ახალი ამბები

პრეზიდენტის ყოველწლიურ მიმართვას საპარლამენტო ფრაქციების ხელმძღვანელთა გამოსვლები მოყვება

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, 31 მარტს პრეზიდენტ მარგველაშვილის დაგეგმილი ყოველწლიური მოხსენების შემდეგ  ფრაქციის თავმჯდომარეთა გამოსვლები გაიმართება.

ბიურომ არ გაითვალისწინა ოპოზიციის მოთხოვნა დებატების ორგანიზების თაობაზე. პარლამენტის რეგლამენტი, ფრაქციის ხელმძღვანელთა გამოსვლებთან ერთად, დებატების დროს ასევე ითვალისწინებს პარლამენტის ცალკეული წევრების, უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერების, პარლამენტის თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობას.

ფორმატის განსაზღვრისას, პარლამენტის ბიურომ ასევე ჩააგდო ნაციონალური მოძრაობის წინადადება, რომ ფრაქციის ხელმძღვანელებს შესაძლებლობა მისცემოდათ, რომ თავიანთი 15-წუთიანი გამოსვლის დრო გაეყოთ მათ სხვა თანაფრაქციელებს შორის.

პარლამენტში სულ 11 ფრაქცია მოქმედებს, საიდანაც 7 საპარლამენტო უმრავლესობაში შედის, 3 – ნაციონალური მოძრაობის უმცირესობაში, ხოლო ერთი ფრაქცია ოპოზიციურ „თავისუფალ დემოკრატებს“ ეკუთვნით.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა, რომელიც ბიუროს სხდომას უძღვებოდა, განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ცნობილია, რომ პრეზიდენტის გამოსვლას უზენაესი სასამართლოს ახლად არჩეული თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე დაესწრება.

მისი თქმით, პარლამენტს არ აქვს უფლება, რომ პრემიერ-მინისტრი ან მთავრობა, რომლებიც კონსტიტუციის მოქმედ მოდელში აღარ არიან პრეზიდენტის ინსტიტუტზე დაქვემდებარებულები, დაავალდებულოს დაესწრონ პრეზიდენტის მოხსნებას, რისი სურვილიც გიორგი მარგველაშვილმა არაერთხელ გამოთქვა. პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ის მოუსმენს პრეზიდენტს, თუმცა არა ქუთაისის პარლამენტში, არამედ „ტელევიზორით“.

პრეზიდენტი ასევე აცხადებდა, რომ მზად იყო ნებისმიერი ფორმატისთვის, რომელსაც პარლამენტი შესთავაზებდა, მათ შორის დებატებისთვის.

2014 წელს მარგველაშვილის პირველი ყოველწლიური მოხსენების დროს, როცა მის გამოსვლას მთავრობა არ ესწრებოდა, საპარლამენტო დებატები გაიმართა, რითაც გაგრძელდა წინა ხუთი წლის განმავლობაში საკანონმდებლო ორგანოში დამკვირდებული ტრადიცია. წინა პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 2009 წლიდან მონაწილეობდა მისი ყოველლწიური საანგარიშო მოხსნების შემდეგ გამართულ დებატებში, მანამდე კი, 2005 წლიდან ის მოხსენების გაკეთების შემდეგ ტოვებდა პარლამენტს, სადაც მის დაუსწრებლად დეპუტატები იმავე ან მომდევნო სხდომაზე თავიანთ გამოსვლებში აფასებდნენ პრეზიდენტის ანგარიშს.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button