ახალი ამბები

ენერგეტიკის მინისტრი ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების მიღმა მოქცეული ნავთობსადენის შესახებ

კომპანია BP–ს მიერ ოპერირებული 830-კილომეტრიანი ბაქო–სუფსის ნავთობსადენის 1 605 მეტრი სიგრძის მონაკვეთი რუსი სამხედროების მიერ 10 ივლისს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან აღმართული ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების მიღმა მოექცა, განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ კვირას.

მისი ინფორმაციით,  საქართველოს აქვს „ალტერნატიული პროექტი“, რათა გვერდი აუაროს ამ  ტერიტორიას და ის „მაშინვე“ ამუშავდება, თუკი მილსადენს “პრობლემები“ შეექმნება.

ბაქო–სუფსის ნავთობსადენი, რომელიც დასავლეთ მარშრუტის საექსპორტო მილსადენის სახელითაა ცნობილი, აზერბაიჯანიდან სუფსის ტერმინალისკენ გადის და დღეში 100 000–მდე ბარელი ნავთობის ტრანსპორტირების შესაძლებლობა აქვს.

კალაძემ განუცხადა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს 12 ივლისს, რომ მართალია 2008 წლის შემდეგ ამ 1 605–მეტრიან მონაკვეთზე BP ვერ ახერხებს ადგილზე ინსპექტირებას, მაგრამ “დღემდე არანაირი შეფერხება ამ მილსადენს არ ქონია და ის ჩვეულებრივად მუშაობს“.

„იმ შემთხვევაში, თუ რაიმე კონკრეტული პრობლემები იქნება დაფიქსირებული, ჩვენ უკვე გამზადებული გვაქვს ალტერნატიული პროექტი, რომლის განხორციელებაც არანაირ პრობლებას არ წარმოადგენს“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ საქართველო ყოველწლიურად დაახლოებით 7 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალს იღებს ამ მილსადენიდან.  

კითხვაზე რამდენად დასაშვებია, რომ საოკუპაციო რეჟიმმა ნავთობის ტრანზიტისთვის გადასახადი მოითხოვოს, კალაძემ უპასუხა: „მე არაფერს არ გამოვრიცხავ“.

„თუ რაიმე პრობლემას დავინახავთ ამ კონკრეტულ მილსადენთან დაკავშირებით, ჩვენ მაშინვე შევძლებთ ახალი მილსადენის განხორციელებას – საუბარია ზუსტად 1 605 მეტრის მონაკვეთზე ახალი მილების გაკეთებაზე  – ეს პროექტი უკვე არსებობს და იმ შემთხვევაში, თუ პრობლემები იქნება, ჩვენ ამ პროექტს განვახორციელებთ“, – აღნიშნა ენერგეტიკის მინისტრმა.

თბილისმა განაცხადა, რომ   გორის რაიონის სოფელ წითელუბნისა და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს რუსეთის „უკანონო“ ქმედებების შედეგად ბაქო-სუფსის მილსადენის გარკვეული ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.

თუ ბანერების აღმართვას ე.წ. საზღვრის მოწყობის ქმედებებიც მოყვება, მათ შორის მავთულხლართების გავლება, როგორც ეს ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის ზოგიერთ სხვა ადგილას მოხდა, ადგილობრივები თავიანთი სასოფლო–სამეურნეო მიწებიდან მოწყვეტილები აღმოჩნდებიან.

„ეს არის აშკარად პროვოკაცია, მიზანმიმართული პროვოკაცია. ძალიან სახიფათო პროვოკაციაა“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ კვირას.

აბაშიძემ, რომელიც იმ ტერიტორიებს ესტუმრა, სადაც რუსმა მესაზღვრეებმა „სამხრეთ ოსეთის საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერები აღმართეს, განაცხადა, რომ იგი ამ საკითხს 15 ივლისს პრაღაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, გრიგორი კარასინთან შეხვედრაზე დააყენებს იმ პირდაპირი ორმხრივი დიალოგის ფარგლებში, რომელიც ორ ქვეყანას შორის 2012 წლის ბოლოს დაიწყო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button