ახალი ამბები

თავდაცვის მინისტრს საპარლამენტო კომიტეტში მოუსმინეს

  • ‘კვლავინდებურად მაღალი რისკის მატარებლად რჩება რუსეთიდან მომდინარე სამხედრო საფრთხეები’;
  • ‘მოსკოვი ააქტიურებს ე.წ. რბილი ძალის პოლიტიკას’;
  • საფრანგეთიდან იარაღის შესყიდვის თაობაზე პოტენციური შეთანხმება „არ ჩაშლილა“;
  • მინისტრმა მოსალოდნელი შეთანხმება დეპუტატებთან დახურულ შეხვედრაზე განიხილა.


თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში სიტყვით გამოდის, 8 აპრილი. ფოტო: თავდაცვის სამინისტრო  

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ განუცხადა დეპუტატებს, რომ ქვეყნის უსაფრთხოების გარემოს ფორმირების მთავარ ფაქტორებს შორის არის რუსეთიდან მომდინარე სამხედრო საფრთხე, ასევე მოსკოვის მიერ „გააქტიურებული ე.წ. რბილი ძალის პოლიტიკა“, რაც მიზნად ისახავს თბილისის იძულებას, რომ დასავლური კურსი შეცვალოს.   

ჯანელიძე 8 აპრილს პირველად გამოვიდა დეპუტატების წინაშე პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხანგრძლივ მოსმენაზე, რასაც შემდეგ დახურული შეხვედრა მოჰყვა ნდობის ჯგუფთან, რომელშიც შემავალ ხუთ დეპუტატს თავდაცვასთან დაკავშირებულ გასაიდუმლოებულ ინფორმაციაზე აქვს წვდომა და მათთან საფრანგეთთან იარაღის შესყიდვის თაობაზე პოტენციური შეთანხმება განიხილა; ბოლო დროს ამ შეთანხმების თემამ პოლიტიკური ელფერი შეიძინა და მას თან ოპოზიციის და მთავრობის ურთიერთბრალდებები ახლავს.

ჯანელიძემ თავისი ვრცელი შესავალი სიტყვა უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების განხილვით დაიწყო. 

„საქართველოს უსაფრთხოების გარემო მნიშვნელოვნად განპირობებულია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებით, ასევე უკრაინაში მიმდინარე პროცესებით“, – განაცხადა მან, „ოფიციალური მოსკოვის და დასავლური სამყაროს მზარდი დაპირისპირების პროცესში კიდევ უფრო ახალი რეალობების წინაშე დავდექით, კიდევ უფრო ახალი გამოწვევების წინაშე დავდექით“.
მისი თქმით, რუსეთის ე.წ. „მოკავშირეობის“ ხელშეკრულებები სეპარატისტულ  აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან წარმოადგენს ა რეგიონების „ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯს“ და „რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გაგრძელების აშკარა ნიშანს“, რაც „სერიოზულ ზეგავლენას ახდენს უსაფრთხოების გარემოზე“. 

„საქართველოს დასავლური პოლიტიკური კურსი ეწინააღმდეგება რეგიონში რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს, შესაბამისად კვლავინდებურად მაღალი რისკის მატარებლად რჩება რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე სამხედრომ ხასიათის საფრთხეები“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ჯანელიძემ განაცხადა, რომ რუსეთს 10 000–მდე სამხედრო ჰყავს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე 2 500–მდე რუსი მესაზღვრე, რომლებიც რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურს (FSB) ექვემდებარებიან; მისი თქმით, FSB –ს მესაზღვრეები „აქტიურად არიან ჩართული სადაზვერვო–ოპერატიულ საქმიანობაში ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ“. მისივე ინფორმაციით, რუსეთს სეპარატისტულ რეგიონებში განთავსებული აქვს „ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსები, ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემები, მსხვილკალიბრიანი საარტილერიო დანადგარები“.

მან განაცხადა, რომ „დროთა განმავლობაში მარიონეტული რეჟიმები ახმაურებენ პრეტენზიებს ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ დამატებითი ტერიტორიების თაობაზე პრეტენზიების შესახებ, რაც ასევე უსაფრთხოების გარემოსთვის გასათვალისწინებელი ფაქტორია“.

ჯანელიძემ განაცხადა, რომ სამხედრო საფრთხესთან ერთად, „აღნიშვნის ღირსია რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ გააქტიურებული ე.წ. რბილი ძალის პოლიტიკა“.   

