ახალი ამბები

კონცეფცია მთავარი პროკურორის დანიშვნის ახალი წესის შესახებ

მთავარი პროკურორის დანიშვნის ახალი წესის შესახებ კონცეფცია, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ პროკურატურის დაანონსებული რეფორმის ფარგლებში მოამზადა, მთავარი პროკურორის თანამდებობაზე გამწესების პროცესში პარლამენტის ჩართვას ითვალისწინებს.

ამჟამად, მთავარ პროკურორს, რომლიც უწყებაც, კონსტიტუციის მიხედვით, იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში შედის, იუსტიციის მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი.

ახალი მოდელის თანახმად, მთავარი პროკურორის კანდიდატურას კვლავ იუსტიციის მინისტრი დაასახელებს, თუმცა ნაცვლად იმისა, რომ პირდაპირ პრემიერ-მინისტრს წარუდგინოს დასამტკიცებლად, კანდიდატურას საპროკურორო საბჭოს წარუდგენს – ოთხწლიანი უფლებამოსილების მქონე ახალ რგოლს, რომელიც კონცეფციის ნოვაციას წარმოადგენს.

საპროკურორო საბჭო, რომელსაც იუსტიციის მინისტრი უხელმძღვანელებს და მასში ასევე შევლენ პარლამენტის ადამიანის უფლებათა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეები, აკადემიური წრეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებული კანდიდატებიდან პარლამენტის მიერ არჩეული წევრი და პროკურორთა კონფერენციის მიერ დასახელებული სამი პროკურორი, ხმათა 2/3-ით დაამტკიცებს იუსტიციის მინისტრის მიერ შეთავაზებულ კანდიდატურას, რომელიც ამის მერე წარედგინება მთავრობას, ხოლო შემდეგ პარლამენტს, რათა მან საბოლოოდ დაუჭიროს მხარი თანამდებობაზე მთავარი პროკურორის 6 წლის ვადით გამწესებას. 

ის თუ, რამდენი დეპუტატის ხმა დასჭირდება მთავარი პროკურორის დამტკიცებას, ასევე საბოლოოდ როგორ ჩამოყალიბდება საპროკურორო საბჭოს შემადგენლობა წარმოდგენილ კონცეფციაში „არაერთი ცვლილების“ შედეგად გაირკვევა, განუცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს მას შემდეგ, რაც 28 აპრილს სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ახალი მოდელი წარუდგინა.

საპროკურორო საბჭო საპროკურორო უფლებამოსილების პროცესში არ ჩაერევა, თუმცა მას, კონცეფციის თანახმად, ექნება უფლება მთავრობას მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გათავისუფლების  წინადადება წარუდგინოს და მთავარი პროკურორისა და მისი მოადგილეების წინააღმდეგ დისციპლინური სამართალწარმოება განახორციელოს. კონცეფციის მიხედვით, მთავარი პროკურორის იმპიჩმენტის დაწყება მის ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაულის გამოვლენის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, რაც სპეციალურად დანიშნულმა საგანგებო პროკურორმა დასკვნით უნდა დაადასტუროს, ეს დასკვნა უნდა გაიზიაროს ჯერ საპროკურორო საბჭომ, შემდეგ მთავრობამ, რომლის მიმართვის საფუძველზეც პარლამენტი წყვეტს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს. 

„აუცილებელია, რომ ეს რეფორმა განხორციელდეს დღეს, ხვალ და ახლა და არა გაისად. წელს ჩვენ უნდა მივიღოთ ახალი წესით არჩეული მთავარი პროკურორი“, – განაცხადა მინისტრმა წულუკიანმა.

მან ასევე გააკრიტიკა ორი წლის წინ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც იუსტიციის სამინისტრო და მინისტრი ფაქტიურად სრულიად ჩამოაცილეს პროკურატურის ზედამხედველობას,  იმის მიუხედავად, რომ კონსტიტუციით პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაშია და განაცხადა, რომ ეს „დაბალანსებული ფორმით უნდა გამოსწორდეს“.

