Placeholder canvas
ახალი ამბები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ‘სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულებაზე’ გამოძიება დაიწყო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შაბათს განაცხადა, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის საფუძველზე გამოიძიება დაიწყო, რაც ითვალისწინებს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად.

უწყების განცხადებით, გამოძიება დაიწყო "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე“.

„დაწყებული გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა საჭირო ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება და საგამოძიებო მოქმედებები“, – განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან იზორიამ ჟურნალისტებისთვის გაკეთებული მოკლე განცხადების დასასრულს, კითხვებზე პასუხის გაცემის გარეშე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა არ მიუთითა, თუ მედია საშუალებებით გავრცელებულმა რომელმა ინფორმაციამ განაპირობა გამოძიების დაწყება. სავარაუდოდ, ის გულისხმობდა ტექსტს, რომელიც ჯერ აიტვირთა  ვებ-გვერდზე სახელწოდებით „უკრაინული ვიკილიქსი“, ჰოსტინგით და რეგისტრაციით რუსეთში, და შემდეგ გავრცელდა ზოგიერთი ქართული მედია საშუალებებით, მათ შორის ტელეკომპანია „იმედის“ მიერ. ტექსტი, რომლის ნამდვილობაც არაფრითაა დადასტურებული, თითქოს წარმოადგენს ოდესის გუბერნატორს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთ ლიდერს გიგა ბოკერიას შორის 22 ოქტომბერს სტამბულის აეროპორტში საუბრის სტენოგრამას. ამ ტექსტის თანახმად, რომელიც იმ ვებ-გვერდზე დაიდო, რომელიც ძირითადად სააკაშვილის საწინააღმდეგო, დაუდასტურებელ მასალებს აქვეყნებს, ორი პირი საუბრობს  „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებზე თავდასხმის მოწყობის გეგმებზე, რათა ამან გამოიწვიოს მასობრივი პროტესტი მთავრობის წინააღმდეგ. 

ბოკერიამ, რომელიც სააკაშვილთან ერთად კვირის დასაწყისში ევროპის სახალხო პარტიის ყრილობას ესწრებოდა მადრიდში, გამოქვეყნებულ ტექსტს „ძალიან სასაცილო ბოდვა“ უწოდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას ერთ საათში მოყვა შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომლის მიხედვითაც, პოლიცია დაწყებული გამოძიებიდან გამომდინარე უსაფრთხოების მოტივებით მონიტორინგის განსაკუთრებული ზომებს  მიიღებს „რუსთავი 2“-ის მიმდებარე ტერიტორიაზე. 

„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იღებს განსაკუთრებულ ზომებს. ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟდება ვიდეო მეთვალყურეობის კამერები, რომელთა საშუალებითაც მთელი პერიმეტრის 24-საათიანი მონიტორინგი მოხდება. ამასთან, აღნიშნულ ტერიტორიაზე დღე-ღამის განმავლობაში მუდმივად იმორიგევებენ საპატრულო ეკიპაჟები, რათა უზრუნველვყოთ მოქალაქეების და, მათ შორის, ტელეკომპანიის თანამშრომლების უსაფრთხოება და თავიდან ავირიდოთ მოსალოდნელი პროვოკაციები“, – განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button