„ეს მიზნად ისახავს საქართველოს დასავლურ პოლიტიკურ კურსზე ზემოქმედებას და ჩვენი ქვეყნის იძულებას, რომ ჩვენ ამ კურსიდან გადავუხვიოთ. ესეც არის მნიშვნელოვანი კომპონენტი ჩვენი უსაფრთხოების გარემოსი“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

მან იქვე აღნიშნა, რომ საჯარო მოსმენაზე ამ საკითხზე უფრო გახსნილად ვერ ისაუბრებს, თუმცა მზად არის დეპუტატებთან ვრცლად ისაუბროს იმის შესახებ, თუ „ამ მიმართულებით რა ხორციელდება როგორც მოწინააღმდეგის მხრიდან, ასევე ჩვენი ქვეყნის შესაბამისი სამსახურების მხრიდან“.

როდესაც მოგვიანებით მას ამ თემაზე ჰკითხეს, ჯანელიძემ უპასუხა, რომ რუსეთის „რბილი ძალა“ საქართველოში, ძირითადად, გამოიხატება იმ ორგანიზაციების მომრავლებაში, რომლებიც ლოიალურად არიან განწყობილნი მოსკოვის მიმართ.

მისი თქმით, საქართველოს კომპეტენტური ორგანოები მუშაობენ ამ საკითხზე და ვინაიდან ისინი ხმამაღლა აცხადებენ, რომ ასეთი პრობლემა არსებობს, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ პრობლემაზე რეაგირებაც ხდება.

მოსმენის დროს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა, რომელთაც თავდაცვის მინისტრს გადადგომისკენ მოუწოდეს, ჯანელიძე სხვა საკითხებთან ერთად იმის გამოც გააკრიტიკეს, რომ „მინისტრის ხედვაში“ – დოკუმენტში, რომელიც თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტებს ასახავს 2015–2016 წლებში და რომელიც ჯანელიძემ გასულ თვეს წარადგინა –  რუსეთი საერთოდ არ არის ნახსენები. ამის საპასუხოდ ჯანელიძემ განაცხადა, რომ ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია და რომ „მნიშვნელოვანია ჩვენი პოზიცია“, რაზეც, მისი თქმით, მან ნახევარი საათი ისაუბრა თავის შესავალ სიტყვაში.

ნაციონალური მოძრაობის ზოგიერთმა დეპუტატმა მინისტრს მისი ერთ–ერთი მოადგილის, ლევან ღირსიაშვილის შესახებ ჰკითხა, რომელიც, როგორც დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა,  „პუტინისტურ პარტიას“ წარმოადგენს. ეს ბრალდება იმ ფაქტიდან გამომდინარეობს, რომ ღირსიაშვილის გვარი ნინო ბურჯანაძის დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს ვებგვერდზე პარტიის საკონსულტაციო საბჭოს 45 წევრს შორის ფიგურირებდა. 

„ლევან ღირსიაშვილი „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი არასდროს ყოფილა. ამის თაობაზე თავადაც და პარტიის სპიკერმაც გააკეთა განცხადება“, – განაცხადა ჯანელიძემ, „ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა“.

როდესაც მას ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა ჰკითხეს იყო, თუ არა ის ყოფილი პრემიერ–მინისტრის ბიძინა ივანიშვილის „საკონტაქტო პირი“ რუსეთის დაზვერვის სამსახურთან ურთიერთობებში, ჯანელიძემ, რომელიც კონტრდაზვერვის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა 2012 წლის ბოლოდან 2014 წლის დასაწყისამდე, უპასუხა, რომ ეს „სრული სისულელე“ და „უპასუხისმგებლო“ ბრალდებაა.

იარაღის შესყიდვის თაობაზე პოტენციური გარიგება „არ ჩაშლილა“      

მინისტრის მიმართ დასმულ კითხვებში „თავისუფალი დემოკრატების“ დეპუტატები ძირითადად იმ ბრალდებებზე ამახვილებდნენ ყურადღებას, რომლის თანახმადაც მთავრობამ თითქოს ჩაშალა პოტენციური შეთანხმება საფრანგეთიდან იარაღის შესყიდვის თაობაზე.

ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა და „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა გასულ კვირას, რომ მთავრობამ უარი თქვა თავდაპირველ შეთანხმებაზე – იურიდიულად არასავალდებულო ურთიერთგაგების მემორანდუმზე, რომელიც მან საფრანგეთში თანამდებობიდან გათავისუფლებამდე შეათანხმა და რომელიც ქვეყნისთვის საჭირო საჰაერო თავდაცვის სისტემის შეძენის შესაძლებლობას ქმნიდა.

