skip to content
ახალი ამბები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირანის პრეზიდენტთან თანამშრომლობის საკითხები განიხილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 8 თებერვალს ირანის პრეზიდენტს ჰასან რუჰანის ტელეფონით ესაუბრა და განუცხადა, რომ თბილისი ირანის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის აღდგენის საკითხს განიხილავს.

სატელეფონო საუბარი, პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ცნობით, ქართული მხარის ინიციატივით შედგა  „იმ უდიდესი პოტენციალის“ განსახილველად, რომელიც  სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში არსებობს.

პრემიერმა კვირიკაშვილმა ირანის პრეზიდენტს ასევე მიულოცა აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული სანქციების მოხსნა.

„მხარეებმა ასევე ისაუბრეს რეგიონში მიმდინარე პროცესებზე და ყურადღება გაამახვილეს რეგიონის განვითარებისთვის საერთაშორისო უსაფრთხოების მნიშვნელობაზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურმა.

ირანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ჰასან რუჰანიმ გიორგი კვირიკაშვილს განუცხადა, რომ „ვიზების გაუქმებას თანამშრომლობის დონის განვითარება შეუძლია“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა ასევე ისაუბრეს „ქართველი და ირანელი ხალხის მჭიდრო კულტურულ ურთიერთობებზე“ და „გამოითქვა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების იმედი“.

„აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით ქართული მხარე გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯს, რაც ირანთან სავიზო რეჟიმის გაუქმებაში გამოიხატება“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციამ.

საქართველომ და ირანმა შეთანხმებას 45–დღიანი უვიზო რეჟიმის შემოღების თაობაზე 2010 წლის ნოემბერში მოაწერეს ხელი თბილისში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის დროს. შეთანხმება ძალაში 2011 წლის იანვრის ბოლოს შევიდა, თუმცა საქართველომ 2013 წლის ივლისიდან ცალმხრივად გააუქმა უვიზო რეჟიმი ირანის მოქალაქეებისთვის.

ირანული მხარის ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტი რუჰანი თბილისში ოფიციალური ვიზიტით დაპატიჟა. 

ირანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად, რუჰანიმ განაცხადა, რომ საქართველოს შეუძლია დამაკავშირებელი როლი შეასრულოს შავი ზღვის რეგიონთან ირანის ეკონომიკური თანამშრომლობაში.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 3 თებერვალს პარლამენტში თავის ყოველწლიურ გამოსვლაში განაცხადა, რომ სანქციების გაუქმების შემდეგ „ირანის ეკონომიკური პოტენციალის გახსნა“ საქართველოს შესაძლებლობას აძლევს „უნიკალური როლი“ ითამაშოს  სპარსეთის ყურისა და ევროპის თანამშრომლობის პროცესში.

მსგავსი/Related

Back to top button