ახალი ამბები

თბილისი და მოსკოვი პირდაპირი რეგულარული ფრენების გაფართოებაზე შეთანხმდნენ

საქართველოს და რუსეთის საავიაციო ხელმძღვანელობები ორ ქვეყანას შორის პირდაპირი რეგულარული ფრენების გაფართოების თაობაზე შეთანხმდნენ იმ მოლაპარაკებების შედეგად, რომელიც მიმდინარე კვირას დასრულდა, განაცხადა ეკონომიკის სამინისტრომ ოთხშაბათს.

რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები 2006 წლის ოქტომბერში შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა ორ ქვეყანას შორის  ჯაშუშებთან დაკავშირებული სკანდალი. ფრენები 2008 წლის მარტის ბოლოს აღდგა, თუმცა მალევე ისევ შეწყდა რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ. 2010 წლის ზაფხულიდან „საქართველოს ავიახაზებმა“ და რუსულმა "სიბირმა" ფრენების განხორციელება დაიწყეს, რასაც ფორმალურად „ჩარტერული“ ფრენები ეწოდებოდა, თუმცა ფაქტიურად რეგულარულ საფუძველზე ხორციელდებოდა. პირდაპირი რეგულარული ფრენები 2014 წლის ოქტომბერში აღდგა, თუმცა მხოლოდ თბილისი–მოსკოვის მიმართულებით.

შეთანხმების თანახმად, როგორც საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ აღნიშნა, საქართველოს ავიაკომპანიები მოსკოვთან ერთად ასევე შეძლებენ რეგულარული ფრენების განხორციელებას ექვს რუსულ ქალაქში, მათ შორის სანკტ–პეტერბუგში, სამარაში, ეკატერინბურგში, სოჭში, დონის როსტოვში  და მინვოდში. „საქართველოს ავიახაზებმა“ თბილისსა და სანკტ–პეტერბურგს შორის ფრენები 10 აპრილს დაიწყო.

თბილისთან ერთად რუსული ავიაკომპანიები  რეგულარული ფრენების განხორციელებას ქუთაისსა და ბათუმში შეძლებენ.      

ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ ფრენის სიხშირეები თბილისი-მოსკოვის საჰაერო ხაზზე შემდეგნაირად განისაზღვრა – ზამთრის სანავიგაციო სეზონზე 18 სიხშირე თითოეული მხრიდან, ხოლო ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე  – 21 სიხშირე. რაც შეეხება ფრენის სიხშირეებს ორი ქვეყნის სხვა ქალაქებს შორის, აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში სიხშირეები იქნება შეუზღუდავი, როგორც ეს იყო ქვეყნებს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტამდე.

შეთანხმება ორი ქვეყნის საავიაციო ხელმძღვანელობებს  შორის მთელი რიგი შეხვედრების შედეგად იქნა მიღწეული; ეს შეხვედრები, ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართა და მათ შვეიცარიელი დიპლომატებიც ესწრებოდნენ. შვეიცარია შუამავლის როლს ასრულებს რუსეთსა და საქართველოს შორის მას შემდეგ, რაც ორმა ქვეყანამ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით,  2014 წლის ნოემბრიდან 2015 წლის თებერვლის ჩათვლით, სულ მგზავრთა ნაკადი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 49%-ით გაიზარდა.

ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზები“, რომელიც დიდი ხანია ეწინააღმდეგება რუსული ავიაკომპანიების ხშირ ფრენებს, ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ გამოდის და აცხადებს, რომ ეს შეთანხმება მხოლოდ რუსული ავიაკომპანიების ინტერესებს აკმაყოფილებს. „საქართველოს ავიახაზების“ გენერალური დირექტორი იასე ზაუტაშვილი აცხადებს, რომ ეკონომიკის სამინისტროს მიერ მგზავრთა ნაკადის შესახებ გამოქვეყნებული მონაცემები გადაჭარბებულია და არ არსებობს იმის საჭიროება, რომ თითოეული მხრიდან 18 და 21 ფრენა განხორციელდეს.  „საქართველოს ავიახაზები“ შიშობს, რომ ვერ გაუძლებს კონკურენციას რუსულ ავიაკომპანიებთან, რომლებიც, მისი თქმით, დემპინგურ ფასებს გამოიყენებს.

მსგავსი/Related

Back to top button