ახალი ამბები

უსუფაშვილი მოწვეული რიგგარეშე სხდომის თაობაზე განმარტებებს აკეთებს

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობა არ ჩაერთვება ნაციონალური მოძრაობის დეპუტაციის მიმართვის საფუძველზე პრეზიდენტის მიერ 13 მარტისთვის მოწვეულ რიგგარეშე სხდომაში, რომლის ჩატარებასაც პარლამენტის აპარატი უზრუნველყოფს, თუმცა იქ ოპონენტების მთავარი ამოცანა იქნება არა „ლარის კურსის გამყარებისთვის ზრუნვა“, არამედ ამ საკითხის „საგანგაშო რეჟიმში“ განხილვა.

„ამგვარი დამოკიდებულება სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხებისდამი, რასაც ოპოზიცია იჩენს, ეს არის ოპოზიციის უფლება, კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში დესტრუქციული ქმედებებიც, ეს არის მათი უფლება, ამას ვერავინ ვერ შეზღუდავს, გარდა ამომრჩევლის არჩევანისა არჩევნებზე; მე ეს ყველაფერი არ მიკვირს, მაგრამ ასევე მივმართავ ჩვენ კოლეგებს ოპოზიციიდან: ნურც მათ გაუკვირდებათ, რომ თუ უმრავლესობა, რომელიც ამგვარ საკითხებში  განსაკუთრებული პასუხისმგებლობით არის დატვირთული, მიიღებს სწორ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და არ ჩაებმება ამ უსაგნო ხმაურში, ხმაურში ხმაურისთვის, რაც ყველაზე უფრო დამაზარალებელია სწორედ ლარის კურსისთვის და ეკონომიკისთვის“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა ოთხშაბათს გამართულ ბრიფინგზე.    

თუმცა მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ პარლამენტი მზად არის „საქმიან რეჟიმში“ საკითხის განსახილველად და ამ მიზნით, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 12 მარტს მართავს მოსმენას მთავრობისა და ეროვნული ბანკის წარმომადგენელთა  მონაწილეობით.

„საპარლამენტო სხდომის რეჟიმში არაერთხელ განგვიხილავს მსგავსი საკითხები და მზად ვართ განვიხილოთ, მაგრამ ვერ გავყვებით, ვერ ავყვებით პოლიტიკურ ოპონენტებს ამ საგანგაშო, საგანგებო ვითარების დამკვირდების მცდელობაში“, – განაცხადა მან.

„საპარლამენტო უმცირესობის მოქმედებებიდან სრულიად აშკარად ირკვევა, რომ მათი მთავარი ამოცანაა არა თავისთავად შემოთავაზებული საკითხი განხილვა და ლარის კურსის გამყარებისთვის ზრუნვა, არამედ საკითხის განხილვა რიგგარეშე, საგანგებო, საგანგაშო რეჟიმში;  მეორე, საკითხის განხილვაში პრეზიდენტის ჩართულობის უზრუნველყოფა; და მესამე, საკითხის თაობაზე დებატებით რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში მედია სივრცის გაჯერება“, – განაცხადა უსუფაშვილმა

მისი ეს სამი მთავარი დასკვნა, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, „კონკრეტულ ფაქტებს“ ემყარება,  მათ შორის იმას, რომ ორი სასესიო კვირის განმავლობაში ამ საკითხის დღის წესრიგში შეტანის მოთხოვნა არ დამდგარა და მხოლოდ პლენარული სხდომების კვირების გასვლის შემდეგ მიმართა უმცირესობამ ორჯერ პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით – პრეზიდენტი ერთხელ არ დაეთანხმა სხდომის მოწვევას, რომელიც 28 თებერვალს მაინც შეიკრიბა, თუმცა ვერ შედგა ქართული ოცნების დეპუტატების ბოიკოტის გამო; ხოლო მეორე ჯერზე პრეზიდენტმა დააკმაყოფილა ნაციონალური მოძრაობის მიმართვა.

ნაციონალური მოძრაობის 42 დეპუტატის ეს თხოვნა, უსუფაშვილის თქმით, შეიცავდა ფორმულირებას, რომ რიგგარეშე სხდომაზე „განხილული იქნება საკითხი, რომელიც შეეხება ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის მექანიზმებსა და საშუალებებს, სამომავლოდ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების აუცილებელი გზების მოძიებას და ქვეყნის ეროვნული ვალუტის ლარის კურსის სტაბილიზაციისკენ მიმართულ ღონისძიებებს“. თუმცა, მისი თქმით, პრეზიდენტი შეეცადა „გაეკეთილშობილებინა“ ეს შეთავაზება და ეს „ცალკე განხილვის თემაა“ რამდენად ჰქონდა მას უფლება, რომ შეეცვალა რიგგარეშე სხდომაზე განსახილველი საკითხი, რომელიც შემდეგი სახით განსაზღვრა: „ეროვნული ვალუტის – ლარის კურსის სტაბილიზაციისკენ მიმართული ღონისძიებები“.

