ახალი ამბები

გვენეტაძე: ‘მოსამართლეებმა სტანდარტი უნდა შეცვალონ, მათ უნდა დაძლიონ წარსული პრობლემები’

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ნინო გვენეტაძემ განაცხადა, რომ ის, პარლამენტის მიერ დამტკიცების შემთხვევაში, სასამართლო სისტემაში „თანამშრმლობის“ სურვილით დაბრუნდება და არა „შურისძიების“ განზრახვით, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ „მოსამართლეებმა სტანდარტი უნდა შეცვალონ და დაძლიონ წარსული პრობლემები“.

პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატს 25 თებერვალს გამართულ ცალ-ცალკე მოსმენებზე მხარი დაუჭირეს იურდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტებმა მას შემდეგ, რაც გვენეტაძემ მათ თავისი სამოქმედო გეგმები გააცნო. მას იურიდიულ კომიტეტზე, სადაც წინა ორ მცდელობაზე კვორუმის უქონლობის გამო კანდიდატურის განხილვა ჩაიშალა,  რვა დამსწრე დეპუტატიდან ხუთმა დაუჭირა მხარი, ხოლო ადამიანის უფლებათა კომიტეტზე წარმოდგენილმა ათივე დეპუტატმა მისცა ხმა.

გვენეტაძე, რომელიც 1999 წლიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო და 2005 წლის დეკემბერში დისციპლინარული გადაცდომების მოტივით პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს წევრობა შეუწყვიტა მას შემდეგ, რაც მან მაშინდელი ხელისუფლება ზეწოლაში საჯაროდ დაადანაშაულა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე კოტე კუბლაშვილს შეცვლის, თუ მას პარლამენტი სულ ცოტა 76 ხმით დაამტკიცებს 10 წლის ვადით.

საკომიტეტო მოსმენებზე საუბრისას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა განაცხადა, რომ „გაბოროტებული განზრახულობებით“ არ ბრუნდება სასამართლო სისტემაში და მისი სურვილია მოსამართლეთა კორპუსთან „აქტიური კომუნიკაცია, თანამშრომლობა და მათი უფლებების დაცვისთვის ბრძოლა“.

„მოსამართლეებმა სტანდარტი უნდა შეცვალონ, მათ უნდა დაძლიონ ის წარსული პრობლემები და დღეს საზოგადოებას, სასამართლო გადაწყვეტილებების სახით, ძალიან მაღალი დონის პროდუქტი უნდა მიაწოდონ“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ამ თვალსაზრისით "ვიქნები საკმაოდ მომთხოვნი ეთიკური სტანდარტის ფარგლებში".

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ასევე განაცხადა, რომ იმ ფონზე, როცა „ქვეყანამ პოლიტიკური ნება წარსულში ჩადენილი უსამართლობების გადახედვის მექანიზმის შესაქმნელად გამოხატა“, სასამართლომ უნდა შეძლოს „თავისივე შეცდომების გამოსწორება იმ განაჩენთა გადასინჯვის გზით, რომელთაც ესოდენ დააზიანა ჩვენი მოქალაქეები“. თუმცა, მისი თქმით, მოდელი, თუ რა გზით წარიმართება ეს პროცესი, პარლამენტის მისაღებია.

მან ახსენა მართლმსაჯულების დამდგენი კომისიის შექმნის ინიციატივა, რომელიც მთავრობამ შეაჩერა და აღნიშნა, რომ განაჩენების გადახედვის კუთხით, სასამართლოს აქტიურ როლს ემხრობა.
 
„გადაწყვეტილება თქვენს ხელთაა“, – მიმართა მან დეპუტატებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, „მაგრამ სასამართლო კორპუსი მზად უნდა იყოს როგორც კვალიფიციური კადრებით, ისე პათოსით, ისე მაღალი ავტორიტეტით, რომ თავი გაართვას იმ ხარვეზების გამოსწორებას და ადამიანის უფლებებში აღდგენას, რაც ამ ცხრა წლის განმავლობაში ჩვენ საზოგადოებას დაუგროვდა. ამ შემთხვევაში, სასამართლოსაც უნდა ჰქონდეს ინტერესი, რადგან ნდობა სასამართლოსადმი ვერ იქნება პოზიტიური, თუ ეს ნაბიჯები არ გადაიდგა და თვითონ სასამართლომ არ შესრულა აქტიური როლი“.

