skip to content
ახალი ამბები

წინასწარი მონაცემებით, საგარეჯოში ქართული ოცნების მაჟორიტარმა კანდიდატმა გაიმარჯვა

ქართული ოცნების კანდიდატი თამარ ხიდაშელი 31 ოქტომბერს გამართულ შუალედურ არჩევნებს საგარეჯოს ერთმანდატიან ოლქში 559 ხმით უგებს მის მთავარ კონკურენტს პატრიოტთა ალიანსიდან ირმა ინაშვილს.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, საგარეჯოს 50-ვე უბნის შედეგების დათვლის შედეგად თამარ ხიდაშელს, რომელიც რესპუბლიკური პარტიის წევრია, 7 540-მა ამომრჩეველმა (49.5%) დაუჭირა მხარი, ხოლო ირმა ინაშვილმა 6 981 ხმა (45.83%) დააგროვა.

სამმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა, რომლებიც ასევე იღებდნენ არჩევნებში მონაწილეობას პარლამენტის მაჟორიტარული მანდატის მოსაპოვებლად, მთლიანობაში ხმების 4.65% მიიღო.

ცესკოს თანახმად, საგარეჯოში რეგისტრირებული 46 082 ამომრჩევლის მხოლოდ 34.43%-მა მიიღო შუალედურ არჩევნებში მონაწილეობა.

ოპოზიციური პარტიების უმეტესობამ, მათ შორის ნაციონალურმა მოძრაობამ და თავისუფალმა დემოკრატებმა უარი თქვეს შუალედურ არჩევნებში კანდიდატების წარდგენაზე მას შემდეგ, რაც აგვისტოში მას ბოიკოტი გამოუცხადეს.

თამარ ხიდაშელს და ირმა ინაშვილს შორის საარჩევნო დაპირისპირების შედეგები არაპროგნოზირებადი იყო, სანამ საგარეჯოს 50 უბნიდან დარჩენილი ორი უბნის შედეგები არ გახდა ცნობილი კვირას გამთენიისას.

მანამდე ორ წამყვან კანდიდატს შორის სხვაობა მხოლოდ 87 ხმა იყო; 48 უბნიდან მიღებული შედეგების თანახმადაც თამარ ხიდაშელი იმარჯვებდა.
 
ორი უბნის შედეგებმა დააგვიანა, რადგანაც ინაშვილი და მისი მხარდამჭერები სოფელ უჯარმის საარჩევნო უბნის წინ აქციას მართავდნენ და აცხადებდნენ, რომ იქ სახელისუფლებო კანდიდატის სასარგებლოდ მოხდა გაყალბება. პოლიციამ აქტივისტებს საარჩევნო უბანზე შესვლის უფლება არ მისცა.

ერთ–ერთი ეს უბანი იყო სპეციალური საარჩევნო უბანი, რომელიც შუალედური არჩევნების წინ მუხროვანის ბაზაზე განთავსებული სამხედრო მოსამსახურეებისთვის შეიქმნა.

არჩევნების დღემდე ერთი კვირით ადრე, ინაშვილი, რომელიც ამტკიცებდა, რომ  მუხროვანის 549 სამხედროდან მხოლოდ 24 იყო საგარეჯოს მკვიდრი, ამ სპეციალური უბნის დახურვისკენ მოუწოდებდა.

ინაშვილი თავდაცვის მინისტრს თინა ხიდაშელს, რომელიც რესპუბლიკური პარტიის ერთ–ერთი ლიდერია, ადანაშაულებდა იმაში, რომ ის მუხროვანის ბაზაზე განთავსებული სამხედროების ხმებით ცდილობდა არჩევნების შედეგების გაყალბებას.

შუალედური არჩევნები საგარეჯოში მას შემდეგ დაინიშნა, რაც ქართული ოცნების დეპუტატმა თინა ხიდაშელმა პარლამენტი დატოვა და მაისში თავდაცვის მინისტრად დაინიშნა.

სპეციალური უბანი ტექნიკურად უჯარმის საარჩევნო უბანს მიამაგრეს, სადაც მუხროვანის ბაზაზე განთავსებული ჯარისკაცების მიერ მიცემული ხმები დაითვალეს.

ინაშვილმა განაცხადა, რომ ის შედეგებს სასამართლოში გაასაჩივრებს და საპროტესტო აქციებით დაიმუქრა.

ქართული ოცნების კანდიდატმა თამარ ხიდაშელმა, რომელიც 2008–2010 წლებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ხელმძღვანელობდა, განაცხადა, რომ ის უჯარმის უბნის გარეშეც იგებდა არჩევნებს. მან უარყო ოპონენტის ბრალდებები არჩევნების გაყალბების თაობაზე.

თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა, რომელიც ქართული ოცნების კანდიდატის საარჩევნო შტაბში იმყოფებოდა საგარეჯოში, განაცხადა სამხედროების ხმების გაყალბების თაობაზე ინაშვილის ბრალდებების საპასუხოდ: „ადამიანი, რომელიც ებრძვის ევროკავშირს და ებრძვის საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, მას რომ არ ჰქონდეს ჯარისკაცების ნდობა, ვინც გუშინ ავღანეთში ნატოს ჯარისკაცის სამკლაურით იბრძოდა, ეს ჩემთვის გასაგებია, მაგრამ ეს მისი ტრაგედიაა და საბედნიეროდ არა ჩემი ქვეყნის“.

პატრიოტთა ალიანსის „პრორუსულობას“ რესპუბლიკური პარტია შუალედურ არჩევნებამდე მიმდინარე კამპანიის დროსაც აღნიშნავდა. 

როდესაც არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ინაშვილმა თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი იმაში დაადანაშაულა, რომ ის მუხროვანის ბაზაზე განთავსებული სამხედროების ხმებით ცდილობდა არჩევნების გაყალბებას, ხიდაშელმა უპასუხა: „მე არ ვარ რუსების კომენტატორი“.

ტელეარხ „ობიექტივის“ ეთერში საუბრისას, რომელიც ირმა ინაშვილს ეკუთვნის, ამ უკანასკნელმა განაცხადა 28 ოქტომბერს, რომ სისულელეა მისი პარტიის ანტი–დასავლური განწყობების გაღვივებაში და საქართველოს ნატოში წევრობის მიმართ „ნიჰილიზმში“ დანაშაულება მხოლოდ იმიტომ, რომ პატრიოტთა ალიანსი არ ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას საქართველოს ნატოს პერსპექტივებთან დაკავშირებით. 

იმ ფონზე, როცა პატრიოტთა ალიანსი ზოგადად მსუბუქად აკრიტიკებს ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს და მის ლიდერს, პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, პარტია საკმაოდ მწვავე კრიტიკით გამოირჩევა რესპუბლიკური პარტიის მიმართ. 

ერთ–ერთი მთავარი საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც პატრიოტთა ალიანსი ხშირად აკრიტიკებს მთავრობას, არის ის, რომ მან ვერ დასაჯა ყოფილი მმართველი პარტიის ყველა წამყვანი ფიგურა.

პატრიოტთა ალიანსი, რომელიც საკუთარ თავს კონსერვატიულ, მემარჯვენე პოლიტიკურ ძალად და „ქართული მორალის და მართლმადიდებლობის“ მატარებლად მოიხსენიებს, ასევე აკრიტიკებს ქართულ ოცნებას და ყოფილ პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილს რესპუბლიკური პარტიისთვის მეტისმეტად ბევრი ძალაუფლების მიცემის გამო. 

შუალედურ არჩევნებამდე ინაშვილმა განაცხადა, რომ მოქმედი მთავრობა საფრთხის წინაშე დგას და ეს საფრთხე რესპუბლიკური პარტიაა.

პატრიოტთა ალიანსის მსუბუქმა პოზიციამ მთავრობის მიმართ და მისმა მწვავე კრიტიკამ ნაციონალური მოძრაობის მიმართ, ასევე პარტიის გადაწყვეტილებამ არ შეერთებოდა სხვა პარტიების მიერ შუალედური არჩევნების ბოიკოტს, წარმოშვა ბრალდებები იმის თაობაზე, რომ პარტია მმართველი კოალიციის „სატელიტია“.

ასევე გავრცელდა ვარაუდები, რომ ქართული ოცნება ჩუმად ცდილობდა ირმა ინაშვილის მხარდაჭერას, რომ მას საგარეჯოში არჩევნები მოეგო და შემდეგ რესპუბლიკური პარტიის წაგება არჩევნებში რესპუბლიკელების ჩამოსაშორებლად გამოყენებინა.

ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა კატეგორიულად უარყო ამგვარი სპეკულაცია, როდესაც მას 24 ოქტომბერს ამის თაობაზე ჰკითხეს და საგარეჯოს ამომრჩევლებს თამარ ხიდაშელის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. თამარ ხიდაშელის კამპანიის ფარგლებში საგარეჯოში გამართულ ერთ–ერთ შეხვედრაში  პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც მიიღო მონაწილეობა.

შუალედური არჩევნები მარტვილში     
    
შუალედურ არჩევნებში მარტვილში, წინასწარი მონაცემების თანახმად, ქართული ოცნების კანდიდატმა სოსო დანელიამ დიდი უპირატესობით მოუგო პატრიოტთა ალიანსის კანდიდატ ეთერ მეძველიას.

ქართული ოცნების კანდიდატმა არჩევნებში მონაწილეთა ხმების 72.54%, ხოლო პატრიოტთა ალიანსის კანდიდატმა 27.45% მიიღო.

ცესკოს თანახმად, მარტვილის ერთმანდატიან ოლქში, სადაც სულ  33 510 ამომრჩეველია რეგისტრირებული, აქტივობამ 40% შეადგინა.

მარტვილში შუალედური არჩევნების ჩატარება განაპირობა იმან, რომ მარტში ამ ოლქიდან არჩეული ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ნაული ჯანაშია გარდაიცვალა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button