ახალი ამბები

პრეზიდენტი მზადაა მოიწვიოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თანახმაა მოიწვიოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ეკონომიკური საკითხების განხილვის მიზნით, განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ 9 მარტს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი საპარლამენტო ოპოზიციური ჯგუფის, „თავისუფალი დემოკრატების“ დეპუტატებს შეხვდა.

„პრეზიდენტის მიდგომა არის ის, რომ საზოგადოებას უნდა წარედგინოს კონკრეტული გეგმა სავალუტო კრიზისის სტაბილიზაციის თაობაზე, შესაბამისად, პრეზიდენტი დაეთანხმა „თავისუფალი დემოკრატების“ პოზიციას და მიიღო გადაწყვეტილება რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე. „თავისუფალი დემოკრატების“ მიერ გაზიარებული იქნა ასევე პრეზიდენტის შეთავაზება, რომ ამ სხდომას უნდა დაესწრონ   საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და მთავრობის ეკონომიკური ბლოკის მინისტრები“, – განუცხადა კვერენჩხილაძემ სატელევიზიო კომენტარში „რუსთავი 2“-ს.

მისი თქმით, რიგგარეშე სხდომის თარიღი პრეზიდენტის შესაბამისი აქტის გამოცემის შემდეგ გახდება ცნობილი. 

კანონმდებლობით, პრეზიდენტი წერილობითი მიმართვიდან 48 საათის განმავლობაში გამოსცემს რიგგარეშე სხდომის მოწვევის აქტს, რომელიც ტარდება მხოლოდ განსაზღვრული დღის წესრიგით და იხურება მისი ამოწურვისთანავე.

„თავისუფალი დემოკრატების“ დეპუტატებთან შეხვედრამდე, რომლებიც აცხადებენ, რომ მათ პირველებმა მიმართეს პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 9 მარტს ანალოგიური თხოვნა ბოლო ორი კვირის განმავლობაში უკვე მეორედ წარადგინა ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობამ მას შემდეგ, რაც  გასულ კვირას პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მთავრობამ ვერ შეძლო დათქმული ვადისთვის, 5 მარტისთვის „სავალუტო სტაბილიზაციის გეგმა“ წარმოედგინა. მთავრობამ, რომელიც ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას აპირებს საბიუჯეტო დეფიციტის ზრდის შეზღუდვის მიზნით იმ ფონზე, როდესაც ეკონომიკური ზრდის პროგნოზის 5%–დან 2%–მდე შემცირება იგეგმება, 5 მარტს დაავალა სახელმწიფო უწყებებს, რომ 16 მარტამდე ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების გეგმები წარმოადგინონ.

როდესაც გასული თვის ბოლოს ნაციონალურმა მოძრაობამ პირველად მიმართა პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე, პრეზიდენტმა არ დააკმაყოფილა ეს თხოვნა; მარგველაშვილმა ამის მიზეზად მთავრობისთვის მეტი დროის მიცემის საჭიროება დაასახელა, სულ ცოტა 5 მარტამდე, დეტალური გეგმის წარსადგენად. 28 თებერვალს პარლამენტი ქუთაისში მაინც შეიკრიბა, თუმცა რიგგარეშე სხდომა ვერ შედგა ქართული ოცნების დეპუტატების უმრავლესობის ბოიკოტის გამო. კვორუმის უქონლობის გამო ჩაშლილი სხდომის შემდეგ ნაციონალურმა მოძრაობამ 21 მარტს თბილისში საპროტესტო აქცია დააანონსა, რათა მთავრობის გადადგომა მოითხოვოს.

იმავდროულად, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე სპიკერმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ კვირის ბოლოს ჩატარდება საკომიტეტო მოსმენა ეკონომიკური ბლოკის სამინისტროების მონაწილეობით.

„ეს არის უფრო სამუშაო რეჟიმი, ვიდრე ის ფორმატი, რასაც გვთავაზობს ნაციონალური მოძრაობა  – ე.წ. რიგგარეშე სხდომის ფორმატში“, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ ქართული ოცნებიდან, ვიდრე პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესახებ გახდებოდა ცნობილი.

ქართული ოცნების დეპუტატების შეფასებით, რიგგარეშე სხდომა ოპოზიციის „ახირებაა“ და ეს მათ „პოლიტიკური აჟიოტაჟის“ შესაქმნელად სჭირდებათ.

„პოლიტიკური ახირება არის სწორედ ის, რომ უმრავლესობის წევრები არ სცემენ პატივს არც პარლამენტს, არც რეგლამენტს, არც პროცედურებს და ყველაფერს ეძახიან პოლიტიკურ შოუს“, – განაცხადა დეპუტატმა „თავისუფალი დემოკრატებიდან“ ნინო გოგუაძემ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ.

მსგავსი/Related

Back to top button