ახალი ამბები

კანონპროექტი მოსამართლეს წინასწარი პატიმრობის პერიოდულად გადასინჯვის ვალდებულებას აკისრებს

იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი მოსამართლეს აკისრებს ვალდებულებას, რომ წინასწარი პატიმრობის საკითხი გარკვეული პერიოდულობით ავტომატურად გადასინჯოს.

კონსტიტუციით, ბრალდებულის წინასწარი პატიმრობის მაქსიმალური ვადა 9 თვეს არ უნდა აღემატებოდეს.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში მთავრობის მიერ ინიცირებული ცვლილებები,  რომლის საპარლამენტო განხილვები უკვე დაიწყო, ახალი მექანიზმის ფარგლებში მოსამართლეს აკისრებს ვალდებულებას, რომ  წინასასამართლო სხდომაზე საკუთარი ინიციატივით განიხილოს პატიმრობის ძალაში დატოვების საკითხი იმის მიუხედავად დააყენა თუ არა მხარემ ეს შუამდგომლობა; ამის შემდეგ, წინასასამართლო სხდომიდან საქმის არსებითი განხილვის დაწყებამდე პერიოდში და საქმის არსებითი განხილვის მთელი პერიოდის განმავლობაში, მოსამართლე ასევე ვალდებულია თავისი ინიციატივით განიხილოს პატიმრობის ძალაში დატოვების საკითხი ორ თვეში ერთხელ მაინც.

ამასთან, კანონპროექტი მოსამართლეს ასევე ავალდებულებს, რომ თავის განჩინებაში მიუთითოს ის მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც  იგი გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების აუცილებლობაში დარწმუნდა; აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების საკითხის განხილვისას მტკიცების ტვირთი ყველა შემთხვევაში ბრალდების მხარეს ეკისრება.

მოსამართლესვე ეკისრება ვალდებულება, რომ სასამართლო სხდომაზე განჩინების გამოცხადებისას  ზეპირად განუმარტოს მოკლედ მხარეებს, თუ რომელი მტკიცებულებების საფუძველზე გამოიყენა წინასწარი პატიმრობა და რა მიზეზით მიიჩნია, რომ სხვა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება ვერ უზრუნველყოფდა აღკვეთის ღონისძიების მიზნის მიღწევას.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ამ ცვლილებების მომზადება განაპირობა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ბიუროს „სასამართლო პროცესის მონიტორინგის ანგარიშში“ ასახულმა შესაბამისმა რეკომენდაციებმა, რომლებიც  ყოფილი მაღალჩინოსნების 14 საქმის სასამართლო პროცესების დაკვირვებიდან გამომდინარეობს. ამ რეკომენდაციების შესრულებისკენ საქართველოს მთავრობას ასევე მოუწოდეს ევროპარლამენტარებმა დეკემბერში საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციაში. 

ყოფილ მაღალჩინოსნებს შორის პირველი თავდაცვის ექს-მინისტრი ბაჩო ახალაია იყო, ვინც გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადებამდე, წინასწარ პატიმრობაში თითქმის ორი წელი დაჰყო ახალი ბრალდებების დამატების გამო; მეორე კი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავაა, რომელიც წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი მაქსიმალური ვადის ამოწურვის წინ, სასამართლომ იმავე საქმეზე ბრალდებების დამძიმების შემდეგ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. უგულავას, რომელიც წინასწარ პატიმრობაში 2014 წლის ივლისიდან იმყოფება, რამდენიმე საქმეზე აქვს ბრალდებები წაყენებული და ზოგიერთ მათგანზე აღკვეთის ღონისძიებად მას პატიმრობა არ აქვს შეფარდებული, თუმცა სასამართლოს მისთვის არცერთ ამ საქმეზე საბოლოო განაჩენი არ გამოუტანია.

მართალია ბრალდებულის წინასწარ პატიმრობაში 9 თვეზე მეტი ხნით ყოფნის საკითხს არ ეხება, მაგრამ მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტში ერთი ცვლილება იმ შემთხვევას უკავშირდება, როცა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია არა პატიმრობა, არამედ არასაპატიმრო აღკვეთის სხვა ღონისძიება.  ასეთ შემთხვევაში, კანონპროექტი სასამართლოს აკისრებს ვალდებულებას, რომ განაჩენი საქმის არსებითი განხილვისათვის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 2 წლის ვადაში გამოიტანოს. თუმცა ეს ვადა არ გავრცელდება იმ საქმეებზე, სადაც ბრალდებული თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას ან ძებნაშია.

მსგავსი/Related

Back to top button