skip to content
ახალი ამბები

ICC–ის პროკურორმა თბილისში აგვისტოს ომის გამოძიების შუამდგომლობაზე ისაუბრა

სისხლის სასამართლოს საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორმა ფატუ ბენსუდამ განაცხადა თბილისში პარასკევს გამართული შეხვედრების შემდეგ, რომ ის „კმაყოფილია“ მისი ოფისის საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობის დონით.
 
პროკურორის ვიზიტს რამდენიმე დღით უძღოდა  წინ მისი შუამდგომლობა ICC–ის მოსამართლეების მიმართ, რომ მისთვის 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სავარაუდოდ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების და კაცობრიობის წინაშე დანაშაულების გამოძიების ნებართვა მიეცათ.
 
მისი 160–გვერდიანი თხოვნა, რომელიც პროკურორმა ICC–ის სამი მოსამართლისგან შემდგარ პალატას გაუგზავნა, დეტალურად აღწერს ქართულ, რუსულ და სამხრეთ ოსურ მხარეებთან დაკავშირებულ სავარაუდო დანაშაულებს.

ჯერჯერობით უცნობია როდის მიიღებენ მოსამართლეები გადაწყვეტილებას პროკურორისთვის გამოძიების დაწყებაზე ნებართვის მიცემის შესახებ.
 
პროკურორის თქმით, წარსული გამოცდილება აჩვენებს, რომ ამას ჩვეულებრივ 3-4 თვემდე სჭირდება, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ამ კონკრეტულ საქმესაც იგივე ვადები დასჭირდება.
 
„შესაძლოა უფრო ნაკლები დროც დასჭირდეს; შესაძლოა მეტიც“, – განუცხადა პროკურორმა ბენსუდამ ჟურნალისტებს 16 ოქტომბერს.
 
თბილისში ICC–ის პროკურორი იუსტიციის მინისტრს და მთავარ პროკურორს, ასევე იმ უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა, რომელთაც 2009 წელს ანგარიში მოამზადეს, სადაც დეტალურად იყო აღწერილი აგვისტოს ომის დროს ფუნდამენტური უფლებების და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევები და რომლებიც თანამშრომლობდნენ და ინფორმაციას აწვდიდნენ ICC–ის პროკურორის ოფისს საქმის წინასწარი შესწავლის ეტაპზე.
 
ICC–ის პროკურორი ასევე შეხვდა მსხვერპლთა წარმომადგენლებს, რომელთაც, მისი თქმით, „არანაირი ეჭვი არ არსებობს, რომ უზარმაზარი სურვილი აქვთ სამართალმა იზეიმოს“. 
 
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიესალმა ICC–ის პროკურორის გადაწყვეტილებას გამოძიების დაწყების თხოვნის წარდგენაზე და იმედი გამოთქვა, რომ მოსამართლეთა პალატა დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს და პროკურორი შეძლებს შეუდგეს გამოძიებას.
 
წულუკიანმა ასევე განაცხადა, რომ ქართული მხარე შესაძლო გამოძიების მასშტაბის გაფართოებას შეეცდება, რათა მან ისეთი საკითხებიც მოიცვას, როგორიცაა იმ ქართველი სამხედროების მკვლელობა, წამება და არაადამიანური მოპყრობა, რომლებიც საომარი მოქმედებების დროს დაატყვევეს. 
 
იუსტიციის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ გამოძიების დაწყების თაობაზე ICC–ის პროკურორის შუამდგომლობაში რუსეთის შეიარაღებული ძალების როლი „არ არის სათანადოდ წარმოდგენილი“.    
 
„სინამდვილეში, ეს არ იყო მხოლოდ ქართულ–ოსური დაპირისპირება, ეს იყო, პირველ რიგში, ომი საქართველოს და რუსეთს შორის, როდესაც რუსეთმა ჩვენზე აგრესია განახორციელა“, – განაცხადა მან.
 
იმავდროულად, რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ თავის შუამდგომლობაში ICC–ის პროკურორი რუსული ძალების შესაძლო მონაწილეობით სამხრეთ ოსეთის მხარის მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე უფრო აკეთებს აქცენტს და იმავდროულად, როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, თავშეკავებას იჩენს იმ თავდასხმების მიმართ, რომელიც, მისი თქმით, ქართულმა ძალებმა განახორციელეს ცხინვალში რუსი სამშვიდობოების წინააღმდეგ.
 
თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე პროკურორმა ბენსუდამ განაცხადა: „არა მგონია, რომ ჩვენი მხრიდან იყო რაიმე მცდელობა, რომ [რომელიმე მხარის] როლი დაგვეკნინებინა ან გაგვეზვიადებინა“.
 
„მას შემდეგ, რაც ნებართვა გაიცემა, ჩვენ შევძლებთ უფრო ღრმად წავიდეთ და მეტი ინფორმაცია მივიღოთ მოვლენებზე“, – განაცხადა მან.
 
თავის თხოვნაში გამოძიების დაწყების თაობაზე, პროკურორი ფატუ ბენსუდა შემდეგ სავარაუდო, თუმცა „დასაბუთებულად მიჩნეულ" დანაშაულებზე საუბრობს, რომლებიც ICC–ის იურისდიქციის ქვეშ ექცევა:

  • "ეთნიკური ქართველების მკვლელობები, იძულებით გადაადგილება და დევნა, ასევე მათი ქონების განადგურება და ძარცვა სამხრეთ ოსური ძალების მიერ (რუსული ძალების შესაძლო მონაწილეობით)“;
  • „მიზანმიმართული თავდასხმები ქართველ სამშვიდობოებზე სამხრეთ ოსური ძალების მიერ და რუს სამშვიდობოებზე – ქართული ძალების მიერ“.

როდესაც მას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან თანამშრომლობის შესახებ ჰკითხეს, განსაკუთრებით იმ ეპიზოდთან დაკავშირებით, სადაც ქართული მხარის ქმედებები შეიძლება იქნას გამოძიებული სავარაუდო სამხედრო დანაშაულთან დაკავშირებით, რომელიც ცხინვალში სამშვიდობოების შტაბზე შესაძლო თავდასხმას ეხება, ბენსუდამ უპასუხა: „ისინი [საქართველოს ხელისუფლება] ყველაფერზე თანამშრომლობენ“.

„არანაირი მინიშნება არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ამა თუ იმ რომელიმე სავარაუდო დანაშაულზე, რომელსაც ჩვენ ვსწავლობთ, ისინი [საქართველოს ხელისუფლება] არ ითანამშრომლებენ“, – განაცხადა მან.  
 
„საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობის ხარისხი ძალიან კარგია“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა დაარწმუნა, რომ თანამშრომლობის ეს დონე გაგრძელდება. „კმაყოფილი ვარ თანამშრომლობის იმ ხარისხით, რომელსაც აქამდე გვონდა“, – აღნიშნ მან.
 
რუსეთი აცხადებს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები თავს დაესხნენ ცხინვალში მდებარე სამშვიდობო ძალების შტაბს 8 აგვისტოს შუაღამის შემდეგ და ათი რუსი სამშვიდობო მოკლეს.
 
საქართველოს პოზიცია კი იმაში მდგომარეობს, რომ რუსმა სამშვიდობოებმა დაკარგეს თავიანთი სტატუსი, ვინაიდან მათ პირდაპირი მონაწილეობა მიიღეს საომარ მოქმედებებში, რომლის დროსაც სამხრეთ ოსურ ძალებს ქართული ჯარის კოორდინატებს აწვდიდნენ და ამას გარდა, სამხრეთ ოსეთის სამხედრო პოზიციებისთვის რუსი სამშვიდობოების ინფრასტრუქტურას  ხელმისაწვდომს ხდიდნენ.
 
ომამდე საქართველოს ხელისუფლება რუსეთის სამშვიდობო მანდატის შეწყვეტის საკითხის განიხილავდა როგორც აფხაზეთში, ისე სამხრეთ ოსეთში; თბილისი წლების განმავლობაში კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა რუსეთის სამშვიდობო ძალების მიუკერძოებლობის საკითხს. თუმცა, ოფიციალური გადაწყვეტილება მათი სტატუსის შეჩერების თაობაზე არ ყოფილა მიღებული. ომის შემდეგ საქართველოს ოფიციალური პირები აცხადებდნენ, მათ ეს გადაწყვეტილება დასავლელი პარტნიორების რჩევის გამო არ მიიღეს, რომელთაც მიაჩნდათ, რომ ეს ნაბიჯი რუსეთთან მიმართებაში პროვოკაციულად ჩაითვლებოდა.
 
