Placeholder canvas
ახალი ამბები

საქართველო და ჩინეთი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე შეთანხმდნენ

საქართველომ და ჩინეთმა 10 დეკემბერს ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე.

მემორანდუმს პეკინში საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ჩინეთის  წარმომადგენელმა საერთაშორისო ვაჭრობის საკითხებში, ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ ჭუნ შანმა მოაწერეს ხელი. 

მემორანდუმის ხელმოწერამდე ცხრა თვით ადრე ორი ქვეყანა ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიზანშეწონილობის კვლევის დაწყებაზე შეთანხმდა. 

„ორივე მხარე მოწადინებულია,  რაც შეიძლება მალე დასრულდეს აღნიშნული მოლაპარაკებები“, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, „ჩვენი ქვეყნისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა“.

2015 წლის პირველ ცხრა თვეში ჩინეთი საქართველოს მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო, რომელთან ბრუნვამაც 534.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ამავე პერიოდში საქართველოს ექსპორტი ჩინეთში 35.2%–ით გაიზარდა და 87.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ძირითადად, სპილენძის მადნების და კონცენტრატების ექსპორტის 49.3%–ით, 70.1 მილიონ აშშ დოლარამდე ზრდის გამო. იმპორტი ჩინეთიდან 18.6%–ით შემცირდა და 447.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა 2015 წლის პირველ ცხრა თვეში.

„ჩვენ გავაკეთეთ ძალიან დიდი აქცენტები ქართულ ღვინოსთან დაკავშირებით, ასევე აგრარულ პროდუქტებთან დაკავშირებით და დარწმუნებულები ვართ, რომ მოლაპარაკებების ბოლოს ქართულ ღვინოს ექნება ძალიან პრეფერენციული რეჟიმი ჩინეთში შემოსვლისთვის“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ამჟამად ჩინეთი ქართული ღვინისთვის მეოთხე უმსხვილესი საექსპორტო ბაზარია რუსეთის, ყაზახეთის და უკრაინის შემდეგ.

2015 წლის პირველ 10 თვეში ჩინეთში 1.8 მილიონი ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც 87%–იანი ზრდაა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

10 დეკემბერს საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ასევე მიიღო მონაწილეობა საქართველო–ჩინეთის მთავრობათაშორისო კომისიის სხდომაში.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ საქართველოსთვის „პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო ჩინეთის მხარისგან დასტურის მიღება, რომ ჩინეთი მიესალმება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაში ჩინური კომპანიების მონაწილეობას“.

ჩინეთის Power Construction Corporation ერთ–ერთია იმ ორი კონსორციუმიდან, რომელიც ივნისში ანაკლიის პორტის დაგეგმვის, მშენებლობის და ოპერირების თაობაზე განაცხადების შეტანის საბოლოო ეტაპზე გადავიდა. თავდაპირველად, საქართველოს მთავრობა მოგებული კონსორციუმის დასახელებას შემოდგომის დასაწყისში გეგმავდა, რაც გაურკვეველი პერიოდით გადაიდო.

ვიზიტის დროს დიმიტრი ქუმსიშვილი ასევე შეხვდა ჩინეთის ეროვნული ტურიზმის ადმინისტრაციის თავმჯდომარეს ლი ჯინტაოს.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეები ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ, რომელიც იმ ფაქტორებს გამოავლენს, რომლებიც არ უწყობენ ხელს მეტი ჩინელი ტურისტის მოზიდვას საქართველოში.    
 
საქართველოში ჩამოსული საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 2015 წლის პირველ 11 თვეში 6.9%–ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 5.43 მილიონი შეადგინა; ჩინეთიდან ჩამოსული ვიზიტორების წილმა 0.16% შეადგინა. 

საქართველოს მიერ ტურიზმის ინდუსტრიის შესახებ შემუშავებული გრძელვადიანი სტრატეგიის თანახმად, 2025 წლისთვის საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 11 მილიონს მიაღწევს, ხოლო ტურიზმიდან შემოსავალი არსებული 1.8 მილიარდი  აშშ დოლარიდან 5.5 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება.

მსგავსი/Related

Back to top button