ახალი ამბები

ხიდაშელი: რუსეთი ‘ცდის ჩვენს მოთმინებას’



თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ვაზიანის სამხედრო ბაზას სტუმრობს, რომელიც ორკვირანიან მრავალეროვან სამხედრო წვრთნებს Agile Spirit 2015 მასპინძლობს. 19 ივლისი, 2015 წელი. ფოტო: თავდაცვის სამინისტრო

სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე სადემარკაციო ნიშნების განთავსება რუსეთის პროვოკაციის ნაწილია, რომლითაც ისინი „ცდიან ჩვენს მოთმინებას“, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა 19 ივლისს.

„მთავარი ამოცანა ალბათ მაინც იმაში არის, რომ ამ პროვოცირების მსხვერპლი არ გავხადოთ ქვეყანა, პროვოკაციების, რომელსაც რუსული სახელმწიფო მუდმივად ეწევა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ“, – განაცხადა მან.

„ისინი ყოველდღიურად ცდიან ჩვენ მოთმინებას და ცდილობენ გამოგვიწვიონ, კონფლიქტში ჩაგვითრიონ, რასაც, მე გარწმუნებთ, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე, სადაც ორკვირიანი სამხედრო წვრთნები  Agile Spirit 2015 მიმდინარეობს საქართველოს, აშშ-ის, ბულგარეთის, ლატვიის, ლიტვის და რუმინეთის შეიარაღებული ძალების მონაწილეობით.

10 ივლისს რუსულმა ძალებმა სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები განათავსეს გორის რაიონის სოფელ წითელუბნისა და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომლის სიახლოვესაც აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი გადის. ამ ქმედების შედეგად კომპანია BP–ის მართული ბაქო–სუფსის ნავთობსადენის 1 605 მეტრიანი მონაკვეთი თბილისის კონტროლს მიღმა მოექცა.

ამ ადგილებში არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა თბილისიდან ჩასული აქტივისტებისა და ჟურნალისტების ჯგუფის მონაწილეობით, რომლის დროსაც ერთ-ერთი ბანერის დემონტაჟი განხორციელდა. ზოგიერთმა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა უკმაყოფილება გამოთქვა  იმასთან დაკავშირებით, რომ აქციები კიდევ უფრო ძაბავს ვითარებას და უარყოფითად მოქმედებს გამყოფი ხაზის უშუალო სიახლოვეს მცხოვრებ ადამიანებზე. პოლიციამ არა ადგილობრივი მოსახლეობისთვის ამ ტერიტორიებზე შესვლა 17 ივლისს შეზღუდა. 18 ივლისს კი მთავრობის ადმინისტრაციის წინ ზოგიერთი მედია საშუალების და არასამთავრობო ორგანიზაციის თაოსნობით საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც გააკრიტიკეს მთავრობა რუსეთის მიმართ არსებული პოლიტიკის გამო და ბრალი დასდეს იმაში, რომ ხელისუფლება არ აკეთებს საკმარისს, რათა წინ აღუდგეს რუსეთის „მცოცავ ოკუპაციას“.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რასაც ასევე მოჰყვა რუსეთის მიერ სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარება, რუსულმა ძალებმა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სადემარკაციო სამუშაოები დაიწყეს ადმინისტრაციული საზღვრის სამხრეთ-აღმოსავლეთ, სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებებზე. ეს ხაზი ძირითადად სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საბჭოთა დროინდელ ადმინისტრაციულ საზღვარს მიუყვება.



მავთულხლართი სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთთან საოკუპაციო ხაზზე მდებარე სოფელ ახალ ხურვალეთში. ფოტო: მონიკა ელენა

ეს პროცესი მოიცავს ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების განთავსებას, ღობეების აღმართვას და მავთულხლართების გავლებას, რამაც სასოფლო-სამეურნეო მიწები და ზოგიერთ შემთხვევაში სოფლებიც კი გაყო.

2010 წლის სექტემბერში, როცა საწყის ეტაპზე ამ პროცესმა პრობლემები შეუქმნა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებს სოფლების ქვემო ნიკოზის, ზემო ნიქოზის, დიცის, არბოს და კორდის ტერიტორიებზე, საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ თავიდან ხმამაღალი გაპროტესტება დაიწყო, თუმცა მალევე შეარბილა ტონი

ე.წ. საზღვრის მოწყობის პროცესი 2013 წელს გააქტიურდა და იმავე წლის ბოლოს გამყოფი ბარიერების სიგრძემ 45 კილომეტრს მიაღწია.

ამჟამად, დაახლოებით 200 „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერია აღმართული გამყოფი ხაზის გასწვრივ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციით, რომლის უიარაღო მონიტორები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აკვირდებიან ადგილზე არსებულ ვითარებას; თუმცა მათ სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში არ უშვებენ.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, კესტუტის იანკაუსკასმა  16 ივლისს საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ  „ჩვენ მეტი საზღვრის მოწყობის ქმედებები აღარ გვინახავს“.

მისი თქმით, ბანერების ბოლოდროინდელი დამონტაჟება სტრატეგიული ინფრასტრუქტურის სიახლოვეს, მათ შორის აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალის მიმდებარედ განხორციელდა, რის გამოც „ემოციები ჭარბობს“.

მისი თქმით, ადგილობრივები ამ ბანერებს აღიქვამენ იმის აღმნიშვნელად, სადაც მათ შეუძლიათ ან არ შეუძლიათ გადაადგილება. „ასე რომ, მათთვის საზღვრები შეიცვალა და სწორედ ამიტომაც არის ეს ასეთი ემოციური“, – აღნიშნა მისიის ხელმძღვანელმა.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა 20 ივლისს იმართება ბოლო დროინდელი მოვლენების განსახილველად. ეს შეხვედრები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შუამავლობით ქართული და სამხრეთ ოსური მხარეების, ასევე ადგილზე განთავსებული რუსული ძალების წარმომადგენლების მონაწილეობით ტარდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button