შემოთავაზებული მოდელი კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის გარეშე გულისხმობს რეფორმის განხორციელებას, ვინაიდან იუსტიციის სამინისტროს თანახმად, „ამ ეტაპზე ვერ ხერხდება“ საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელება, რათა პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს გამოეყოს.

საკონსტიტუციო ცვლილებებზე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია მუშაობს, რომელსაც კონკრეტული პროექტი ჯერ არ შეუმუშავებია და ამისთვის უკვე ორჯერ გახანგრძლივებული ვადა სექტემბრისთვის ეწურება.

კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭირვალე მართლმსაჯულებისათვის, რომელიც 30-ზე მეტ არასამთავრობო ორგანიზაციას, ბიზნეს ასოციაციასა და მედია საშუალებას აერთიანებს, ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ შემოთავაზებული კონცეფცია, რომელიც მოქმედ კონსტიტუციურ ჩარჩოსაა მორგებული, „ვერ უზრუნველყოფს არსებით გარდაქმნას პროკურატურის სისტემაში“, რასაც კონსტიტუციური ცვლილებების განხორციელება სჭირდება „პროკურატურის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გაძლიერებისა და პოლიტიკური მმართველობისგან დისტანცირების უზრუნველყოფისთვის“.

„მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილი კონცეფცია მნიშვნელოვან გადამუშავებას საჭიროებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს პროკურატურის სისტემის დამოუკიდებლობა პოლიტიკური ხელისუფლებისგან“, – აცხადებს კოალიცია.

მართალია მიესალმება მთავარი პროკურორის დანიშვნაში პარლამენტის ჩართულობას, მაგრამ კოალიცია ასევე აღნიშნავს, რომ კონცეფცია პროცესს კვლავ ტოვებს მხოლოდ უმრავლესობაში მყოფი პოლიტიკური გუნდის ხელთ; კოალიცია სხვა შენიშვნებთან ერთად ასევე მოუწოდებს, რომ მთავარი პროკურორის ნომინირების უფლება დარჩეს არა იუსტიციის მინისტრს, არამედ შერჩევა მოხდეს ღია საკონკურსო წესით. 

დეპუტატმა ოპოზიციური „თავისუფალი დემოკრატებიდან“ შალვა შავგულიძემ განაცხადა, რომ შემოთავაზებული მოდელით მთავარი პროკურორის დანიშვნის ყველა საფეხურზე გადაწყვეტილების მიმღები მმართველი პოლიტიკური ძალაა. „ფორმალურად თითქოს რაღაც სერიოზულ ფილტრებს გადის ეს კანდიდატურა და სინამდვილეში, ისევ მმართველი პოლიტიკური ძალა დანიშნავს მას“, – განაცხადა მან.

კოალიცია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამაში, ისევე როგორც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების მოგების შემდეგ ბიძინა ივანიშვილის მთავრობის მიერ წარდგენილ პროგრამაში, პროკურატურის რეფორმასთან დაკავშირებით ეწერა: „პროკურატურა ჩამოყალიბდება დამოუკიდებელ სამართალდაცვის ორგანოდ იუსტიციის სამინისტროს სისტემაში. მას უხელმძღვანელებს მთავარი პროკურორი და არა იუსტიციის მინისტრი. მთავარ პროკურორს კონსტიტუციით განსაზღვრული ვადით (სულ ცოტა, 5 წლით), პარლამენტის თანხმობით, თანამდებობაზე დანიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო თანამდებობიდან მისი ვადამდე გათავისუფლება მოხდება მხოლოდ იმპიჩმენტის წესით ან საქართველოს პრეზიდენტის დასაბუთებული გადაწყვეტილებით, პარლამენტის თანხმობის საფუძველზე“.

ეს ჩანაწერი 2013 წლის ნოემბრის და 2014 წლის ივლისის იმ სამთავრობო პროგრამებში, რომლებსაც ნდობა პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობასთან ერთად გამოუცხადა, უკვე აღარ ფიგურირებს.

მსგავსი/Related

Back to top button