skip to content
ახალი ამბები

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სომხეთის ხელმძღვანელობასთან შეხვედრები გამართა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, რომელიც ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს ერევანს, 1 თებერვალს სომხეთის ხელმძღვანელობას შეხვდა და გაიმეორა თბილისის პოზიცია, რომ საქართველოს რეგიონის მშვიდობასა და უსაფრთხოებაში წვლილის შეტანა სურს.

„ჩვენ გახსნილი ვართ თანამშრომლობისთვის, ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ საქართველოს მთავარი ამოცანა არის, რომ იყოს მშვიდობის მონაწილე რეგიონში და ამ თვალსაზრისით, მზად ვართ, რომ ჩვენი როლი ვითამაშოთ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ, ჩვენი მხარდაჭერა შევთავაზოთ ყველას, ვინც დაინტერესებულია სამხრეთ კავკასიაში მშვიდობით“, –  განაცხადა ხიდაშელმა თავის სომეხ კოლეგასთან სეირან ოჰანიანთან შეხვედრის შემდეგ. 

„ჩვენ ძირითადად ვისაუბრეთ თანამშრომლობის გაღრმავებაზე, იმ პროექტებზე, რომლებიც უკვე რამდენიმე წელია საქართველოსა და სომხეთს შორის მიმდინარეობს, ჩვენი სასწავლო ცენტრების გამოყენებაზე  უფრო მეტი სამხედრო მოსამსახურეების მიერ, ასეთის სურვილის შემთხვევაში სომხეთის რესპუბლიკის მხრიდან“, – განაცხადა ხიდაშელმა, რომლისთვისაც თავდაცვის მინისტრის რანგში ეს პირველი ვიზიტია ერევანში.

სომხეთის თავდაცვის უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის სფეროში ორმხრივი ყოველწლიური თანამშრომლობის პროგრამას მოეწერა ხელი, რაც სამშვიდობო ოპერაციებში მიღებული გამოცდილების გაზიარებას, სამხედრო განათლებას, წვრთნებსა და სტრატეგიული დაგეგმარებას მოიცავს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ასევე შეხვდა პრეზიდენტ სერჟ სარგსიანს; პრემიერ-მინისტრ ჰოვიკ აბრაჰამიანს და საგარეო საქმეთა მინისტრს ედვარდ ნალბანდიანს.

პრეზიდენტმა სარგსიანმა სომხეთსა და საქართველოს შორის ტრადიციულად არსებული პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობა აღნიშნა, მისი პრესსამსახურის ცნობით, და ასევე რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების თვალსაზრისით დაბალანსებულ მიდგომებს გაუსვა ხაზი.

ხიდაშელმა სომხეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ დაკონკრეტების გარეშე განაცხადა: „ჩვენ გვაქვს რამდენიმე თემა დღევანდელი მდგომარეობით, რომელიც სომხეთ-საქართველოს ურთიერთობებში თავდაცვის სფეროში ითხოვს გადაწყვეტას; და პრეზიდენტთან საუბრისას სწორედ ამ თემებზე გამახვილდა ყურადღება“.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საქართველოს სურს იყოს „რეგიონში მშვიდობის უზრუნველმყოფი ქვეყანა“ და „ამ თვალსაზრისით მზად ვართ ვითანამშრომლოთ ნებისმიერ ფორმატში და ნებისმიერი მიმართულებით, თუ ეს დაეხმარება რეგიონში მშვიდობას“. 

„ნებისმიერი  დესტაბილიზაცია – იქნება ეს მთიანი ყარაბაღის მიმართულებით თუ რაიმე სხვა – იქნება პრობლემა საქართველოსთვის ზუსტად ისეთივე მასშტაბის, როგორც იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ჩართულები იქნებიან კონფლიქტში“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, მისი პრესსამსახურის თანახმად, განაცხადა, რომ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა „საჭიროა“ არსებული „რთული გეოპოლიტიკური სიტუაციის“ ფონზე.  მისი თქმით, ეს თანამშრომლობა რეგიონში მშვიდობასა და უსაფრთხოებას დაეხმარება.

სომხეთში ვიზიტამდე ხიდაშელმა აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის თავდაცვის მინისტრების მესამე სამმხრივ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელსაც სტამბოლმა 17 დეკემბერს უმასპინძლა. ეს სამმხრივი ფორმატი 2014 წლის აგვისტოში ჩამოყალიბდა. ამ ფორმატში გამართული პირველი შეხვედრიდან დაახლოებით ერთ თვეში, საქართველოს მაშინდელი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ასევე ეწვია სომხეთს 2014 წლის სექტემბერში.

თურქეთთან და აზერბაიჯანთან საქართველოს თანამშრომლობის თაობაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ, თინა ხიდაშელმა თავის სომეხ კოლეგასთან  შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აზერბაიჯანი და თურქეთი საქართველოს „სტრატეგიული პარტნიორები“ არიან და ის ფაქტი, რომ თურქეთი ნატოს წევრი მეზობელი ქვეყანაა,  "კიდევ უფრო აღრმავებს და აძლიერეს ჩვენ შორის ურთიერთობას“. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო მადლიერია თურქეთის მხარდაჭერისა და დახმარების.

1 თებერვალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი სომხური სამოციქულო ეკლესიის კათოლიკოსს, გარეგინ მეორეს შეხვდა. ვიზიტის მეორე დღეს ის სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეს გალუსტ საჰაკიანს შეხვდება.

მსგავსი/Related

Back to top button