skip to content
ახალი ამბები

ლარის გაუფასურების ფონზე მთავრობა პრივატიზაციის პროცესის გააქტიურებას გეგმავს

მთავრობამ განაცხადა, რომ 300–350 მილიონი აშშ დოლარის  მობილიზებას გეგმავს ორ–სამ თვეში სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესის გაძლიერების შედეგად, რაც, როგორც ხელისუფლება იმედოვნებს, სხვა ზომებთან ერთად, ეროვნული ვალუტის, ლარის სტაბილიზაციას დაეხმარება, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

კვირიკაშვილმა, რომელიც 25 თებერვალს ფინანსთა მინისტრთან ნოდარ ხადურთან ერთად ბიზნესმენებს შეხვდა, განაცხადა, რომ იმ სახელმწიფო აქტივებს შორის, რომლის გაყიდვასაც მთავრობა გეგმავს, არის ეკონომიკის სამინისტროს შენობა თბილისის ცენტრში, ასევე ის შენობა, სადაც ადრე ეროვნული ბანკი იყო განთავსებული თბილისის ცენტრში, ბობოყვათის სამთავრობო რეზიდენცია, წყნეთის სამთავრობო აგარაკების ტერიტორია და საქართველოს ლატარიის კომპანია, რომლის 70%-იანი წილის გაყიდვა იგეგმება.  

კვირიკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მთავრობა თბოელექტროსადგურის გაყიდვასაც გეგმავს. მანამდე ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ საპარტნიორო ფონდი აპირებდა კუთვნილი აქციების გაყიდვას 230 მეგავატიან თბოელექტროსადგურში; თბოელექტროსადგურის 51%–ს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ფლობს, ხოლო 49% საპარტნიორო ფონდის საკუთრებაშია. ორივე მათგანი სახელმწიფო სტრუქტურაა.

„არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ჩამონათვალი ობიექტების, რომლებიც ფაქტიურად ლარის კურსს ძალიან მნიშვნელოვნად დაასტაბილურებს“, – განაცხადა კვირიკაშვილმა და დასძინა, რომ მთავრობა იმედოვნებს, რომ ლარის კურსი შესაძლოა გამყარდეს.

პარლამენტის მიერ დეკემბრის ბოლოს მიღებულ 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში  პრივატიზაციიდან დაგეგმილი შემოსავლები მხოლოდ 85 მილიონ ლარს შეადგენს (ბიუჯეტის მიღების დროს ეს, დაახლოებით, 46.1 მილიონ აშშ დოლარი იყო და ახლა დაახლოებით, 38.6 მილიონი აშშ დოლარია).

ბიზნესმენებსა და ორ მინისტრს შორის შეხვედრა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა. ასოციაციის დირექტორის მოადგილემ ირინა კვახაძემ განაცხადა, რომ შეხვედრა მიზნად ისახავდა ბიზნეს საზოგადოების წუხილების გაზიარებას მთავრობასთან და მინისტრებისგან იმის მოსმენას, თუ როგორ აპირებენ ისინი არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებთან განმკლავებას; მან ასევე განაცხადა, რომ მთავრობიდან პოზიტიური გზავნილები წამოვიდა და ახლა მნიშვნელოვანია, რომ ამას კონკრეტული ნაბიჯები მოყვეს. 

კომპანია „იუ–ჯი–თი“–ს პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ განუცხადა ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ, რომ არსებულმა ეკონომიკურმა მდგომარეობამ უნდა გამოაფხიზლოს მთავრობა.

„მე მჯერა, რომ ის რაც მოხდა, შეიძლება კარგიც არის, რათა მოხდეს გამოფხიზლება, ერთი მხრივ, და მიხვდნენ, რომ არა–ბიზნესზე ორიენტირებული კანონების შემოღების დრო დღეს ჩვენ ქვეყანაში არ არის“, – განაცხადა ჭირაქაძემ.

ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა 25 თებერვალს, რომ მოსალოდნელია 2%–იანი ეკონომიკური ზრდა, ნაცვლად თავდაპირველად პროგნოზირებული 5%–ისა.

ზრდის პროგნოზის შემცირებას 2015 წლის ბიუჯეტის გადახედვა მოყვება „ადმინისტრაციული ხარჯების“ შემცირების გზით, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და დასძინა დეტალებზე საუბრის გარეშე, რომ ხარჯების შემცირება არ შეეხება სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ სოციალურ პროგრამებს და ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

იმავდროულად, 25 თებერვალს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე კომერციული ბანკების ხელმძღვანელობას შეხვდა, რათა დოლარში აღებული სესხების რესტრუქტურიზაციაზე ემსჯელა იმ კლიენტებთან მიმართებაში, რომელთაც შემოსავალი ლარში აქვთ. 

ქადაგიძემ განაცხადა, რომ კომერციულ ბანკებს დაევალათ კვირის განმავლობაში წარმოადგინონ ის ზომები, რომლებიც გაზრდის სესხის ხანგრძლივობას, რათა ლარის გაუფასურებით გამოწვეული ტვირთი შეუმსუბუქდეთ მათ, ვისაც  სესხი დოლარში, შემოსავალი კი ლარში აქვთ.   

ნოემბრის შემდეგ, როდესაც ლარმა გაუფასურება დაიწყო, ქართულმა ვალუტამ თავისი ღირებულების 29% დაკარგა აშშ დოლართან მიმართებაში და 16.3% ევროსთან მიმართებაში.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის საკმარისი რეზერვები არსებობს და დასძინა, რომ „ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, ველოდებით, რომ ლარი დასტაბილურდება“.

მსგავსი/Related

Back to top button