გვენეტაძემ ასევე განაცხადა, რომ ის სასამართლო კორპუსში „დაძაბული ფონის შექმნას“ არ აპირებს, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ იმ მოსამართლეთა გადაწყვეტილებები, რომლებიც  „ფართო საზოგადოების მიერ ეჭვქვეშ არის დაყენებული“, მუდმივად იქნება „თემა და პრობლემა“. მისი თქმით, ამ კუთხით მოსამართლეთა მიმართ დისციპლინარული სამართალწარმოების გამოყენება იქნება შესაძლებელი და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, როცა დადგინდება „განზრახ უკანონო გადაწყვეტილების“ არსებობა, შესაძლოა სისხლის სამართლის დევნის მექანიზმიც იქნას გამოყენებული.

„აქ ჩვენი წვლილი მხოლოდ კანონისმიერი მექანიზმების განხორციელების ფორმატშია, რომლის იქითაც ჩვენ ნაბიჯსაც ვერ გადავდგამთ“, – დასძინა მან.

თავის შესავალ სიტყვაში გვენეტაძემ ის პრიორიტეტული მიმართულებები ჩამოთვალა, რომელთაც თანამდებობაზე დამტკიცების შემთხვევაში განახორციელებს, მათ შორის უზენაესი სასამართლოს საკასაციო მართლმსაჯულების გააქტიურების კუთხით, რათა შემცირდეს საერთაშორისო სასამართლოში მიმართვიანობა; მისი თქმით, დამკვიდრდება განაჩენის დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტი; ყველა დონის სასამართლოში პალატების და კოლეგიების თავმჯდომარეები საქმეების განხილვის პროცესში ჩაერთვებიან; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა დისციპლინარული დევნის „გაჩერებული“ პროცესი გააქტიურდება; სასამართლო სტატისტიკური ანალიზსა და ანგარიშებს მოამზადებს; ასევე გაძლიერდება სასამართლო კონფერენციის როლი.

მან მზადყოფნა გამოთქვა, დამტკიცების შემთხვევაში, ითანამშრომლოს იუსტიციის სამინისტროსთან და პარლამენტთან სასამართლოს რეფორმირების პროცესში და აღნიშნა, რომ ეს რეფორმა სრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების მოთხოვნებთან კანონის უზენაესობისა და სამართლიანი სასამართლოს უზრუნველსაყოფად.

შესავალი სიტყვის შემდეგ კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელებული განხილვის დროს გვენეტაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ასევე განაცხადა, რომ ემხრობა მოსამართლის უვადოდ დანიშვნის წინ, მისთვის 3-წლიან გამოსაცდელი ვადის შემოღებულ წესს, რასაც უზენაესი სასამართლოს აწ უკვე ყოფილი თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი ეწინააღმდეგებოდა. თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ თუ ამ საპრობაციო ვადის წესების განხორციელებისას ხარვეზები გამოვლინდება, ეს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებით უნდა აღმოიფხვრას.

მან ასევე აღნიშნა, რომ სასამართლო არა მხოლოდ გახმაურებულ საქმეებზე, არამედ თითქმის ყველა პროცესთან დაკავშირებით უნდა იყოს ღია მედიისთვის, რათა სასამართლოს მიერ საზოგადოებას „მარტივ ენაზე“ განემარტოს გამოტანილი განაჩენების შინაარსი. 

ოპონენტების იმ პრეტენზიის საპასუხოდ, რომელიც 2008-2012 წლებში რესპუბლიკურ პარტიაში მის ყოფნას უკავშირდება, გვენეტაძემ განმარტა, რომ მაშინდელ ოპოზიციურ პარტიაში გაწევრიანება მისი „ბრძოლის ერთ-ერთი ფორმა“ იყო და კოალიციურ რეჟიმში ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, რესპუბლიკური პარტია დატოვა, რათა „სამართლებრივი ფორმებით" გაეგრძელებინა ბრძოლა „უფლებებში აღსადგენად“. მან განაცხადა, რომ პოლიტიკურად მიუკერძოებელია.

პარტიული წარსული ერთ-ერთი ის მიზეზია, რის გამოც ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობა აცხადებს, რომ მხარს არ დაუჭერს გვენეტაძის კანდიდატურას. უმცირესობის დეპუტატები, რომლებსაც დღევანდელ საკომიტეტო მოსმენებში თბილისში პარლამენტის ნაწილობრივ მუშაობის ბოიკოტირების გამო მონაწილეობა არ მიუღიათ, ასევე აცხადებენ, რომ გვენეტაძის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის პერიოდში სასამართლო სისტემა კორუფციაში იყო ჩაფლული.

 

მსგავსი/Related

Back to top button