ახალი ამბები

ღარიბაშვილი: ‘ჩინეთთან ძლიერი ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის’

ჩინეთთან „ძლიერი ურთიერთობები“ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 9 სექტემბერს ჩინეთის ქალაქ დალიანში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას.

მან ასევე განაცხადა, რომ რეგიონში ისეთი „დიდი მოთამაშის“ მზარდი როლი, როგორიც ჩინეთია, „ბალანსს ქმნის“.

„ჩვენ წარმატებული ურთიერთობები გვაქვს ჩინეთთან. საქართველოსა და ჩინეთს შორის ისტორიული კავშირები დღითიდღე ძლიერდება… ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ამ ქვეყანასთან ძლიერი კავშირები“, – განაცხადა მან მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელზე „ახალი აბრეშუმის გზა“.

პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა, რომელიც 10 სექტემბერს ჩინეთის პრემიერს ლი კეციანს შეხვდება, განაცხადა, რომ საქართველო მხარს უჭერს ჩინეთის „შორსმჭვრეტელ ინიციტივას“; მას მხედველობაში ჰქონდა აბრეშუმის გზის „ერთი სარტყელი ერთი გზა“ კონცეფცია, რომელიც აბრეშუმის გზის სავაჭრო კავშირების აღდგენას და მარშრუტის გასწვრივ ინფრასტრუქტურის განვითარებას ითვალისწინებს. 

„საქართველოს თავისი სტრატეგიული მდებარეობით შეუძლია ძალიან მნიშვნელოვანი როლის შესრულება. ვგულისხმობ, რომ ბოლო ათი, ან თუნდაც ოცი წლის განმავლობაში საქართველომ დაამტკიცა, რომ ჩვენ ვართ სანდო სატრანზიტო ქვეყანა… და ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ ვაქციოთ საქართველო ლოგისტიკურ ცენტრად“, – განაცხადა ღარიბაშვილმა და ანაკლიაში დაგეგმილი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„დღეს გვინდა ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება; ხვალ მექნება შეხვედრა ჩინეთის პრემიერ–მინისტრთან. ჩვენ განვიხილავთ რეგიონში არსებულ შესაძლებლობებს“, – დასძინა მან.

საქართველო და ჩინეთი მარტში თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიზანშეწონილობის კვლევის დაწყებაზე  შეთანხმდნენ.

პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო „უპირობო მხარდაჭერას“ უცხადებს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის შექმნას. ბანკის დამფუძნებელი წევრი ქვეყნების წარმომადგენელთა ორდღიან შეხვედრას თბილისმა აგვისტოში უმასპინძლა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ბანკი დიდ სარგებელს მოუტანს რეგიონს. მე მჯერა, რომ ამ რეგიონში არსებობს უდიდესი პოტენციალი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

როდესაც დისკუსიის წამყვანმა მას რეგიონში აშშ–ის, რუსეთის და ჩინეთის ინტერესებთან დაკავშირებული გეოპოლიტიკური ასპექტების შესახებ ჰკითხა, პრემიერ–მინისტრმა უპასუხა: „გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა ურთიერთგაგების, მოლაპარაკებების ადგილი გახდეს; ამიტომაც ვამბობ, რომ გვინდა ჩვენი ქვეყანა ცენტრად ვაქციოთ, სადაც ჩინელები, ამერიკელები და სხვა ქვეყნები და კომპანიები ინვესტიციებს განახორციელებენ; ეს ყველასთვის ხელსაყრელი იქნება“.

„თუ რუკას დახედავთ, საქართველო მდებარეობა  – ეს არის გზაჯვარედინი, უმოკლესი გზა აზიასა და ევროპას შორის; ამიტომ, ძალიან მოქნილები უნდა ვიყოთ“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა.

„ჩვენ ეს პოლიტიკური ვექტორი გვაქვს – გვინდა, რომ ევროკავშირს დავუახლოვდეთ; ამიტომაც მოვაწერეთ ხელი ასოცირების შეთანხმებას [ევროკავშირთან], მაგრამ ეს არ გვზღუდავს ჩვენ, რომ ძლიერი ეკონომიკური კავშირები განვავითაროთ აზიასთან და პრაგმატული ურთიერთობები, ძლიერი ეკონომიკური სავაჭრო ურთიერთობები გვქონდეს რუსეთთან. ჩვენ პოლიტიკას თუ შეხედავთ – ახალი მთავრობის პოლიტიკას, რომელსაც მე წარმოვადგენ – ჩვენ პრაგმატულები ვართ სამეზობლოს, განსაკუთრებით რუსეთის მიმართ და როდესაც ვამბობ, რომ პრაგმატულები ვართ, სრულად ვაცნობიერებთ საქართველოს პასუხისმგებლობას რეგიონში, ვინაიდან თუ მოხდება დესტაბილიზაცია საქართველოში, ეს გამოიწვევს მთელი რეგიონის, კავკასიის რეგიონის და იმ დერეფნის დესტაბილიზაციას, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ. ამიტომ, მნიშვნელოვანია შევთანხმდეთ ერთ რამეზე, რომ ჩვენ სტაბილურობა გვჭირდება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კითხვაზე მიაჩნია, თუ არა მას, რომ ძლიერი ურთიერთობები ჩინეთთან შესაძლოა უფრო ღირებული იყოს, ვიდრე ურთიერთობები აშშ–სთან და ევროკავშირთან, რუსეთთან ურთიერთობების დალაგების თვალსაზრისით, საქართველოს პრემიერ–მინისტრმა უპასუხა: „ჩვენ შესაძლოა ბევრი ურთიერთხელსაყრელი ინტერესი გამოვნახოთ… ეს დაძაბულობის დეესკალაციას, დეპოლიტიზაციას დაეხმარება – თუ აშენებ პორტს, თუ გეყოლება ჩინური კომპანია, ეს ახალ შესაძლებლობებს ქმნის, ჩვენ უზარმაზარი მოთამაშე გვყავს რეგიონში [ჩინეთი] და ეს ბალანსს ქმნის“.  

დალიანში პრემიერ–მინისტრი ჩინეთის ლოკომოტივის და ვაგონმშენებელ ქარხანას (Dalian Locomotive and Rolling Stock Co (DLoco) ესტუმრა, სადაც ამ ქარხანასა და საქართველოს ვაგონმშენებელ კომპანიას შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოში ლოკომოტივების მწარმოებელი ერთობლივი საწარმოს აშენების თაობაზე.

ფორუმის ფარგლებში საქართველოს პრემიერ–მინისტრი 9 სექტემბერს დალიანში მონღოლეთის პრემიერ–მინისტრს, საიხანბილეგ ჩიმედს შეხვდა.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია, თანაინვესტირების ფონდის თავმჯდომარე გიორგი ბაჩიაშვილი, ასევე პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე და პარლამენტის ვიცე–სპიკერი გუბაზ სანიკიძე.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button