skip to content
ახალი ამბები

კვირიკაშვილის თქმით, ნავთობზე ფასების ვარდნა საქართველოსაც ‘აზარალებს’

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ერთ-ერთ დისკუსიაზე გამოსვლისას ნავთობზე ფასების დაცემა იმ გამოწვევებს შორის დაასახელა, რომელთა წინაშეც რეგიონი დგას და განაცხადა, რომ ეს ასევე აზარალებს საქართველოს ეკონომიკას.

„ჩვენი რეგიონისთვის ნავთობზე ფასების კლება გამოწვევაა, რადგან საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის, რომელიც ნაკლებად ინდუსტრიალიზებულია და უფრო ვაჭრობასა და ნედლეულზე არის ფოკუსირებული, ნავთობზე ფასების ვარდნა საინვესტიციო მადის დაქვეითებას  ნიშნავს ნავთობმომპოვებელ ქვეყნებში, რომლებიც საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე მნიშვნელოვანი შემომტანები არიან. სწორედ ამიტომაც ვერ ვიღებთ ჩვენ ამ პროცესიდან სარგებელს, ჩვენც ნავთობ მწარმოებელ ქვეყნებთან ერთად ვზარალდებით“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

„ეს იმას ნიშნავს, რომ მოგვიწევს საქართველოს შიგნით უფრო მეტი საგანგებო ზომების მიღება, როგორიცაა საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცა და უფრო მეტი ჟანგბადის მიწოდება კერძო სექტორისთვის, საგადასახადო სისტემის ლიბერალიაზაცია“, – განაცხადა მან და კიდევ ერთხელ გაიმეორა ის გეგმა, რომელიც რეინვესტირებულ მოგებაზე გადასახადის გაუქმებას უკავშირდება.

კვირიკაშვილმა ეს განცხადებები ეკონომიკური ფორუმის სესიაზე "ევრაზია და თანამედროვე აბრეშუმის გზა" საუბრისას გააკეთა; ამ პანელზე ასევე წარმოდგენილნი იყვნენ რუსული VTB ბანკის აღმასრულებელი დირექტორი ანდრეი კოსტინი; პორტების ოპერატორი კომპანია DP World-ის თავმჯდომარე სულთან აჰმედ სულეიემი და ევრაზიული რესურსების ჯგუფის ხელმძღვანელი ალექსანდრე მაშკევიჩი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ჩინეთის ინიციატივა „ერთი სარტყელი – ერთი გზა", რომელიც აბრეშუმის გზის განახლებას ისახავს მიზნად, „ახალ შესაძლებლობებს ქმნის ევრაზიის კონტინენტზე ეკონომიკური კავშირების განსავითარებლად“.

თუმცა მან ასევე განაცხადა, რომ რეგიონის ქვეყნებს შორის უკეთესი კოორდინაციის, ასევე საბაჟო და სასაზღვრო პროცედურების გაუმჯობესებისა და ერთიანი სატარიფო სისტემის შემოღების გარეშე აბრეშუმის გზა „ისეთი ეფექტური ვერ იქნება, როგორიც უნდა იყოს“.

„ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ მეზობლებთან იმისთვის, რომ განვავითაროთ ერთიანი მიდგომა სამხრეთ კავკასიური დერეფნის მენეჯმენტისთვის ყაზახეთთან და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ერთად“, – განაცხადა კვირიკაშვილმა და აღნიშნა, რომ ამ დერეფნის გავლით ჩინეთთან სარკინიგზო კავშირი მნიშვნელოვნად ამცირებს მგზავრობის დროს.

„მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის მეტოქეობა სხვადასხვა საგზაო მარშრუტებს შორის – ეს მეგობრული შეჯიბრია და ვფიქრობ, რომ ეკონომიკურ დინამიზმს მატებს მთლიანად ევრაზიის კონტინენტს და მშვიდობა და ურთიერთგაგება მოაქვს“, – განაცხადა მან.

პრემიერმა კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირთან და მის მეზობლებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით, საქართველო, რომელმაც ასევე დაიწყო თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმზე მოლაპარაკებები ჩინეთთან, „რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე გახსნილი ეკონომიკა ხდება ძალზედ ლიბერალური რეგულაციებით, შედარებით დაბალი ენერგო ტარიფებით და ადამიანურ რესურსებზე დაბალი დანახარჯით“.

მან ასევე განაცხადა, რომ თბილისი რუსეთთან ურთიერთობების „გაუმჯობესებას“ ცდილობს.

„ჩვენ პოლიტიკური დაძაბულობის შემცირება გვჭირდება და ყველა ქვეყანას, ჩვენი ჩათვლით, უნდა მივცეთ ნაკლებად დაძაბულ გარემოში განვითარების საშუალება“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

იმავე დისკუსიისას ანდრეი კოსტინმა, რომლის VTB ბანკიც საქართველოში უკვე ათწლეულზე მეტია ოპერირებს, განაცხადა, რომ „ყველანაირი პოლიტიკური სირთულეების მიუხედევად, ჩემი ბანკი მთელი ამ დროის განმავლობაში საქართველოში საკმაოდ წარმატებით მუშაობს და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა აქვს“.

კვირიკაშვილი, რომელიც დეკემბერში პრემიერ-მინისტრად დამტკიცების შემდეგ თავის პირველ საგარეო ვიზიტს ახორციელებს, დავოსში ასევე შეხვდა მის ჰოლანდიელ კოლეგას მარკ რუტეს, რომლის ქვეყანაც როტაციის პრინციპით ამჟამად ევროკავშირის თავმჯდომარეა; მან მოლაპარაკებები გამართა ასევე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ვიქტორია ნულანდთან; მასპინძელი ქვეყნის, შვეიცარიის პრეზიდენტთან და ეკონომიკურ საქმეთა მინისტრთან იოჰან შნაიდერ ამანთან; აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან და ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვდა ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტს ვერნერ ჰოიერს და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტს სუმა ჩაკრაბატის.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button