ახალი ამბები

საბანკო ზედამხედველობის შესახებ ცვლილებები მესამე მოსმენით მიღებულია



საქართველოს ეროვნული ბანკის შესასვლელი, 29 ივნისი. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

პარლამენტმა მეორე მოსმენით მიღებიდან მომდევნო დღეს, 17 ივლისს მესამე და საბოლოო მოსმენით 80 ხმით 19-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი სადავო ცვლილებებს, რომელიც ეროვნულ ბანკს საფინანსო ზედამხედველობის ფუნქციას ართმევს.

ამ ფუნქციას ეროვნული ბანკის სისტემაში შემავალი, თუმცა დამოუკიდებელი მმართველობის მქონე საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო განახორციელებს, რომელსაც გადაეცემა კომერციული ბანკების და სხვა საფინანსო ორგანიზაციების ლიცენზირების, შემოწმებისა და რეგულირების, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესების უფლება.

მესამე მოსმენით მიღების წინ რესპუბლიკელმა დეპუტატმა ნოდარ ებანოიძემ, რომელიც ქართული ოცნების დეპუტატ თამაზ მეჭიაურთან ერთად ამ ცვლილებების თანაავტორია, განაცხადა, რომ კანონპროექტი 1 აგვისტოს ნაცვლად, მისი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება.

გამოქვეყნებისთვის კი მას ხელი პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უნდა მოაწეროს, რომელმაც მაისში კანონპროექტის ინიცირების შემდეგ არაერთხელ მიანიშნა, რომ მას ვეტოს დაადებს.

კოალიცია ქართულ ოცნებას 86 ადგილი აქვს საკანონმდებლო ორგანოში, ვეტოს დასაძლევად კი სულ ცოტა 76 ხმაა საჭირო. იმ შემთხვევაში, თუ ვეტოს დაძლევის შემდეგ პრეზიდენტი ისევ უარს ამბობს კანონპროექტის ხელმოწერაზე, კანონმდებლობის თანახმად, კანონს ხელს უკვე პარლამენტის თავმჯდომარე აწერს.

ინიციატივა პრეზიდენტთან ერთად ასევე გახდა ავტორიტეტული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, ოპოზიციური პარტიების, ბიზნეს ასოციაციების და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჯგუფის კრიტიკის სამიზნე.

კანონპროექტის კრიტიკის ერთ-ერთი მიზეზი, ოპონენტების თქმით, ის არის, რომ ეს ინიციატივა უფრო პოლიტიკური მოტივებით არის ნაკარნახევი, ვიდრე ეკონომიკური საჭიროებით. მაისში კანონპროექტის ინიცირება ქართული ოცნების მხრიდან იმ თავდასხმების ფონზე მოხდა, რომელსაც ისინი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის წინააღმდეგ ახორციელებენ, რომლის 7-წლიანი უფლებამოსილების ვადა 2016 წლის თებერვალში იწურება. ქადაგიძის კრიტიკის ძირითადი მიზეზი ეროვნული ვალუტის გაუფასურებაა, როცა ლარმა გასული წლის ნოემბრიდან აშშ დოლართან მიმართებაში თავისი ღირებულების დაკარგვა დაიწყო იმ პირობებში, როცა ექსპორტიდან შემოსავლებმა და უცხოურმა ფულადმა გზავნილებმა იკლო ქვეყანაში.

დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში, ივლისის შუა რიცხვებამდე, ლარი ინარჩუნებდა სტაბილურობას და გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2.25-ის ფარგლებში იყო. თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებით კვლავ გაუფასურდა და კურსი ახლა 2.2718-ია.

„ამას [შემდგომ გაუფასურებას] მოველოდით კიდევაც“, – განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ და ინიციატივის თანაავტორმა თამაზ მეჭიაურმა 16 ივლისს ეროვნული ბანკის მისამართით.

„როდესაც ამოწურა ეროვნული ბანკის დღევანდელმა საბჭომ ყველა შანსი ზემოქმედება მოეხდინა ამ კანონპროექტის ავტორებზე, რომ როგორმე გაეწვიათ ეს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების თუ სხვადასხვა ძალების ზეწოლით და როცა ნახეს, რომ პირიქით, ჩვენ წავედით მათთან [საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან]კონსულტაციებზე და მათი რეკომენდაციების გათვალისწინებით მაინც გარდაუვალი გახდა ამ კანონპროექტის მიღება, მათ ჯერ დააანონსეს ის, რომ თითქოს პარლამენტი ბევრ რაღაცას არ ითვალისწინებს შესწორებულ ბიუჯეტში ეროვნული ბანკის მიერ მითითებული შენიშვნებიდან, რომ მმართველობითი ხარჯები არის კიდევ ძალიან მაღალი და ა.შ. და ეს გამოიწვევს ლარის კურსის ვარდნას და პარალელურად მოაყოლეს კიდევაც, უკვე სამი დღეა, ლარის კურის ვარდნა და ეს უნდათ მთლიანად მთავრობას დააბრალონ და არა მათ საქმიანობას და ასევე კიდევ იმას, რომ ეს ყველაფერი გამოწვეულია ამ კანონპროექტის მიერ. ეს არის ერთი ჯაჭვის ცალკეული რგოლები“, – განაცხადა მეჭიაურმა.

 

Back to top button