„საკითხი ფორმულირებულია ისე, რომ მას უბრალოდ ვერ განიხილავს პარლამენტი ვერანაირ რეჟიმში, რასაც კი იცნობს ჩვენი რეგლამენტი“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

მისი განმარტებით დანიშნულ რიგგარეშე სხდომაზე, რომელიც ფიქსირებული დღის წესრიგით მოიწვევა და სადაც დეპუტატების არასაპატიო მიზეზით დაუსწრებლობა სანქციებით არ ისჯება, განსხვავებით მორიგი პლენარული სხდომებისაგან, არც რაიმე კანონპროექტის, არც დადგენილების პროექტის, არც პოლიტიკური დებატების და არც მთავრობის ანგარიშის მოთხოვნაა დაყენებული და შესაბამისად, გაუგაბარია, თუ რა პროცედურით უნდა შედგეს "საკითხის" განხილვა.  

მან ასევე განაცხადა, რომ ბუნდოვანია ისიც, თუ რა პროცედურის გამოყენებით შეიძლება ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთი თხოვნის დაკმაყოფილება, რომელიც რიგგარეშე სხდომაზე მინისტრების მიწვევას ეხება.

პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ამ პროცესში პრეზიდენტის როლზეც, რომელიც რიგგარეშე სხდომის მოწვევაში, მისი თქმით, უფრო „პოლიტიკურია“, ვიდრე „სამართლებრივი“, რადგან პარლამენტს რიგგარეშე სხდომაზე შეკრება პრეზიდენტის მიერ სხდომის მოწვევის მოთხოვნის არ დაკმაყოფილების შემთხვევაშიც შეუძლია.

უსუფაშვილის თქმით, ის არ ფიქრობს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში პრეზიდენტი მარგველაშვილი „ვინმეს ანკესს წამოეგო“, მაგრამ „ხანდახან პრეზიდენტიც ცდება, პარლამენტის თავმჯდომარეც ცდება, მთავრობის წევრიც ცდება და ოპოზიციაც ცდება“.   

„პრეზიდენტი არის დამოუკიდებელი ფიგურა, რომელიც იღებს იმ გადაწყვეტილებებს, რაც კონსტიტუციით მას მინიჭებული აქვს. აღნიშნული გადაწყვეტილებების მიღებისას ის მოქმედებდა კონსტიტუციის ფარგლებში; რაც შეეხება მიზანშეწონილობის საკითხს, ამაზე შეიძლება არსებობდეს განსხვავებული აზრი“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, მან თავი ვალდებულად ჩათვალა, რომ ამ პროცესში პარლამენტის, როგორც ინსტიტუტის როლი გამოკვეთოს და „ისიც მივუთითო ოპონენტებსაც, საკუთარ თავსაც, მთავრობასაც, პრეზიდენტსაც, რომ ნუ გვექნება ისეთი წარმოდგენა, რომ რიგგარეშე სხდომების მოწვევის მექანიზმებით, ჩვენ პოლიტიკურ პროცესს სხვა მხარეს წავიყვანთ“.

ნაციონალურმა მოძრაობამ გააკრიტიკა პარლამენტის თავმჯდომარის პოზიცია, როგორც მთავრობის და საპარლამენტო უმრავლესობის „უპასუხისმგებლო“ მოქმედებების გამართლების მცდელობა. 

„მე მინდა მოვუწოდო ხელისუფლებას და მთავრობას გამოიჩინეთ პასუხისმგებლობა, მობრძანდით სხდომაზე და გპირდებით, რომ ჩვენ მზად ვართ ძალიან საქმიან, მშვიდ  და კონსტრუქციული ვითარებაში მოვისმინოთ აქვს თუ არა მთავრობას რაიმე გეგმა ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად“, – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ და დასძინა, რომ „პანიკას“ თესავს არა განხილვა, არამედ „დამალვა, გაქცევა და საზოგადოებისთვის ზურგის შექცევა“. 

ოპოზიციური „თავისუფალი დემოკრატების“ დეპუტატმა ნინო გოგუაძემ განაცხადა, რომ დავით უსუფაშვილი, რომელიც  „ჯერ კიდევ რჩება ადამიანად, რომელიც შეიძლება იყოს პარლამენტის, როგორ დამოუკიდებელი ინსტიტუტის დამცველი“, დღევანდე ბრიფიგნზე „სამწუხაროდ, წარმოჩნდა, როგორც უმრავლესობის გუნდის წევრი და არა როგორც პარლამენტის თავმჯდომარე“.

მსგავსი/Related

Back to top button