ახალი ამბები

სსფ: დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებებით ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას რისკი ექმნება

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (სსფ) „შეწუხებულია“ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობისათვის „რისკის“ შემცველი დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებებით, რომელიც ეროვნულ ბანკს საფინანსო ზედამხედველობის ფუნქციას ართმევს, განაცხადა  სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში აზიმ სადიკოვმა.

„მიგვაჩნია, რომ ამ უწყების დამოუკიდებლობას  რისკი ექმნება“, – განაცხადა მან, „ჩვენი რეკომენდაციაა ჯეროვანი კონსულტაციები გაიმართოს ამ ეტაპზე ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან და დამოუკიდებელ ექსპერტებთან. თუ ამგვარი კონსულტაციების შედეგად განხორციელდება ცვლილებები ცენტრალური ბანკის შესახებ კანონში, მისი დამოუკიდებლობა დაცული უნდა იქნეს და უზრუნველყოფილი იყოს მისი მართვა და ფუნქციონირება საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. საერთაშორისო სავალუტო ფონდი გამოთქვამს მზადყოფნას დახმარება აღმოუჩინოს ქვეყანას ამ სფეროში“. 

ამ კანონპროექტის ინიცირება ცოტა ხნის წინ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ქართული ოცნების დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა და მისმა მოადგილემ, რესპუბლიკელმა ნოდარ ებანოიძემ მოახდინეს. ინიციატივა ბიზნეს ასოციაციებმა და პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გააკრიტიკეს. პრეზიდენტმა ისიც კი მიანიშნა, რომ პარლამენტის მიერ დამტკიცების შემთხვევაში, კანონპროექტს ვეტოს დაადებს.

4 ივნისს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მხარი აუბა ახალ ინიციატივას, რომელიც მისი თქმით, საბანკო სექტორის დამოუკიდებლობის ზრდას დაეხმარება და კომერციული ბანკები „ვეღარ გახდებიან – თუ ასეთი არსებობს, მე არ ვამტკიცებ – პოლიტიკური თამაშების მსხვერპლი ეროვნული ბანკის მხრიდან“. ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ იმ განცხადების ავტორებს, რომლებიც ამბობენ, რომ დაგეგმილი კანონმდებლობა საინვესტიციო გარემოს საფრთხეს შეუქმნის, „ცუდად“ ესმით ამ ცვლილებების არსი.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ამ განცხადებების თაობაზე პრესის მიერ დასმული კითხვების საპასუხოდ სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში აზიმ სადიკოვმა 5 ივნისს წერილობითი კომენტარი გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ  ხელისუფლების მხრიდან მუდმივად იმის დადასტურებამ, რომ „ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობაზე ნაკისრი ვალდებულების ერთგული რჩება“,  საშუალება მისცა სავალუტო ფონდს, რომ „მხარი დაგვეჭირა საქართველოსთვის ეკონომიკური დახმარების პროგრამებით“ და 2014 წლის ივლისში „მისთვის სარეზერვო დაფინანსების მექანიზმი დაგვემტკიცებინა“ 154 მლნ აშშ დოლარის ოდენობით.

„საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგის ფორმატში საერთაშორისო სავალუტო ფონდი მუდამ უსვამს ხაზს საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის პატივისცემისა და დაცვის მნიშვნელობას. ხსენებული უწყების დამოუკიდებლობის პრინციპის ხელყოფა შეასუსტებს მის ფუნქციონირებას, დააზიანებს მისი ფულად-საკრედიტო და ფინანსურ სექტორში განხორციელებული პოლიტიკის სანდოობას, შეარყევს ინვესტორთა რწმენას“, – აცხადებს სადიკოვი.

თავის წერილობით კომენტარში ბიძინა ივანიშვილის იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომ მან საერთაშორისო სავალუტო ფონდის „წარმომადგენლის“ „პირად შეხვედრაზე“ გამოთქმული თხოვნა გაითვალისწინა, რომ არ დაეჭირათ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ივანიშვილის კუთვნილი „ბანკი ქართუს“ წინააღმდეგ დაგეგმილ შეთქმულებაში მის სავარაუდო მონაწილეობასთან დაკავშირებით,  აზიმ სადიკოვმა განაცხადა: „საერთაშორისო სავალუტო ფონდს არ გამოუთქვამს და ვერც მომავალში გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას ცალკეული ქვეყნის სამართალწარმოებაზე ან ერთეული პირის კანონთან მიმართებაზე. ეს ჩვენი მანდატი არ გახლავთ“.

ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა სავალუტო ფონდთან მუშაობას „ჩვეულ რეჟიმში“ აგრძელებს და „ვერანაირი განცხადებები“ ამ ურთიერთობებს ხელს ვერ შეუშლის.

„ბატონი ბიძინა აკეთებს განცხადებებს, რომელიც მას მიაჩნია სწორად და ვერანაირი განცხადებები ვერ შეუშლის და არც არის გამიზნული იმისათვის, რომ ხელი შეუშალოს ამ ურთიერთობებს. პირიქით სავალუტო ფონდი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი“, – განუცხადა ხადურმა 5 ივნისს ჟურნალისტებს.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button