„ეს აბსურდია. არაფერი არ ჩაშლილა. ყველაფერი მიდის გეგმის ფარგლებში“, – განაცხადა ჯანელიძემ და დასძინა, რომ ამ საკითხებზე ბევრი საუბარი მხოლოდ დააზიანებს პროცესს. მან მოუწოდა ყველას, რომ ნაკლები ილაპარაკონ ამაზე და დეტალები სხვა ფორმატში განიხილონ.

მოგვიანებით თავდაცვის მინისტრმა ეს საკითხი ნდობის ჯგუფის წევრებთან დახურულ შეხვედრაზე განიხილა.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა გივი თარგამაძემ, რომელიც ნდობის ჯგუფი წევრია, უთხრა ჟურნალისტებს დახურული შეხვედრის შემდეგ, რომ მინისტრმა ჯგუფს  ამ პროცესის მონიტორინგის მექანიზმები შესთავაზა. ამდენად, თარგამაძის თქმით, დასკვნები ამ პროცესის დაკვირვების შედეგად იქნება გამოტანილი. 

საკომიტეტო მოსმენის დროს ჯანელიძემ განაცხადა, რომ ქვეყნის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობის გაზრდა თავდაცვის სამინისტროს ერთ–ერთი პრიორიტეტია და დასძინა, რომ კონსულტაციები ამ საკითხზე არა მხოლოდ საფრანგეთთან, არამედ სხვა პარტნიორებთანაც მიმდინარეობს.

ნატო

თავდაცვის მინისტრმა უთხრა დეპუტატებს საკომიტეტო მოსმენაზე, რომ ნატოსთან თანამშრომლობის არსებითი პაკეტის ყველა კომპონენტი შეუფერხებლად  ხორციელდება.  მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ნატო–საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი, რასაც არსებითი პაკეტი ითვალისწინებს, წელს შეიქმნება საქართველოში.

ჯანელიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ინტენსიური თანამშრომლობა ნატოსთან  და დასავლელ პარტნიორებთან ადასტურებს ქვეყნის ურყევ ერთგულებას დასავლური საგარეო პოლიტიკური კურსის მიმართ.

როდესაც მას ნატოს 2016 წლის ვარშავის  სამიტის მოლოდინების შესახებ ჰკითხეს, ჯანელიძემ განაცხადა, რომ ჯერ ადრეა კონკრეტულ საკითხებზე საუბარი, თუმცა უკვე მიმდინარეობს კონსულტაციები მომავალი წლის სამიტისგან „ხელშესახები რეზულტატის“ მიღების მიზნით. 

„ბუნებრივია, ჩვენ ვემზადებით ვარშავისთვის“, – განაცხადა მან, „ჩვენ ვემზადებით თავდაცვის უწყების პოზიციის გენერირებისთვის, მაგრამ ეს მარტო თავდაცვის სამინისტროს კომპეტენცია არ არის. ეს უწყებათაშორისი საკითხია და ბუნებრივია, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და მთავრობასთან ერთობლივი კონსულტაციების შედეგად მიიღებს საბოლოო სახეს. თუმცა, ჩვენ ამაზე ვფიქრობთ და ჩვენ ამაზე კონსულტაციებიც გვაქვს დაწყებული რამდენიმე პარტნიორთან იმისთვის, რომ მაქსიმალურად ხელშესახები რეზულტატი მივიღოთ ვარშავის სამიტისგან“.

მისი ინფორმაციით,  აშშ–საქართველოს ერთობლივი სამხედრო წვრთნები Noble Partner ვაზიანის სამხედრო ბაზაზე მაისში გაიმართება, ხოლო ყოველწლიური ერთობლივი აშშ–საქართველოს სამხედრო წვრთნები Agile Spirit მიმდინარე წლიდან  „ნატო–საქართველოს ერთობლივ წვრთნებად“ გადაიქცევა. 

რაც შეეხება სხვა საკითხებს, თავდაცვის მინისტრს ასევე ჰკითხეს ძალაში რჩება თუ არა მისი წინამორბედის ირაკლი ალასანიას მიერ 2013 წლის დასაწყისში გახმოვანებული გეგმა, რომელიც შემდეგ მაშინდელმა პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმაც გაიმეორა და რომლის თანახმადაც, ოთხ წელიწადში გაწვევის სისტემიდან პროფესიულ არმიაზე გადასვლა იგეგმებოდა.  

„ჩვენ მართლაც ვგეგმავთ, რომ გადავიდეთ სრულად საკონტრაქტრო სამსახურზე“, – განაცხადა ჯანელიძემ ვადების დაკონკრეტების გარეშე, „არსებული გეგმით მიმდინარეობს ნელ-ნელა ახალწვეულების საბრძოლო დანაყოფებიდან გამოყვანა დამხმარე კატეგორიის დანაყოფებში“.

Back to top button