისწინებით, რაც გვაქვს“, – განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ, „სასამართლო, როგორც ინსტიტუცია, ქართულ ოცნებას თავის საკუთრებაში არ სჭირდება. ჩვენ გვჭირდება სასამართლო იმისათვის, რომ მან აღასრულოს მართლმსაჯულება“.  

ვახტანგ ხმალაძემ, ქართული ოცნების რესპუბლიკელმა დეპუტატმა განაცხადა, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი „მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მართლმსაჯულების სისტემის დახვეწაში“.

იმავდროულად, 19 თებერვალს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს წევრის უფლებამოსილება 10-წლიანი ვადის ამოწურვამდე დაახლოებით ორი თვით ადრე შეუწყვიტა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს ლევან მურუსიძეს, რადგან გირგვლიანის საქმის განმხილველი ეს მოსამართლე დეკემბერში სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნა. იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამ სადავო გადაწყვეტილების და ზოგადად იმ წესების გამო, რომელთა საფუძველზეც მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნა ხდება, ფართო საზოგადოებრივი კრიტიკის სამიზნე გახდა. საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა საბჭოს სასამართლო კორპუსის დაკომპლექტების მიმდინარე პროცესის შეჩერებისკენ არაერთხელ მოუწოდეს,  სანამ კანონმდებლობით არ განისაზღვრება მოსამართლეთა დანიშვნის ახალი წესები, თუმცა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ეს პროცესი არ შეაჩერა იმ მოტივით, რომ საქმეთა სიმრავლის და ასევე, 20 თებერვლიდან მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის ამოქმედების გამო საჭირო იყო ვაკანსიების სწრაფად შევსება.

მსგავსი/Related

Back to top button