ახალი ამბები

საქართველო და ჩინეთი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიზანშეწონილობის საკითხს შეისწავლიან

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ჩინეთის ვაჭრობის მინისტრი გაო ჰუჩენგი ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიზანშეწონილობის კვლევის დაწყებაზე  შეთანხმდნენ.

ორმა მინისტრმა ერთობლივ განცხადებას 9 მარტს პეკინში მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც, „მომდევნო თვეებში“ ჩამოყალიბდება სამუშაო ჯგუფები, რომლებიც  თავისუფალი ვაჭრობის შესაძლო შეთანხმებიდან ეკონომიკურ სარგებელს შეისწავლიან, განაცხადა საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ.

„ეს განცხადება უკვე წარმოადგენს მნიშვნელოვან პოზიტიურ გზავნილს, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური აქტივობის კიდევ უფრო გაზრდას“, – განაცხადა სამინისტრომ. 

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა და ჩინეთის ვაჭრობის მინისტრმა ასევე მოაწერეს ხელი შეთანხმებას „ახალი აბრეშუმის გზის – ეკონომიკური სარტყელის“ განვითარებისთვის თანამშრომლობის შესახებ, რომლის შესახებაც ჩინეთის პრეზიდენტმა ში ძინპინმა 2014 წლის ნოემბერში დააანონსა; ჩინეთის მიერ დაარსებულმა აბრეშუმის გზის ფონდმა საქმიანობა გასულ თვეს დაიწყო და ის მიზნად ისახავს ცენტრალურ აზიაში და მის ფარგლებს მიღმა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას აბრეშუმის გზის ძველი სავაჭრო მარშრუტის აღორძინების მიზნით.

კვირიკაშვილი 9 მარტს ასევე შეხვდა ჩინეთის აბრეშუმის გზის ფონდის ხელმძღვანელს ვანგ იანძის.

მინისტრი მიესალმა თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ახალი აბრეშუმის გზის პროექტის ფარგლებში, როგორც „ნამდვილად ისტორიულ მომენტს“.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც ახალ ბიძგს აძლევს ჩვენს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ თანამშრომლობას, რომელიც ხსნის აბსოლუტურად ახალ პოტენციალს ჩვენი თანამშრომლობისათვის ჩინეთის ძალიან სწრაფად მზარდი ეკონომიკის სახით. საქართველო იძენს ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორს; ეს ნიშნავს ახალ ინფრასტრუქტურას, ახალ სატრანზიტო გზებს, ექსპორტის ახალ პოტენციალს, და რა თქმა უნდა, ახალ სამუშაო ადგილებს საქართველოში“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

„ვისაუბრეთ ანაკლიის პორტზე, ვისაუბრეთ ჩინური კომპანიების წახალისებაზე ამ პორტის მშენებლობაში მონაწილეობის კუთხით. ჩინეთის მხრიდან არის სრული მზადყოფნა, რათა ეს პორტი იყოს ძალიან წარმატებული და გახდეს მნიშვნელოვანი კვანძი ახალი აბრეშუმის გზის ფორმატში“, – განაცხადა მან.

იმ შვიდ კომპანიას და კონსორციუმს შორის, რომლებიც ანაკლიაში ახალი პორტის მშენებლობის უფლებისთვის განაგრძობენ ბრძოლას, ორი ჩინური კომპანიაა.

ვიზიტის დროს საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ასევე შეხვდა ჩინეთის ეროვნული ტურიზმის ადმინისტრაციის თავმჯდომარეს, ლი ჯინტაოს.

მსგავსი/Related

Back to top button