თავის შუამდგომლობაში, ICC-ის პროკურორი აცხადებს რომ „ბუნდოვანების მიუხედავად, რომელიც დროთა განმავლობაში იზრდებოდა, შერეული სამშვიდობო ძალები ასრულებდნენ სამშვიდობო მისიით დადგენილ კრიტერიუმებს გაეროს ქარტიის შესაბამისად და ამიტომ, სარგებლობდნენ დაცულობის სამოქალაქო სტატუსით.“ 

გამოძიება, მის დაწყებაზე ნებართვის შემთხვევაში, ასევე შეისწავლის სხვა სავარაუდო დანაშაულებსაც, როგორიცაა განურჩეველი და არაპროპორციული თავდასხმები სამოქალაქო ობიექტებზე როგორც საქართველოს, ისე რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ. თუმცა ამ ეტაპზე ICC-ის პროკურორს არ აქვს საკმარისი მტკიცებულება, რათა დაადგინოს, წარმოადგენს თუ არა ეს ბრალდებები შესაძლო სამხედრო დანაშაულებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციის ფარგლებში.
 
ICC–ის პროკურორმა გამოძიების დაწყებაზე შუამდგომლობა მას შემდეგ წარადგინა, რაც ქართულმა მხარემ მის ოფისს აცნობა, რომ ის აჩერებდა შიდა გამოძიებას.
 
ქართულმა მხარემ განუცხადა ICC–ის პროკურორის ოფისს, რომ შიდა გამოძიებაში შემდგომი პროგრესი შეაფერხა „ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მის მიმდებარე ადგილებში არსებულმა მყიფე უსაფრთხოებამ, სადაც ჯერ კიდევ ფართოდაა გავრცელებული ძალადობა სამოქალაქო პირების წინააღმდეგ“. ქართული მხარე ასევე საუბრობდა სავარაუდო დანაშაულების მოწმეთა უსაფრთხოების ირგვლივ არსებულ წუხილებზეც, ვინაიდან ისინი სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის სიახლოვეს ცხოვრობენ და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან მუქარების და დაუსაბუთებული  დაკავებების მაღალი რისკის წინაშე დგანან.
 
პროკურორმა ბენსუდამ განაცხადა, რომ გამოძიების დაწყებაზე მოსამართლეებისგან თანხმობის მიღების შემთხვევაში, პროკურატურა გადაწყვეტს, თუ რა ტიპის დაცვა, თუ საერთოდ იქნება საჭირო,  შესაძლოა დასჭირდეს კონკრეტულ მოწმეს. მან ასევე განაცხადა, რომ დაცვა შესაძლოა განხორციელდეს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ ICC–ის მსხვერპლთა და მოწმეთა დაცვის სისტემის მეშვეობით.
 
„ამაზე მსჯელობა მხოლოდ იმ შემთხვევაში შედგება, თუ გამოძიების უფლებას მოგვცემენ“, – დასძინა მან.
 
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი რომის სტატუტის მონაწილე არ არის, რომლის საფუძველზეც ICC ჩამოყალიბდა, სასამართლოს მაინც აქვს უფლებამოსილება, რომ რუსეთის მოქალაქეების ქმედებები გამოიძიოს, რადგან სავარაუდო დანაშაულები საქართველოს ტერიტორიაზე იქნა ჩადენილი, საქართველო კი ICC–ის წევრია.
 
გამოძიებაზე ნებართვის გაცემის შემთხვევაში, საქართველო, როგორც რომის სტატუტს მიერთებული ქვეყანა, ვალდებული იქნება სრულად ითანამშრომლოს ICC-თან – ეს არ შეეხება რუსეთს, რადგანაც ის ICC–ის წევრი არ არის.
 
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ICC–ის პროკურორმა გამოძიების დაწყება აფრიკის ფარგლებს გარეთ მოითხოვა.
 
„ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია, რომ თუ ICC–ის იურისდიქციის მოთხოვნებს პასუხობს,  ჩვენ გამოძიებას დავიწყებთ ყველგან, სადაც არ უნდა იყოს – იქნება ეს აფრიკა თუ აფრიკის მიღმა“, – განაცხადა ICC–ის პროკურორმა.

 

მსგავსი/Related

Back to top button