ახალი ამბები

საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა ნორმა, რომელიც „რუსთავი 2“–ში მენეჯმენტის შეცვლის შესაძლებლობას ქმნის

საკონსტიტუციო სასამართლომ პარასკევს საღამოს მიიღო გადაწყვეტილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის იმ ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე, რომლის საფუძველზეც მოსამართლემ ერთი კვირის წინ ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ში დროებითი მმართველების დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო.

ეს „რუსთავი 2“–ისთვის მეორე დაკმაყოფილებული საკონსტიტუციო სარჩელია მაუწყებლის საკუთრების თაობაზე მიმდინარე სამართლებრივ დავასთან დაკავშირებით, რომელიც პარალელურად საერთო სასამართლოებში მიმდინარეობს.

5 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თამაზ ურთმელიძემ მიიღო გადაწყვეტილება „რუსთავი 2“-ის დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის შესახებ, რის საფუძველზეც გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და ფინანსური სამსახურის უფროსი კახა დამენია დროებით მმართველებს უნდა შეეცვალათ.

ეს გადაწყვეტილება „რუსთავი 2“–ის ამჟამინდელმა მფლობელებმა საერთო სასამართლოში გაასაჩივრეს; პარალელურად მათ ასევე შეიტანეს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში იმ მოტივით, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ის ნორმები, რომლის საფუძველზეც მენეჯმენტის შეცვლის გადაწყვეტილება იქნა მიღებული, შესაძლებელს ხდის, რომ გამოყენებულ იქნას დროებითი ზომები, რასაც შესაძლოა საკუთრების და მედიის თავისუფლების კონსტიტუციური  უფლებების დარღვევა მოყვეს. ამას გარდა, მოსარჩელემ დროებითი ზომის სახით ამ ნორმების მოქმედების შეჩერება მოითხოვა იმ ვადით, სანამ საკონსტიტუციო სასამართლო საბოლოო განაჩენს გამოიტანს.

მაშინ როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო ჯერ კიდევ საქმის მოსმენის პროცესში იყო, 12 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ მენეჯმენტის შეცვლის თაობაზე „რუსთავი 2“–ის მფლობელთა საჩივარზე ახალი განჩინება გამოიტანა. მოსამართლე ურთმელიძემ ნაწილობრივ შეცვალა „რუსთავი 2“-ში დროებითი მმართველობის შემოღების შესახებ ერთი კვირის წინ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ტელეკომპანიის ყოფილ მენეჯმენტს – გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას და ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას უფლებამოსილება აღუდგინა.

გვარამიას და დამენიას მმართველობის უფლება სულ ცოტა იმ დრომდე უნდა ჰქონოდათ, ვიდრე სრულად არ ამოიწურებოდა დროებითი მმართველების დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების გასაჩივრების პროცედურები.

თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლოს 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით, რომლითაც სადავო ნორმების მოქმედება შეჩერდა, მენეჯმენტის შეცვლაზე გადაწყვეტილების გასაჩივრების პროცესი, სავარაუდოდ, ვერაფერს შეცვლის და გვარამია და დამენია მაუწყებლის ხელმძღვანელ თანამდებობებზე დარჩებიან.

„საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე დააკმაყოფილა მოსარჩელის შუამდგომლობა და საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე შეაჩერა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი წინადადების და 271-ე მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის მოქმედება, რომლებიც ითვალისწინებს გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების სახით იურიდიული პირის – მასობრივი კომუნიკაციის ბეჭდვითი ან ელექტრონული საშუალების ხელმძღვანელობის, მართვისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების დროებითი მმართველისთვის მინიჭებას“, – განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლომ 13 ნოემბერს.

„რუსთავი 2“–ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მიესალმა გადაწყვეტილებას და მას ტელეკომპანიისა და ქვეყნის „გამარჯვება“ უწოდა.

„დღეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მისცა შანსი საქართველოს მთავრობას სახე შეინარჩუნოს…  ჩვენ დღეს გავიმარჯვეთ და ვზეიმობთ ამ გამარჯვებას, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ გაიმარჯვა ქართულმა  სახელმწიფომ“, – განაცხადა გვარამიამ.

მან მთავრობას მიმართა და განაცხადა:  „ამ ვითარებაში უკან დახევა არ იქნება დამარცხება, პირიქით ეს იქნება გამარჯვება… გაეცალეთ ამ პროცესებს და მიეცით შანსი მართლმსაჯულებას და მხარეებს გაარკვიონ ურთიერთობა ერთმანეთთან“.

ახლა, როგორც ჩანს, ყურადღება ისევ გადაინაცვლებს ძირითად სასამართლო პროცესზე, რომელიც საკუთრების დავას ეხება და რომლის საშუალებითაც მოსარჩელე ქიბარ ხალვაში, რომელიც 2004–2006 წლებში ტელეკომპანიის მფლობელი იყო, მაუწყებელში საკუთარი წილის დაბრუნებას ცდილობს.

3 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თამაზ ურთმელიძემ ხალვაშის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება და მოსარჩელის საკუთრების უფლება აღადგინა.

თუმცა, განაჩენს მაუწყებლის ამჟამინდელი მფლობელები სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებენ. ვიდრე გასაჩივრების ყველა ინსტანცია არ ამოიწურება, ტელეკომპანიის მეპატრონეებად მისი ამჟამინდელი მეწილეები ჩაითვლებიან.

სააპელაციო სასამართლოს შემდგომ საქმის განხილვა, თუ ამას მხარეები გადაწყვეტენ, შესაძლოა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდეს.

იმ მოლოდინით, რომ ქიბარ ხალვაში საკუთრებაზე დავის მოგების შემდეგ მის დაუყოვნებლივ აღსრულებას მოითხოვდა, „რუსთავი 2“–ის ადვოკატებმა სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანეს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის იმ ნორმის შეჩერება მოითხოვეს, რომელიც აპელაციის პროცესის გაგრძელების მიუხედევად, ვერდიქტის დაუყოვნებლივ აღსრულების შესაძლებლობას ქმნის.

2 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე ერთი დღით ადრე, საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დაუყოვნებლივი აღსრულების ნორმის მოქმედება. შედეგად, მოსარჩელემ დაკარგა თეორიული შანსიც კი, რომ „რუსთავი 2“- საკუთრებაზე მიმდინარე დავაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება მოეთხოვა.

მსგავსი/Related

Back to top button