Placeholder canvas
ახალი ამბები

იუსტიციის სამინისტრო: სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს დეპორტაციის საქმეზე არგუმენტების წარდგენა 9 ოქტომბრამდე მოთხოვა

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ქართველების დეპორტაციის საქმეზე რუსეთს 9 ოქტომბრამდე განუსაზღვრა არგუმენტების წარდგენის ვადა საქართველოს პოზიციაზე, რომელიც საქმის მოგებიდან ერთი წლის თავზე რუსეთისგან კომპენსაციის სახით 70.3 მლნ ევროს ანაზღაურებას ითხოვს.

„როგორც სასამართლოს წერილიდან ირკვევა, საქართველოს პოზიციის ამსახველი დოკუმენტი კომენტარებისათვის სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის ფედერაციას 8 ივლისს გადაუგზავნა სასამართლოს რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად. საქართველოს პოზიციაზე შეპასუხების ვადად ევროპულმა სასამართლომ რუსეთს 2015 წლის 9 ოქტომბერი განუსაზღვრა“, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ 8 ივლისს გავრცელებულ ინფორმაციაში. 

რუსეთის იუსტიციის სამინისტროში 6 ივლისს, როცა ჯერ კიდევ არ ჰქონდათ კომპენსაციის თაობაზე რაიმე შეტყობინება მიღებული, „რია ნოვოსტის“ განუცხადეს, რომ ამ საკითხზე პოზიციას მოსკოვი სტრასბურგის სასამართლოდან ქართული მხარის მოთხოვნის ოფიციალურად მიღების შემდეგ ჩამოაყალიბებს.

სტრასბურგის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 2014 წლის 3 ივლისს განაცხადა, რომ 2006 წლის შემოდგომაზე საქართველოს მოქალაქეების დაპატიმრება, დაკავება და რუსეთიდან კოლექტიური გაძევება ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის დარღვევაა. თუმცა დაზარალებულთა მორალური და მატერიალური ზიანის კომპენსაციის შესახებ საქართველოს მოთხოვნაზე სასამართლომ გადაწყვეტილება მაშინვე არ მიიღო და სანაცვლოდ, მხარეებს ამ საკითხზე მოლაპარაკებისთვის ერთი წელი განუსაზღვრა.

სექტემბერში თბილისმა სტრასბურგის სასამართლოს, როგორც „შუამავალს“, რუსულ მხარესთან მოლაპარაკებების ორგანიზებაში დახმარება თხოვა, თუმცა, როგორც საქართველოს იუსტიციის სამინისტრო იუწყება, სანაცვლოდ მიიღო პასუხი, რომ „მოლაპარაკებების პროცესში სასამართლოს ჩართულობა მიზანშეწონილი იქნებოდა მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც მხარეები სასამართლოს წინაშე წარადგენდნენ პოზიციებს კომპენსაციის შესახებ“.

გასული ერთი წლის განმავლობაში ამ საკითხზე საქართველოს და რუსეთის შესაბამის უწყებებს შორის მოლაპარაკებები არ გამართულა და როგორც საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ამბობს, არც რუსეთის იუსტიციის სამინისტროდან შემოსულა რაიმე დოკუმენტაცია ან პოზიცია. საქმის მოგებიდან ერთი წლის თავზე, 2 ივლისს საქართველომ კომპენსაციის სახით 70.3 მლნ ევროს მოთხოვნის დოკუმენტები სტრასბურგის სასამართლოს წარუდგინა.

ორ ქვეყანას შორის ჯაშუშებთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ, რუსეთის ხელისუფლებამ 2 300-ზე მეტი ქართველი დააკავა და გამოაძევა 2006 წლის სექტემბრის ბოლოსა და 2007 წლის დასაწყისში; ასობით ადამიანი თბილისში რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სატვირთო თვითმფრინავით გამოუშვეს.

კიდევ 2 000–ზე მეტი ქართველი ასევე გამოაძევეს რუსეთიდან და მათ ქვეყანა თვითონ დატოვეს, საქართველოს მთავრობის მონაცემებით.

საქართველო აცხადებდა თავის განაცხადში, რომ ამგვარი ქმედება იყო რუსეთის ხელისუფლების შურისძიება თბილისში 2006 წლის სექტემბერში ოთხი რუსი ოფიცრის დაკავების საპასუხოდ.

რუსეთი, რომელიც უარყოფდა რაიმე შურისძიებას საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, აცხადებდა, რომ ეს უკანონო ემიგრაციის წინააღმდეგ მისი სტანდარტული პოლიტიკის გაგრძელება იყო.

17 მოსამართლისგან შემდგარმა დიდმა პალატამ ხმათა უმრავლესობით დაადგინა 2014 წლის ივლისში, რომ კონვენციის დარღვევას ჰქონდა ადგილი უცხოელთა კოლექტიური გაძევების აკრძალვასთან, თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლებასთან, სამართლიან სასამართლო განხილვის უფლებასთან, არაადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობასთან და სამართლებრივი დაცვის ეფექტიან საშუალებასთან მიმართებაში.

 

მსგავსი/Related

Back to top button