ახალი ამბები

მთავრობაში ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრები შეიცვალნენ

  • კვირიკაშვილი ეკონომიკის სამინისტროდან საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელად გადავიდა;
  • პრემიერი: ეკონომიკის განვითარების მიზანი ‘განსაზღვრავს ჩვენს საგარეო პოლიტიკას’;
  • პრემიერი: ევროპული მიმართულება ‘რა თქმა უნდა, გაძლიერდება და გაგრძელდება’;
  • კვირიკაშვილი: ‘განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ეკონომიკურ ურთიერთობებზე’;
  • კვირიკაშვილი:  ‘ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია იქნება უმთავრესი პრიორიტეტი’;
  • ‘თუმცა ძალიან ბევრი საინტერესო რამ ხდება მსოფლიოში, პროდასავლური მიმართულების გარდაც’.



პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გიორგი კვირიკაშვილს, რომელიც ეკონომიკის მინისტრი იყო, საგარეო საქმეთა ახალ მინისტრად, ხოლო თბილისის ვიცე-მერს, დიმიტრი ქუმსიშვილს ეკონომიკის მინისტრის პოსტზე წარადგენს, 1 სექტემბერი, 2015 წელი. ფოტო: პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია

გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც 2012 წლიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინისტროს ხელმძღვანელობდა, საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა, შეცვალა რა ამ პოსტზე თამარ ბერუჩაშვილი.

კვირიკაშვილი ახალ რანგში ვიცე-პრემიერის პოსტს შეინარჩუნებს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 1 სექტემბერს მთავრობაში ცვლილებები გამოცხადების დროს.

დიმიტრი ქუმსიშვილი, თბილისის მერის მოადგილე, ეკონომიკის მინისტრი გახდა და ამ პოსტზე მისი ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი კვირიკაშვილი შეცვალა. მარტში  ვიცე-მერად დანიშვნამდე, ქუმსიშვილი ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. 

„მთავრობა კონცენტრირებული არის ისეთ ეკონომიკურ განვითარებაზე, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს და სარგებელი მოაქვს საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის და სწორედ ეს მიზანი განსაზღვრავს ჩვენს საგარეო პოლიტიკას და შიდა ეკონომიკურ დღის წესრიგს“, – განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა ახალ მინისტრად გიორგი კვირიკაშვილის წარდგენის დროს.

„ამიტომ, ამ ორი სფეროს კონსოლიდაცია ამ ეტაპზე არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა მან.

„მე მიმაჩნია, რომ ბატონი გიორგი კვირიკაშვილი იქნება ძალიან წარმატებული საგარეო საქმეთა მინისტრი, მისი ცოდნა და გამოცდილება დაგვეხმარება ისეთი საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში, რომელიც კიდევ უფრო მჭიდრო კავშირში იქნება ჩვენს ეკონომიკურ პრიორიტეტებთან და ჩვენს ქვეყანას მეტ წარმატებას მოუტანს საგარეო მიმართულებით, ასევე ეკონომიკის პოლიტიკის გაძლიერებით. ასე რომ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი გიორგი ამ ფუნქციას განსაკუთრებით ეფექტიანად შეასრულებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოს აქვს “გამოკვეთილი ევროპული არჩევანი და ჩვენი ეს გზა, ეს მიმართულება, რა თქმა უნდა, გაძლიერდება და გაგრძელდება“.

„ამ მიმართულებით ვართ ლიდერები რეგიონში და გვაქვს უკვე ძალიან სერიოზული შედეგები, რასაც დღეს სტაბილური განვითარება სჭირდება“, – დასძინა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა საგარეო საქმეთა  უკვე ყოფილ მინისტრს, თამარ ბერუჩაშვილს გაწეული სამსახურისთვის და განაცხადა: „მე მინდა, რომ ბატონმა გიორგი კვირიკაშვილმა, ახალმა მინისტრმა გადაწყვიტოს, თუ სად  გააგრძელებს ქალბატონი თამარი მუშაობას“. 

კვირიკაშვილმა, რომელსაც მცირე საგარეო პოლიტიკური გამოცდილება აქვს, განაცხადა, რომ  „ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია იქნება უმთავრესი პრიორიტეტი“.

„განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ასევე ეკონომიკურ ურთიერთობებზე, რათა ის ბრწყინვალე პოლიტიკური ურთიერთობები, რომლებიც საქართველოს დასავლეთის ქვეყნებთან გააჩნია, ტრანსფორმირებული იქნას ასეთივე დონის ეკონომიკურ ურთიერთობებში  – ეს იქნება პირველი პრიორიტეტი“, – განაცხადა საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა.

„თუმცა ძალიან ბევრი საინტერესო რამ ხდება მსოფლიოში, პროდასავლური მიმართულების გარდაც, ეს არის, რა თქმა უნდა, აღმოსავლეთთან ურთიერთობები, ეს არის ახალი მოვლენები ევრაზიის კონტინენტზე და ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ყველა ამ საინტერესო მოვლენის მაქსიმალური ტრანსფორმაცია მოხდეს საქართველოსთვის როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკური კუთხით“, – განაცხადა მან.

კვირიკაშვილი, რომლის კარიერაც ფინანსურ და საბანკო სექტორთან იყო დაკავშირებული, ვიდრე ის 2012 წელს ეკონომიკის მინისტრად დაინიშნებოდა, 1999-2004 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრი იყო ახალი მემარჯვენეებიდან; დეპუტატობის დროს ის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო.

კვირიკაშვილი 2006-2011 წლებში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის  კუთვნილი „ბანკი ქართუს“ გენერალური დირექტორი იყო.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ქართველ დიპლომატებს საგარეო საქმეთა ახალ მინისტრ ყოველწლიურ ამბასადორიალზე წარუდგენს, რომელიც თბილისში 2-4 სექტემბერს გაიმართება.

კვირიკაშვილის შემცვლელმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ეკონომიკის მინისტრად წარდგენის შემდეგ თავის გამოსვლაში „აღებული ეკონომიკური კურსის უწყვეტობის“ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

ქუმსიშვილი 1999-2011 წლებში ივანიშვილის „ბანკი ქართუს“ გენერალური დირექტორის მოადგილედ მუშაობდა.

მთავრობაში ამ ახალ დანიშვნებს პარლამენტის დამტკიცება არ სჭირდება. ეს პროცედურა მხოლოდ მაშინ ხდება საჭირო, როცა კაბინეტის 20 წევრიდან მესამედზე მეტი იცვლება. 

პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ეს „ძალიან სწორი და გონივრული“ საკადრო ცვლილებები „ჩვენი მთავრობის მუშაობას უფრო ეფექტურს გახდის“. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button